რა საჩუქრებს მიიღებენ ეროვნულ ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეები და როგორია განწყობა სასკოლო საზოგადოებაში
2022-2023 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური ელექტრონულად ჩატარდა, 9 დეკემბერს დაიწყო და 13 დეკემბერს დასრულდა.
მომდევნო ტურში გადასული მოსწავლეების შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სკოლებს 10 კალენდარულ დღეში მიაწოდებს და ეს მონაცემები სკოლებს ექნებათ. რაც შეეხება მომდევნო ტურებს, როგორც EDU.ARIS.GE-ს 14 დეკემბერს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, დარჩენილი ტურები ისევ სკოლებში ჩატარდება, დასწრებულ ფორმატში. ცენტრის მხრიდან კი შესაძლოა, გამსვლელი ქულა გამოქვეყნდეს.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილეობის უფლება წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, სრულიად უფასოდ ჰქონდათ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საბაზო ან/და საშუალო საფეხურის ნებისმიერ მოსწავლეს, (მე-7-დან მე-12 კლასის ჩათვლით) მათ რიგებში წელს უკვე იყვნენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეები და მსჯავდებულებიც.
პირველ ტურში მოსწავლემ ტესტის 60 %-იანი ზღვარი წარმატებით უნდა დაძლიოს. როგორც გავიგეთ, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს ის მონაწილე, რომელიც ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ს ან მეტს დააგროვებს, მოხვდება შესაბამისი საგნის რეიტინგული სიის პირველ 1000 მოსწავლეს შორის, ხოლო უკვე მესამე ტურში გადასასვლელად მოსწავლემ 50%-იანი ზღვარი უნდა დაძლიოს და საუკეთესო შედეგების მქონე 50 მონაწილეს შორის მოხვდეს. გამარჯვებისათვის დასკვნით ტურში ტესტის მაქსიმალური ქულის მინიმუმ 60%-ის მიღება და ათეულში მოხვედრაა საჭირო.
საგამოცდო ზღვარი, პირველი ტურის თითოეულ საგამოცდო საგანში განსხვავებულია და EDU.ARIS.GE–ს მკითხველს შეუძლია გაეცნოს:
ქართული ენა და ლიტერატურა – 40 ქულა
ქართული ენა არაქართულენოვანი მოსწავლეებისთვის -40 ქულა;
უცხოური ენა – 40 ქულა;
მათემატიკა – 20 ქულა;
გეოგრაფია – 40 ქულა;
ისტორია – 40 ქულა;
ბიოლოგია – 25 ქულა;
ქიმია – 25 ქულა;
ფიზიკა – 25 ქულა;
პროცედურულ საკითხებთან ერთად ოლიმპიადის მონაწილეებს მათ მშობლებსა და არა მხოლოდ განსაკუთრებით აინტერესებთ, რა საჩუქრებს მიიღებენ 2022-2023 სასწავლო წლის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები.
ამ კითხვით EDU.ARIS.GE განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, 9 დეკემბერს მიმართა. უწყების წარმომადგენელმა გვითხრა, რომ ჯილდოს ჩამონათვალში ცვლილებები არ არის და გამარჯვებულებს იგივე საჩუქრები გადაეცემათ, რაც გასულ წელს გადაეცათ, იქვე დაგვიკონკრეტეს რა საჩუქრებზეა საუბარი.
„გასულ წელს რა ჯილდოებიც გადაეცათ ოლიმპიადის გამარჯვებულებს წელსაც იგივეა გათვალისწინებული, ამ კუთხით სიახლეები არ გვაქვს. პირველ ადგილზე გასულს გადაეცემა 1000 ლარი; მეორე ადგილზე გასულს 700 ლარი; მესამე ადგილზე გასულს 500 ლარი, ათეულში ვინც მოხვდება მიიღებს 200 ლარიან ტექნიკის ვაუჩერს.“
EDU.ARIS.GE მოსწავლის მშობელს თბილისიდან, მაია ზაალიშვილს ესაუბრა, რომლის შვილებიც დაწყებითი კლასებში სწავლობენ. მაიას დიდი სურვილი აქვს, მისმა ბავშვებმაც მიიღონ მონაწილეობა ეროვნულ ოლიმპიადაზე, თუმცა ამის უფლება მოსწავლეებს მხოლოდ მე-7 კლასიდან ეძლევათ.
