„რა? სად? როდის?“ გიმნაზია „შავნაბადაში“ – თამაში, რომელიც ბავშებს ლოგიკურ და კრიტიკულ აზროვნებას ასწავლის
გიმნაზია „შავნაბადაში“ ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ ჩატარდა. ვიქტორინაში სასწავლებლის რვა კლასმა მიიღო მონაწილეობა, გამარჯვება კი Ⅺ 1 კლასის მოსწავლეებმა მოიპოვეს.
„შავნაბადამ“ ჩატარებული ინტელექტუალური თამაშის შესახებ ინფორმაცია 22 მარტს გამოაქვეყნა. ვიქტორინა, რომელიც სკოლაში ტრადიციად იქცა, გია გუგეშაშვილის სახელს ატარებს და მას სასწავლებლის საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრის გამგე, მაკო ჩიტია ხელმძღვანელობს.
„გია გუგეშაშვილი მრავალი წელი მუშაობდა ჩვენს გიმნაზიაში გეოგრაფიის მასწავლებლად. ბოლო ორ წელიწადნახევარი კი საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრის გამგე იყო. ის გახლდათ პიროვნება, რომელიც ყველა ბავშვს უყვარდა, ყველას მეგობარი იყო. სამწუხაროდ, ერთ წელზე მეტია, კოვიდს ემსხვერპლა. ამ კათედრაზე ტრადიცია იყო ყოველ წელს ვიქტორინის ჩატარება. როდესაც მე გავხდი ამ კათედრის ხელმძღვანელი, მივიღე გადაწყვეტილება, რომ ეს ვიქტორინა გიას სახელობის ყოფილიყო. უკვე მეორედ ჩავატარეთ მის სახელზე ვიქტორინა, თუმცა წელს მივიღეთ გადაწყვეტილება, ეს ღონისძიება „რა? სად? როდის?“ ფორმატის ვიქტორინად გვექცია. როგორც წესი, ვიქტორინას 23 თებერვალს, გია გუგეშაშვილის დაბადების დღეზე ვატარებთ, თუმცა რადგან პანდემიის გამო ბავშვების ნაწილი სკოლაში არ დადიოდა, გადადებამ მოგვიწია და 17 მარტს ჩავატარეთ“, – მოუყვა EDU.ARIS.GE-ს მაკო ჩიტია.
ვიქტორინისთვის საზოგადოებრივ მეცნიერებებში გაერთიანებული დისციპლინების შესაბამისი კითხვები მომზადდა – ისტორია, გეოგრაფია, მოქალაქეობა და რელიგია. მონაწილეობა კი IX, X და XI კლასის მოსწავლეებმა მიიღეს.
„ბავშვებისთვის, პირველ რიგში, ეს ძალიან დიდი მოტივაციაა. თან, თუ გავითვალისწინებთ, რომ გარდამავალ თასთან და სერტიფიკატებთან ერთად, სკოლა ფასიანი საჩუქრებითაც აჯილდოვებს გამარჯვებულებს. ამის გარდა, ასეთი ვიქტორინები კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების განვითარებასაც უწყობს ხელს. დიდი მოტივაციაა მოსწავლეებისთვის, რომ უფრო მეტი წაიკითხონ, უფრო მეტი იმუშაონ, მხოლოდ ცოდნის დაგროვებაზე არ იფიქრონ და კრიტიკულ აზროვნებას მიაქციონ დიდი ყურადღება, რაც პრიორიტეტია ჩვენი სკოლისთვის და ეს შეჯიბრიც ამას ემსახურება. სასკოლო მასალის გამოყენებით მზადდება კითხვები, თუმცა ისეა დასმული, რომ ბავშვს საკითხის კარგად გააზრება, ლოგიკური აზროვნება და ამა თუ იმ თემისადმი კრიტიკულად შეხედვა სჭირდება“, – გვითხრა მაკო ჩიტიამ.
გიმნაზია „შავნაბადა“ იმედოვნებს, რომ სხვა სკოლებიც დაინტერესდებიან მსგავსი ტიპის ინტელექტუალური თამაშებით და მომავალში მათთან შეჯიბრიც მოუწევთ.