რა დროს არის საშიში ზოოპარკიდან ბუნებაში გაშვებული ცხოველი – ზურაბ გურიელიძე ოთხფეხა ბინადრებზე
ცხოველთა დამცველი ორგანიზაციები ხშირად ზოოპარკების მოწინააღმდეგეებად გვევლინებიან, რადგან თვლიან, რომ ვოლიერებსა თუ გალიებში გამოკეტილ ცხოველთა უფლებები ირღვევა. ამ მოსაზრებას არ ეთანხმება თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე და ამბობს, რომ კონსერვაციის ცენტრის ეგიდით მოქმედი ზოოპარკები ერთადერთი გზაა ბუნებაში გადაშენების პირას მყოფი ცხოველთა სახეობების აღსადგენად და გადასარჩენად.
ზურაბ გურიელიძეს ცხოველებთან ურთიერთობა ბავშვობიდან უყვარდა – სოფელში ყოფნისას ცხენებს, ძაღლებს ეფერებოდა და უვლიდა. შემდეგ კი, როდესაც სკოლაში ზოოლოგიის შესწავლა დაიწყო, აღმოაჩინა, რომ ეს ის სფერო იყო, რაც ძალიან აინტერესებდა და გადაწყვიტა, თავის პროფესიად ექცია.
ზოოპარკის დირექტორი ამბობს, რომ ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ცხოველებთან ურთიერთობა, რადგან პატარები ამით უდიდეს ემოციას იღებენ. ჩაკეტილ სივრცეში ცხოველების ყოფნას კი თავისი მისია აქვს და, შესაბამისად, ზოოპარკების არსებობა აუცილებელია.
„სადაც ვოლიერებია, იქ გათვალისწინებულია ცხოველის საცხოვრებლად ყველანაირი პირობა. აბსოლუტურად თავისუფალი სივრცე მათთვის ბუნებაშიც არ არსებობს, იქაც უამრავი შეზღუდვა და ხიფათია. გარდა ამისა, როდესაც ცხოველი ტყვეობაშია, მას უნდა ჰქონდეს გარკვეული ფუნქცია, მისია, თუ რისთვის იმყოფება ის ტყვეობაში. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ამბავში ის არის, რომ ეს უნდა იყოს ცხოველთა სახეობის სასარგებლოდ ანუ ცხოველთა ამა თუ იმ სახეობის კონსერვაციისა და გადარჩენისათვის. მაგალითად, დათვებისა და მგლებისთვის, რომლებიც ჩვენთან იმყოფებიან, ეს გადარჩენის ერთადერთი გზა იყო. ისინი ჩვენთან კონფისკაციის შედეგად ხვდებიან. ვიღაცას ჰყავდა დათვი, რომლის დედაც მოკლეს ბრაკონიერებმა, მას ჩამოართვეს და მოიყვანეს ჩვენთან“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს ზურაბ გურიელიძემ.
გურიელიძე ამბობს, რომ როდესაც ცხოველი გადაშენების პირასაა, უნდა მოხდეს მისი გამრავლება და შემდეგ – ბუნებაში დაბრუნება. ამ პროცესზე მუშაობა მიმდინარეობს, მარგამ ეს ძალიან ხანგრძლივი პროცესია, რადგან ადამიანებს შეჩვეული ცხოველის ბუნებაში გაშვება დიდი საფრთხის შემცველია.
„ცხოველის მიჩვევაც რთული პროცესია და გადაჩვევაც. თუ ზოოპარკიდან ბუნებაში გაშვებულმა მტაცებელმა ნადირობა ვერ ისწავლა, ის შეიძლება საფრთხედ იქცეს ადამიანისთვის, რადგან ბუნებაში გასული ისევ მათ მიადგება და ალბათ ზიანსაც მიაყენებს. გადაშენების პირას მყოფმა ცხოველებმა უნდა მიაღწიონ გარკვეულ რიცხოვნობას, თორემ ერთი ინდივიდის ბუნებაში გაშვება არაფერია. ეს მეცნიერებაა, რომელსაც ჰქვია კონსერვაციული ბიოლოგია და თავისი პრინციპები აქვს. როდესაც სახეობის გადარჩენაზეა ლაპარაკი, ეს მხოლოდ ერთი ზოოპარკის საქმე არ არის, ის მთლიანად კონსერვაციული საზოგადოების საქმეა. უნდა გავითავისოთ, რომ არსებობენ ცხოველები და მათაც ისევე აქვთ თანაცხოვრების უფლება, როგორიც ჩვენ. სხვა შემთხვევაში, გადაშენების პირამდე მივლენ“, – მოგვიყვა ზოოპარკის დირექტორმა.
ზურაბ გურიელიძე ბავშვებს ურჩევს, ზოოპარკების ბინადრები ხშირად მოინახულონ, რადგან ეს მნიშვნელოვანია მათი ცნობიერების ჩამოსაყალიბებლად და ცხოველების უკეთ გასაცნობად. ბავშვები ზოოპარკში უფრო ახლო კონტაქტში შედიან ბუნებასთან, რაც მათში აღვივებს ცოცხალი სამყაროსადმი სიყვარულსა და პატივისცემას და ისინი უკეთ ხვდებიან მისი დაცვის აუცილებლობას.
ზოოპარკის დირექტორის თქმით, ცხოველთა უმეტესობა გადაშენების პირას იმყოფება ბუნებაში და ბევრი მათგანი სწორედ ზოოპარკებმა გადაარჩინეს.
„დედამიწაზე არსებული ცხოველთა სახეობების 35% ზოოპარკების მიერ არის გადარჩენილი – ეს ოფიციალური სტატისტიკაა და სწორედ ადამიანების მიერ წარსულში ჩადენილმა ქმედებებმა განაპირობა ეკოსისტემის ამდაგვარად შეცვალა. კარგად მესმის იმ ადამიანების, ვისაც ძალიან აწუხებთ ვოლიერში ჩაკეტილი ცხოველების ბედი, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ უდიდეს სამსახურს უწევს ზოოპარკი ველურ გარემოს“,- ამბობს ზურაბ გურიელიძე.