რას წერდნენ ილია, ვაჟა, აკაკი ქართული ენის შესახებ – ფრაზები, რომლებიც მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ
ქართველები მშობლიურ ენას დედაენას ვუწოდებთ, მის სიყვარულს კი აკვნიდანვე გვასწავლიან. ყველამ ვიცით ბავშვობიდან, რომ ქართული ენა საქართველოს მრავალსაუკუნოვანი თავგადასავალი და ერის განძია. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ მსოფლიოში 5 650-ზე მეტ ენას ითვლიან, აქედან კი დამწერლობა მხოლოდ 14 -ს აქვს. მათ შორის არის გენიალური ქართული დამწერლობა, რომლის სამივე ანბანი – ასომთავრული, ნუსხური და მხედრული – კაცობრიობის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობათა ნუსხაში საპატიო ადგილს იკავებს.
ქართულმა ენამ მრავალ ქარტეხილს გაუძლო – საქართველოს უახლეს ისტორიაში ენის დაცვისა და შენარჩუნების ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითს 1978 წლის 14 აპრილი წარმოადგენს. დღე, როდესაც ქართული საზოგადოების პროტესტის შედეგად, საბჭოთა ხელისუფლება იძულებული გახდა, აღარ შეეტანა კონსტიტუციაში ცვლილება, რომლითაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს დაკარგავდა.
დღეს 1978 წლის 14 აპრილიდან 48 წელი გავიდა. ამ დღეს, ზეიმთან ერთად, მნიშვნელოვანია გააზრებაც იმისა, თუ რა ვიცით ქართული ენის შესახებ და როგორ ვუფრთხილდებით მას.
გთავაზობთ მწერლების, ენათმეცნიერებისა თუ ქართველოლოგების ციტატებს, რომლებიც მოსწავლეებს მშობლიური ენის მნიშვნელობის გააზრებაში უფრო მეტად დაეხმარება:
იაკობ გოგებაშვილი
„ქართული ენა ისეთივე მდიდარია და მრავალფეროვანი, როგორიც არის ბუნება კავკასიონისა, დედაენა არის ენა სულისა და გულისა, დედაბოძი ჭეშმარიტი განათლებისა“.
ილია ჭავჭავაძე
„სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსვემთ შთამომავლობას?… სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დავუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას… ენა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს“.
ვაჟა-ფშაველა
„ქართული ენა ძალიან დიდი ხნისაა, უკვე დამთავრებული, დახარებული ვაჟკაცია… გულს მისვენია ხატადა, ენა მთისა და ბარისა“.
აკაკი წერეთელი
„ეს არის ენა უტყუარი და ძვირფასი განძი ხალხისა. ძვირათ რომელიმე ხალხი გვეგულება, რომ ქართველებსავით მდიდარი ლექსიკონი ჰქონდეს“.
მუხრან მაჭავარიანი
„ქართული მარტო ენაა?!
ქართული ქართველთ რწმენაა!
ღმერთია!
ბედისწერაა!
ზღვა როა!
იმოდენაა!
კონსტანტინე გამსახურდია
„მშობლიური ენის სიწმინდის დაცვისათვის ბრძოლა ისეთივე საპატიო საქმეა, როგორც ხმლით დაცვა საკუთრი სამშობლოსი“.
მიხეილ ჯავახიშვილი
„ყოველი შეგნებული მოქალაქე მოვალეა, თავისი ენა კულტად გადააქციოს და მისი ცოდნა-შესწავლა უპირველეს ვალად გაიხადოს“.
გრიგოლ ორბელიანი
„ერის ცხოვრება, მისი ისტორია დაცულ არს ენით… რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს, წაეცხოს ჩირქი ტაძარსა წმიდას“.
დოდონა კიზირია
„ქართული ენა მსოფლიოს მერვე საოცრებაა“
ნიკო მარი
„ქართული ენით ყველაფერი გამოითქმება, რაც დედამიწაზე შეიძლება გამოითქვას რაგინდარა ენით. აზრი არ მოიპოვება არცერთ ენაზე, რუსეთის ან დასავლეთის ევროპისა, რომ არა თუ ქართველმა სავსებით ვერ გამოთქვას, არამედ მხატვრულ ყალიბში ვერ ჩამოასხას. ქართული ენა, განსაკუთრებით, ცოცხალი ქართული ენა, მაღალმხატვრულად გამოსახავს ყოველ აზრს და დაუმახინჯებლად და შეურყვნელად გადმოსცემს, ისე მდიდრულია ქართული ენა. შეიძლება ითქვას, შინაგანი თვისებებით იგი მსოფლიო ენაა“.
მარი ბროსე
„ქართული საოცარი ენაა, იგი არც ერთ ევროპულ ენას არ ჩამოუვარდება“.
რენე ლაფონი
„ქართული ენა მშვენიერი ენაა, მოქნილი და ზუსტი, ორიგინალური აგებულებისა“.
გოტფრიდ ლაიბნიცი
„გამაოცა ქართული ენის დროთა და კილოთა სიუხვემ“.
ასევე იხილეთ:
-
ომბუდსმენის რეკომენდაცია განათლების მინისტრს – „დაიწყოს სკოლებში უფასო კვების პროგრამის ეტაპობრივი დანერგვა“ by სკოლების ამბები
-
სახალისო და განვითარებაზე ორიენტირებული – სპეციალურად სააღდგომო დღეებისთვის შექმნილი გასაფერადებლები ბავშვებისთვის by სკოლების ამბები
-
რა არის ჭონა და რა იციან მოსწავლეებმა თითქმის მივიწყებულ სააღდგომო ტრადიციაზე by სკოლების ამბები