ენათმეცნიერი: „ენის ნორმები ყველა სახელმძღვანელოში უნდა აისახოს, პედაგოგი კი ამას სპეციალურ გაკვეთილებს უნდა უთმობდეს“
„თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენა ძალიან ბევრი სერიოზული პრობლემის წინაშე დგას“, – ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს ენათმეცნიერი, თსუ-ს პროფესორი და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის სტრატეგიისა და დაგეგმვის სამსახურის უფროსი, თინათინ ბოლქვაძე ესაუბრა, რომელსაც ქართული ენის ცვლილებებსა და მისი დაცვის გზებზე ვკითხეთ.
როგორც ენათმეცნიერმა აღნიშნა, უპირველესი პრობლემა ქართული ენის გამოყენების არეალის შემცირებაა, რასაც კიდევ უფრო ართულებს საერთაშორისო ენებთან, განსაკუთრებით კი ინგლისურთან უთანასწორო კონკურენციაში ყოფნა.
„ეკონომიკური პრობლემების გამო მცირდება საქართველოს მოსახლეობა, რაც, თავის მხრივ, იწვევს მოსწავლეებისა და სტუდენტების რაოდენობის შემცირებას. ამით ქართული ენის გამოყენების არეალიც მცირდება, რასაც მთავარ პრობლემასთან – ენის ფუნქციონირების საკითხთან მივყავართ. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, ქართული ენა, დიდ საერთაშორისო ენებთან, განსაკუთრებით კი ინგლისურთან, კიდევ უფრო მძიმე კონკურენციაში აღმოჩნდა. საბჭოეთის დროს, ნებისმიერ სიტყვას, რომელიც შეიძლებოდა, რუსულიდან ქართულში შემოსულიყო, ქართულ ენაში შესატყვისი მალევე ეძებნებოდა, ან პირდაპირ იყო ნასესხები. ახლა ურთიერთობების ძალიან დიდი სისწრაფე და არეალთა მომცველობა იწვევს როგორც ყოველდღიურ მეტყველებაში, ისე სხვადასხვა სამეცნიერო დარგსა და ცხოვრების ყველა სფეროში ბევრი უცხო სიტყვის შემოსვლას, ძირითადად ინგლისურის მეშვეობით. ეს კი ისე სწრაფად ხდება, რომ შეუძლებელია ასეთი სისწრაფით უცხო სიტყვების ქართული შესატყვისები მოიძებნოს. სფერო ბევრია, სიტყვათა რაოდენობა კიდევ უფრო ბევრი და ჩვენ ამ პროცესს ფეხდაფეხ ვერ მივყვებით ბევრი მიზეზის გამო, რომელთაგან ტექნოლოგიური ჩამორჩენა უმთავრესია“, – გვეუბნება თინათინ ბოლქვაძე.
ჩვენს კითხვას, რა არის შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი და როგორ უნდა დავიცვათ ქართული სალიტერატურო ენა, ენათმეცნიერი ასე პასუხობს:
„სახელმწიფო ენის დეპარტამენტი ენათმეცნიერებთან ერთად ფიქრობს და მუშაობს ამ პრობლემებზე. სახელმწიფო ენის ნორმათა დამდგენი ექსპერტთა კომისია შეიმუშავებს ან განაახლებს ენობრივ ნორმებს, რომლებსაც შემდეგ საქართველოს მთავრობა ამტკიცებს. სულ ბოლოს, ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა ერთი ნაწილი 2025 წლის 18 აგვისტოს დამტკიცდა. ექსპერტთა კომისიის მიერ მიღებული ნორმები სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ბიულეტენში აისახება. შემდეგი ნაბიჯი მისი გავრცელებაა, რაც უპირველეს ყოვლისა, განათლების სისტემის საშუალებით ხდება – როგორც სკოლების, ისე უმაღლესი განათლების მიმართულებით. ენის დაცვისთვის მნიშვნელოვანია, რომ კომისიის მიერ შემუშავებული ნორმები ყველა სახელმძღვანელოში აისახოს და ამ ნორმების მიხედვით გასწორდეს. მასწავლებლები კი ამას, ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის ფარგლებში, სპეციალურ გაკვეთილებს უნდა უთმობდნენ“.
თინათინ ბოლქვაძის თქმით, მნიშვნელოვანია, ენის ფუნქციონირების გაფართოება და უცხოენოვანი ტერმინების ადეკვატურად თარგმნა ან სწორად სესხება.
„კეთდება ტერმინოლოგიური ლექსიკონები, თუმცა ეს ყველა სფეროს ვერ მოიცავს. ჩვენი მიზანი ენის ფუნქციონირების გაფართოებაა. აღსანიშნავია ასევე, რომ სალიტერატურო ენის გარდა, არის ცოცხალი მეტყველება, რომელიც დემოკრატიულობის მაღალი ხარისხით ხასიათდება და ყოველთვის ნორმირებული ვერ იქნება, მაგრამ ქართული ენის ოფიციალური გამოყენების სფეროებში სალიტერატურო ენის ნორმათა დაცვა აუცილებელია“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს ენათმეცნიერმა თინათინ ბოლქვაძემ.
ასევე იხილეთ:
ესაუბრა მარიამ იმერლიშვილი
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება
-
„სასკოლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენება აიკრძალება“ – ახალი გადაწყვეტილება
by ARIS.GE-განათლება
-
მინისტრი: „მე-11 კლასში ე.წ. რეპეტიტორიუმი შემოგვაქვს“ – რას ისწავლიან მოსწავლეები ბოლო კლასში
by ARIS.GE-განათლება