ჩვენი რესპონდენტი ამბობს, რომ როცა ბავშვს აქვს შესაძლებლობა, შეამოწმოს საკუთარი ცოდნა და მიიღოს საჩუქარიც, თუნდაც მინიმალური, არ შეიძლება, ამას არ მიესალმო, თუმცა მშობელმა შესაძლო გამოწვევებზეც უნდა იფიქროს:
„მივესალმები სახელმწიფო ოლიმპიადას, რადგან ბავშვს შეუძლია შეეამოწმოს საკუთარი ცოდნა, უფრო მეტი იმუშაოს, რომ უკეთესი ცოდნა აჩვენოს და რაც მთავარია, მიიღოს საჩუქარი ამისთვის. ბავშვვს თუ თუ ოლიმპიადაზე დავარეგისტრირებთ არის ის, რომ მას აუცილებლად მიეცემა მოტივაცია ცხოვრებაში, შეძლებს გონებრივ განვითარებას, გაიუმჯობესებს უნარ-ჩვევებს, ისწავლის თვითდამკიდრებას, დაეხმარება შეიძინოს გამოცდილება ერთიანი ეროვნულ გამოცდებისთვის… თუმცა, ამას უარყოფითი მხარეც აქვს. მშობელმა კარგად უნდა იცოდეს, როგორი ფსიქო-ტიპის შვილს ზრდის. თუ ბავშვი დაბალ შეფასებას მიიღებს ან დამარცხდება, ეს შეიძლება, მძიმედ გადაიტანოს, თუ ფიქრობს რომ ასე იქნება, მაშინ უნდა გაუფრთხილდეს მის ფსიქიკას და ჯანმრთელობას“.
მაიას ვკითხეთ, იცის თუ არა რა ჯილდოები გადაეცემათ გამარჯვებულებს და რამდენად ახდენს ეს ფაქტორი გავლენას მის პოზიციაზე, ბავშვებმა ოლიმპიადაზე მონაწილეობა მიიღონ:„სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცი, ჯილდოდ რას აძლევენ გამარჯვებულებს. ზოგადად, ის, რომ შენი შვილი იმარჯვებს ამდენ მოსწავლეში, ნამდვილად დიდი ბედნიერებაა და ამიტომ, რა პრიზიც არ უნდა იყოს, მივესალმები. მოსაწონია, რომ ბავშვებს სრულიად უფასოდ ეძლევათ შესაძლებლობა, თავადაც შეამოწმონ ცოდნა, უფრო მეტი ისწავლონ და ახლობლებიც გაახარონ“.
ჩვენი მეორე რესპონდენტი პედაგოგი ირმა გრიგალაშვილია, რომლის მოსწავლეებიც ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში ყოველ წელს აქტიურად მონაწილეობენ.
ირმა ამბობს, რომ როდესაც იგებს ოლიმპიადის რეგისტრაციის შესახებ, ყოველთვის აწვდის ინფორმაციას, როგორც ბავშვებს, ასევე მათ მშობლებს და მიიღებენ თუ არა მონაწილეობას ეს მათი არჩევანია. პედაგოგი გვეუბნება, რომ როგორც წესი, მოსწავლეთა ინტერესი მაღალია, განსაკუთრებით იმ ბავშვებში, რომლებიც მაღალი აკადემიური მიღწევებით გამოირჩევიან და სურთ სხვებსაც აჩვენონ საკუთარი შესაძლებლობები და ცოდნის დონეც.
