რას გააკეთებს მაკულატურის შეგროვებაში გამარჯვებული სკოლა – შეჯიბრში მონაწილეობის პირობები
თუ სკოლაში 500 მოსწავლეა, სკოლამ უნდა ჩააბაროს მინიმუმ 500 კგ მაკულატურა და თუ ამ ნორმას გადააჭარბებს, მიეცემა შანსი, მოხვდეს გამარჯვებულ 5 სკოლას შორის – ასეთია პირობა შეჯიბრისა, რომელიც სკოლებს შოროს მიმდინარეობს და „მაკულიტერატურა“ ჰქვია.
სკოლებს შორის შეჯიბრი 2 მაისს დაიწყო და 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. შედეგები სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით დაჯამდება. გამარჯვებული სკოლების მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ნერგები დარგონ.
პროექტის მენეჯერი, დეა ნარიმანიძე, შეჯიბრის დეტალებს EDU.ARIS.GE-ს ასე უხსნის: „შედეგები დაითვლება პროპორციულად, შესაბამისად, ყველა სკოლას ექნება გამარჯვების საშუალება და არ იქნება დამოკიდებული სიდიდესა და მოსწავლეთა რაოდენობაზე. 10 ივნისამდე ჩამოივლის სკოლებში ავტომანქანა და ჩაიბარებს მაკულატურას, ის აიწონება და კილოგრამები გადაიცვლება ნერგ ქულებზე. ნერგი ქულებით შესაძლებელია ახალი წიგნების მიღება. 1 მოსწავლე = 1 ნერგს, 1 ნერგი კი არის 1 კგ მაკულატურა. რომელი სკოლაც უფრო მეტ მაკულატურას მოგვიტანს, დავარგვევინებთ ხეს და გადავცემთ წიგნებს“.
პროექტს „პალიტრა მედია” ახორციელებს და 11 მაისის მონაცემებით, მასში 43 სკოლაა ჩართული, 31 მაისამდე ეს რიცხვი კიდევ უნდა გაიზარდოს. როგორც დეა გვიყვება, ყველა სკოლა ცდილობს, გარემოს დაცვაში თავისი წვლილი შეიტანოს.
„წიგნის წარმოებისთვის უამრავი ხე იჭრება, ყოველი მოჭრილი ხე კი ბუნებისთვის დიდი დანაკარგია. ქაღალდის წარმოება მეორეული ქაღალდითაც არის შესაძლებელი. ამ პროექტის მიზანია, შევინარჩუნოთ გარემო და წიგნის მოყვარულებს მიეცეთ საშუალება გაცვალონ უსარგებლო მაკულატურა მათთვის სასურველ და საინტერესო წიგნებში“, – ამბობს პროექტის მენეჯერი.
კონკურსში მონაწილეობა სკოლებს ახლაც შეუძლიათ – პროცედურა
1 ტონა მაკულატურას დაახლოებით 17 ხის გადარჩენა შეუძლია. თუ სკოლები 15-20 ტონა მაკულატურას მოაგროვებენ, პროექტის ფარგლებში, დაახლოებით 150 ან 170 ხე დაირგვება.
ვინაიდან მოსწავლემ შეიძლება ვერ განსაზღვროს წიგნისა თუ ხელნაწერის ღირებულება და მოხდეს რომელიმე ძვირფასი ნიმუშის განადგურება, პროექტის მიმდინარეობას თვალს ადევნებენ ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომაგდგენლები, რომლებიც, ბავშვების მიერ ჩაბარებულ მაკულატურაში, ხანდახან მართლაც რომ ძვირფას წიგნებსა და ხელნაწერებს პოულობენ.
მაგალითად, როგორც EDU.ARIS.GE-სთვის გახდა ცნობილი, ახლახან, მაკულატურად ჩააბარეს რეზო გაბრიაძის „შერეკილების“ სცენარის ხელნაწერი. ჩამბარებელი კი ვერ მიხვდა, რასთან ჰქონდა საქმე. ასეთი ღირებული წიგნები და ხელნაწერები, აღმოჩენის შემდეგ, ეროვნულ ბიბლიოთეკაში იდებენ ბინას.
ასევე იხილეთ:
თბილსის სკოლები ერთმანეთს სროლაში შეეჯიბრნენ – გამარჯვებული სკოლები და მოსწავლეები
სკოლამ, რომლის სპორტის მასწავლებელიც ფრენბურთელია, თბილისის თასი მოიგო