რას გულისხმობს ინოვაციური პროექტი „პროგრესული სკოლა“
ონლაინ სივრცის ერთ-ერთ მთავარ უპირატესობად, უმეტესად, სასარგებლო მასალის ხელმისაწვდომობას ასახელებენ, რამაც, მათ შორის, თვითგანვითარების სტანდარტის ნიშნული აამაღლა.
მარტივად მისაღები განათლება კი პრიორიტეტია, რომლითაც ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა ,,პროგრესი“ არამხოლოდ პრინციპულად ხელმძღვანელობს, არამედ აღნიშნული მიდგომა უკვე ახალ პროექტში თითოეულ მსურველამდე მიაქვს.
ამ ინოვაციური პროექტის შესახებ სკოლა „პროგრესის“ არაფორმალური განათლების მენეჯერი – მაკა კაჭკაჭიშვილი გვესაუბრება.
– მოკლედ გვიამბეთ „პროგრესული სკოლის“ შესახებ, საიდან გაჩნდა იდეა და რატომ გადაწყვიტეთ მსგავსი პროექტის შექმნა?
– პანდემიის გამო შექმნილ ვითარებაში, როგორც ცნობილია, ზოგიერთი სკოლა უფრო მარტივად გადავიდა ონლაინ სწავლებაზე, რის გამოც, მოსწავლეები, შესაძლოა არათანაბარ პირობებში აღმოჩენილიყვნენ. ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“ იზიარებს თავის წილ სოციალურ პასუხისმგებლობას და ახორციელებს სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობას. მათ შორის, ერთ-ერთია პროექტი „პროგრესული სკოლა“. მისი განხორციელება გადავწყვიტეთ, რათა ნებისმიერ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდისათვის გაგვეზარდა ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა. „პროგრესის“ სასწავლო პროგრამები და სკოლის სერვისები აქამდე, უმეტესწილად, სივრცით იყო შემოსაზღვრული. პანდემიის დროს საზოგადოების ცნობიერება ონლაინ სწავლების შესახებ ამაღლდა და შესაძლებლობა მოგვეცა ფართო აუდიტორიისთვის შეგვეთავაზებინა თანამედროვე სასწავლო კურსები.
– რა არის „პროგრესული სკოლა“ და ვისთვის არის ის განკუთვნილი?
– „პროგრესული სკოლა“ 5-კვირიანი ონლაინ სასწავლო პროექტია, რომელიც განკუთვნილია I-XII კლასის, არაპროგრესელი მოსწავლეებისათვის. იგი შედგება 30-მდე სასწავლო კურსისაგან, რომლებსაც ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესის“ სამივე ფილიალის (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი) მასწავლებლები და ადმინისტრაციის თანამშრომლები უძღვებიან.
– მოგვიყევით სასწავლო პროცესის შესახებ, რისი სწავლაა შესაძლებელი სკოლაში?
– კურიკულუმი შედგება სკოლა „პროგრესის“ სამივე ფილიალის (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი) მასწავლებლების მიერ სპეციალურად პროექტისათვის შექმნილი კურსებისგან. ზოგიერთი მათგანი სკოლის სასწავლო გეგმითაც გათვალისწინებულია, ზოგიერთი კი სპეციალურად „პროგრესული სკოლისთვის“ შეიქმნა.
შეხვედრების ხანგრძლივობა დამოკიდებულია მოსწავლეთა ასაკობრივ კატეგორიასა და კურსის სპეციფიკაზე. იგი 30-დან 60 წუთამდე მერყეობს. თითოეული ჯგუფი დაკომპლექტებულია, მაქსიმუმ, 10 მოსწავლით.
პროგრამა შედგენილია თანამედროვე სწავლების მეთოდების გამოყენებით, გათვალისწინებულია 21-ე საუკუნის ახალგაზრდების ინტერესები და საჭიროებები. აქტივობები სახალისო და კეთებით სწავლებაზე ორიენტირებულია.
