რატომ მინდა, ჩემი შვილი უნივერსიტეტის სტუდენტი გახდეს?- მშობლის თვალსაზრისი და მიმართვა აბიტურიენტებს
მშობლების უმრავლესობას სურს, რომ მისი შვილი უნივერსიტეტის სტუდენტი გახდეს, თანაც პრესტიჟული უნივერსიტეტის. რასაკვირველია, ამ სურვილში არაფერია უცნაური, თუმცა ზოგიერთ მშობელს შვილის არჩევანზე დიდი გავლენა აქვს და აბიტურიენტის ნაცვლად გეგმავენ, თუ რას, როდის და სად ისწავლის. ეს რომ არაჯანსაღი მიდგომაა, მშობლების დიდი ნაწილი თანხმდება, მაგრამ მათი გარკვეული ნაწილისთვის, შვილისა და საკუთარ ცხოვრებას შორის საზღვრების დაწესება მარტივი არ არის.
ამ სტატიაში EDU.ARIS.GE-ს რესპონდენტი აბიტურიენტის მშობელი, მანანა ფირიაშვილი იქნება, რომელიც გვეტყვის, რატომ აქვთ მშობლებს სურვილი და ამბიცია, რომ შვილმა უნივერსიტეტში ჩააბაროს, რა პერსპექტივებს ხედავს ამით მომავლისთვის და როგორი წარმოუდგენია შვილის არჩევანისადმი „სწორი“ დამოკიდებულება. ჩვენ იმითაც დავინტერესდით, რატომ ანიჭებენ მშობლები საქართველოში უპირატესობას სწორედ უნივერსიტეტს და არა პროფესიულ სასწავლებლებს.
– ქალბატონო მანანა, რამდენად აქტიურად ხართ ჩართული შვილის საგანმანათლებლო ცხოვრებაში, როგორი იყო თქვენი პოზიცია, როცა ის პროფესიასა და უნივერსიტეტს, მიიღეთ მონაწილეობა არჩევანში?
-როგორც მშობლების უმეტესობა, მეც აქტიურად ვცდილობ, რომ მაქსიმალურად შევუწყო ხელი ჩემს გოგონას სწავლაში. ყველანაირ პირობებს ვუქმნი, რათა მიზანს მიაღწიოს. ფინანსურადაც მაქსიმალურად ვიხარჯებით. როცა პროფესიას ირჩევდა, გვეკითხებოდა რჩევებს არა მარტო ჩვენ, არამედ ახლობლებსა და მეგობრებსაც. დამოუკიდებლად აირჩია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ტურიზმის ფაკულტეტი. ეს იყო მისი გადაწყვეტილება და დაზუსტებით შემიძლია იმის თქმა, რომ მის არჩევანზე ზეგავლენა არ გვქონია.
– რამდენად კმაყოფილი ხართ სასკოლო განათლებით და რა მოლოდინები გაქვთ უნივერსიტეტისგან?
-საქართველოს სკოლებს მოსწავლისთვის ხარისხიანი განათლების მიცემის გამოწვევა აქვთ. მშობლები ვიაზრებთ, რომ სასკოლო განათლება საკმარისი არ არის, რადგან მხოლოდ სკოლიდან ნასწავლით მოზარდი ვერ გახდება კონკრეტული პროფესიის სპეციალისტი და მოაზროვნე ადამიანი. უნივერსიტეტი კი ამ შემთხვევაში ჩვენი იმედია, რადგან ასე იყო ჩვენს წარსულშიც, რომ უნივერსიტეტები ზრდიდნენ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მომავალ თაობას.
– რატომ სურთ მშობლებს მათი შვილი გახდეს სტუდენტი, თქვენი არგუმენტები როგორია?
-ყველა მშობელი ისურვებდა, რომ მისი შვილი გახდეს სტუდენტი, ეს სურვილი შვილებშიც ძლიერია, რადგან 4 წელი ისწავლიან, სასურველ პროფესიას, გამოცდიან სტუდენტურ ცხოვრებას, ექნებათ უამრავი თავგადასავალი. იმასაც გეტყვით, რომ ბევრი ჩემი შვილის ასაკის აბიტურიენტი, დედაქალაქიდან რეგიონში მიდის სასწავლებლად, რადგან სურთ, რომ დამოუკიდებლად იცხოვროს. მოგეხსენებათ, უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამებიც უამრავია და დღევანდელ ახალგაზრდებს განსაკუთრებული სურვილი აქვთ, რომ ევროპული თუ ამერიკული განათლება მიიღონ. შესაბამისად, მეც ვფიქრობ, რომ უნივერსიტეტი მეტ შესაძლებლობასა და თავგადასავლებს სთავაზობს სტუდენტს, ვიდრე სკოლა თუ პროფესიული სასწავლებელი.
– თქვენ პროფესიული სასწავლებელი ახსენეთ. საქართველოში მშობლების უმეტესობას თქვენსავით სურს, რომ მის შვილს უნივერსიტეტის დიპლომი ჰქონდეს და არა პროფესიულის. რას ფიქრობთ, რატომ არის ეს ტენდენცია უცვლელი?
-მე არ ვფიქრობ, რომ უნივერსიტეტს დასრულების შემდეგ, ჩემი შვილი წარმატებით დასაქმდება საკუთარი პროფესიით. ასევე ვიცი, რომ პროფესიული სასწავლებლის სტუდენტები მუდმივად იცვლიან სამსახურს და პროფესიებსაც და მათ მაინც აქვთ სურვილი მიიღონ უმაღლესი განათლება. ჩემს გარშემო ასეთი რეალობაა. არ ვიცი, ალბათ, ეს იმით აიხსნება, რომ იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, ვის დროშიც უნივერსიტეტებს ჰქონდათ მნიშვნელოვანი ფუნქცია და დანიშნულება და ეს არ იყო მხოლოდ საგანმანათლებლო. მშობლები მაინც უფრო მეტ შესაძლებლობას ვხედავთ უნივერსიტეტში, პროფესიულში კი ნაკლებს, მიზეზი ეს მგონია.
– რას უსურვებთ აბიტურიენტებს, რას ეტყოდით მათ?
-პირველ რიგში, მინდა ვუთხრა აბიტურიენტებს ჩემი შვილის ჩათვლით. ბავშვებო, არ ინერვიულოთ და იწამეთ საკუთარი შესაძლებლობების. თქვენ შეგიძლიათ მიაღწიოთ წარმატებას და თუ იშრომებთ, ეს აუცილებლად გამოგივათ. ყველას გისურვებთ წინსვლასა და წარმატებას უმაღლესშიც და პროფესიულ სასწავლებელშიც, იქ, სადაც ჩაბარებას გადაწყვეტთ.
ასევე იხილეთ;
როცა შვილი ეროვნულ გამოცდებს აბარებს – ჯანსაღი ქცევის ინსტრუქცია მშობლებს
ვარ თუ არა თანამედროვე მშობელი? – ფსიქოლოგი მშობლებს პასუხობს