„ზოგადად, ვფიქრობ, რომ სასწავლო ოლიმპიადები მოსწავლეს საშუალებას აძლევს შეამოწმოს საკუთარი ცოდნა და განვითარების დონე საგანში, აჩვევს საგამოცდო გარემოში სპეციფიკური ფორმატით მუშაობას, უვითარებს ინტერესს და კიდევ უფრო მეტის ცოდნის მოტივაციას ჰმატებს. ბავშვებიც, ოლიმპიადას აღიქვამენ როგორც საკუთარი თავის გამოცდას და შეცდომებზე სწავლის საშუალებას“, – გვიხსნის პედაგოგი.
ირმა გრიგალაშვილის თქმით, თუ პრიზები უფრო მრავალფეროვანი და მოსწავლეებისთვის გათვლილი იქნება, ბავშვებს მოტივაციაც მეტი ექნებათ და კონკურენციაც გაიზრდება.
„ალბათ, ასეთი შეზღუდული რაოდენობით გაცემა საჩუქრებისა, ვერ იქნება მოტივაციის საფუძველი. ჯობს, უფრო მეტი მოსწავლე ჩაითვალოს გამარჯვებულად და პრიზებიც შესაბამისად იყოს მოსწავლეებზე გათვლილი, თუნდაც მოგრძალებული. აქვე გავიხსენებ, როცა მე ვიყავი მოსწავლე, გამარჯვებულებს ბანაკშიც უშვებდნენ და ეს ცალკე სტიმული იყო კლასელებისა თუ მეგობრებისთვის, რომ ერთად დაესვენათ ბანაკში. ამის გამო მეტი მოტივაციაც ჰქონდათ. ვისურვებდი, დასვენების შეთავაზების კუთხით გამარჯვებულებისთვის იყოს საექსკურსიო ტურები, გასართობი ცენტრების ვაუჩერები… უამრავი მოკრძალებული პრიზი შეიძლება მოიფიქრონ, რომ მაქსიმალურად მეტი ბავშვი იყოს გამარჯვებულთა სიაში”, – გვითხრა მასწავლებელმა.
ანა, თბილისელი მოსწავლეა, რომელიც ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადაზე უკვე გავიდა. ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მისი მოტივი იყო გაეგო, როგორ დაძლევდა ტესტს იმ საგანში, რომლის სწავლაც ყველაზე კარგად გამოსდის. ანამ გვითხრა, რომ ის დამამთავრებელ კლასში გადადის და ეს კარგი გამოცდილებაც იყო.
„რადგან ქართულ ენასა და ლიტერატურას ყველაზე უკეთ ვსწავლობ და არის ეროვნულების ერთ-ერთი საგამოცდო საგანი გადავწყვიტე ის ამერჩია. ვფიქრობ, თუ პირველ ტურს გადავლახავ, მეორე ტურისთვის უკეთ მოვემზადები და კიდევ უფრო მეტად გავიუმჯობესებ ცოდნას. ასევე, ვურჩევ სხვა მოსწავლეებსაც, რომ გავიდნენ და გამოცდილება მიიღონ, განსაკუთრებით ვურჩევ მათ, ვინც ჩემს მსგავსად გადადის მეთორმეტე კლასში”, – ამბობს მომავალი აბიტურიენტი.
რაც შეეხება პრიზებს, ანას თქმით, ისურვებდა, რომ კიდევ უფრო მეტად გაზრდილიყო ჩამონათვალი, რაც მოსწავლეთა მოტივაციას და სწავლის ხარისხსაც გაზრდიდა:
„არ მქონდა სრული ინფორმაცია პრიზების შესახებ და ჩემი მიზანი უფრო მეტად იყო ცოდნის გადამოწმება, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, პრიზებიც მნიშვნელოვანია და ვისურვებდი, უფრო საინტერესო შემოგვთავაზონ, მაგალითად, სასწავლო ვიზიტი, თუნდაც 2-კვირიანი სწავლება ბრიტანეთში, გერმანიაში ან სხვა ევროპულ ქვეყანაში, რომ ჩვენი მოტივაციაც უფრო გაიზარდოს და სწავლის ხარისხიც“.