შეხვედრიდან შეხვედრამდე მოსწავლეები მუშაობენ ინდივიდუალურ თუ გუნდურ პროექტებზე. რაც სხვა უნარების განვითარებასთან ერთად, სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის სოციალური ურთიერთობების გაღრმავებასაც უწყობს ხელს.
– ბუნებრივია, ონლაინ სწავლება ტექნიკურ გამოწვევებთანაა დაკავშირებული, როგორ გაუმკლავდნენ ამას მასწავლებლები, მოსწავლეები და რა ფორმატით მიდის პროცესი?
– ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“ დისტანციურ სწავლებას ახორციელებს 16 მარტიდან, პლატფორმა “Zoom”-ის გამოყენებით. გადავწყვიტეთ, რომ ეს გამოცდილება გამოგვეყენებინა და „პროგრესული სკოლის“ შეხვედრებიც ამავე პლატფორმაზე დავგეგმეთ. მასწავლებლებისა და მოსწავლეების დიდი ნაწილისთვის იგი ნაცნობი იყო. პროექტისათვის შერჩეულ მონაწილეებს გავუგზავნეთ Zoom-ის გამოყენების დეტალური ინსტრუქცია. საჭიროების შემთხვევაში კი ინდივიდუალურ კონსულტაციებსაც ვუწევდით თითოეულ მათგანს.
– ონლაინსწავლების პროცესზე ფეხის აწყობას ბევრი საგანმანათლებლო ორგანიზაცია ცდილობს, ზოგს მეტად გამოსდის, ზოგს – ნაკლებად. რა არის თქვენი უპირატესობა და რით გამოირჩევა „პროგრესული სკოლა“ ონლაინსწავლების სტანდარტული ფორმატისგან?
– როგორც აღვნიშნეთ, ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“ დისტანციური სწავლების ფორმატზე გადავიდა 16 მარტიდან. შესაბამისად, მასწავლებლები კარგად იყენებენ ონლაინ პლატფორმებსა და ინსტრუმენტებს. ისინი, სკოლის დახმარებით და დამოუკიდებლად, სისტემატურად იმაღლებენ კვალიფიკაციას. ამჯერად, ონლაინ სწავლების მეთოდოლოგიასა და სტრატეგიების გამრავალფეროვნებაზე გადავიტანეთ მთელი ყურადღება. შედეგად კი მრავალფეროვანი ონლაინ გაკვეთილები და სასიამოვნო ონლაინ სასწავლო გარემო მივიღეთ. ამ გამოცდილებაზე დავაფუძნეთ „პროგრესული სკოლაც“. გარდა ამისა, „პროგრესული სკოლა“ ადმინისტრირების თვალსაზრისითაც მოქნილი და კომფორტულია. შეხვედრები მიმდინარეობს შაბათობით, 7 საათის მანძილზე, 4 პარალელურ სესიად. მოსწავლეებს აქვთ ელექტრონული ცხრილი (https://schoolprogress.ge/ps/), საიდანაც, ერთი დაკლიკვით შეუძლიათ მოხვდნენ პირდაპირ თავიანთ კურსზე. იგივე პრინციპით მუშაობენ მასწავლებლებიც.
– და ბოლოს, რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ, იქნება ეს ერთჯერადი პროექტი თუ ვინც ამჯერად ვერ შეძლო მონაწილეობის მიღება, კიდევ ექნებათ შანსი?
– პროექტს მოსწავლეებისა და მშობლებისაგან პოზიტიური გამოუხმაურება მოჰყვა. გვწერენ, გვირეკავენ და სურვილს გამოთქვამენ, რომ ვირტუალურიდან რეალურ სივრცეში გადაინაცვლოს „პროგრესულმა სკოლამ“. ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ მშობლებისა და მოსწავლეების სურვილს და გავაგრძელებთ ამ პროექტს. ვიმოქმედებთ ეპიდსიტუაციის შესაბამისად – ან სკოლის სამივე ფილიალის ბაზაზე ან ისევ ონლაინ სივრცეში მივიღებთ ახალ მსმენელებს.