„ნუ გაკიცხავთ, თუ წელს სტუდენტი ვერ გახდება“ – როგორ დავეხმაროთ და ხელი არ შევუშალოთ შვილს, გახდეს სტუდენტი
19 მაისს, მე-12 კლასის მოსწავლეებმა საზეიმოდ აღნიშნეს სკოლის დასრულება. 12 წლიანი მოსწავლეობის პერიოდში, მათ გვერდით ყოველთვის იდგნენ მშობლები და ოჯახის სხვა წევრები და მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეობის პერიოდი დასრულდა, სტუდენტობის მსურველებს, საკმაოდ შორი გზა აქვთ გასავლელი მშობლებთან ერთად და მათ გარეშეც.
EDU.ARIS.GE ახალგაზრდა დედასა და წარმატებულ მენეჯერს ია მთიულიშვილს ესაუბრა, რომლის შვილმაც წელს წარჩინებით დაასრულა მეთორმეტე კლასი. ჩვენი რესპონდენტი გეტყვით, როგორ დაეხმაროთ შვილს, გახდეს სტუდენტი მისთვის ხელის შეშლისა და ზედმეტი „ჭკუის სწავლების გარეშე“.
– ია, პირველ რიგში, გვითხარით, რა ემოციები გაქვთ მშობლებს, როცა თეთრ პერანგებში გამოწყობილ შვილებს ხედავთ, ეს თქვენი წარმატებაც არის, არა?
– ცხოვრების ამ ეტაპზე ეს მათი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმატებაა, რაც სიამაყის და ბედნიერების განცდას იწვევს მშობელში. შესაბამისად, ვართ ემოციურები, დატვირთული მხოლოდ დადებითი განწყობით. ეს ნამდვილად ჩვენი წარმატებაც არის, რადგან დაფასებულია ის ძალისხმევა, რასაც 12 წლის მანძილზე არ ვიშურებთ შვილის განათლებისა და განვითარებისათვის.
– მოსწავლეობის პერიოდი დასრულდა, რა ეტაპია ახლა მშობლისთვის?
– ტექნოლოგიური სამყაროს ეპოქაში ვცხოვრობთ. სკოლის დამთავრების შემდეგ, მოზარდები სხვადასხვა გზას ირჩევენ, ყველა მშობლის სურვილია, მათი შვილი განათლების შემდეგ საფეხურზე გადავიდეს და უნივერსიტეტის სტუდენტი გახდეს, მაგრამ მთავარი მაინც მოზარდის სურვილი და მისწრაფებაა -რა პროფესიის დაუფლება სურს. მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ და პატივი სცენ მათ სურვილებს.
– გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება, როგორ უნდა დავეხმაროთ შვილებს, რომ სტუდენტები გახდნენ?
– პირადად მე, სწავლის პროცესი ისე მომწონს, ახლაც მაგისტრატურის მე-2 კურსის სტუდენტი ვარ. ვფიქრობ, ჩემი შვილისთვის კარგი მაგალითი ვარ. ხედავს, რომ დატვირთული სამუშაო რეჟიმის მიუხედავად, თვითგანვითარებაზე მუდმივად ვზრუნავ. სტუდენტის სტატუსი ყველასთვის ასოცირდება ცხოვრების ყველაზე ლამაზ, ლაღ და უდარდელ წლებთან. კარგი იქნება, თუ მისაღებ გამოცდებამდე დარჩენილ დროს ნაყოფიერად მოიხმარენ და მაქსიმალურად ეცდებიან საკუთარი შესაძლებლობების გამოყენებას.
– რა არის ის შეცდომები, რომლებიც ფიქრობთ, რომ ამ პროცესში, მშობელმა არ უნდა დაუშვას?
- პირველ რიგში, არ უნდა დავკარგოთ ის დამაკავშირებელი ძაფი, რაც ერთმანეთთან გვაახლოებს, მაქსიმალურად გავუგოთ ერთმანეთს და ვიყოთ მიმღებლები;
- შეცდომის დაშვებისას არ გავკიცხოთ შვილი. ერთად მოვძებნოთ გამოსავალი და ვასწავლოთ მსგავს სიტუაციებთან გამკლავება;
- ნუ აიძულებთ, რომ აირჩიოს ის პროფესია, რომელიც თქვენ მოგწონთ, თუ მას განსხვავებული გემოვნება და ინტერესი აქვს. შეიძლება, შვილებმა აირჩიონ ის პროფესიაც რომელზეც მიუთითებთ, მაგრამ შემდგომ ინანონ და დაეკარგოთ სწავლის მოტივაცია;
- ეცადეთ, არ გააკრიტიკოთ დაბალი ქულის გამო. ერთად განიხილეთ ის დავალება და აღმოაჩინეთ ხარვეზი, რომელსაც შემდეგში გაითვალისწინებს;
- არ წაართვათ თავისუფალი დრო, ეს მათ ეხმარება ძალების აღდგენასა და გონების დასვენებაში;
- უყურადღებოდ არ დატოვოთ, ბოლომდე მოუსმინეთ და მათი სიხარულიც გაიზიარეთ და დარდიც;
- ნუ შეადარებთ სხვის შვილს და მაგალითად ნუ მოუყვანთ სხვების სანიმუშო ქულებს, ეს მათ თავს უსარგებლოდ აგრძნობინებთ და ამაში დამნაშავე თქვენ იქნებით;
- არ დაუკარგოთ ინდივიდუალიზმი, მიიღეთ ისეთები, როგორებიც არიან, თქვენც ასეთები ხართ, ყველა ადამიანი განსხვავებულია;
- არ დასცინოთ მათ ოცნებებს და გეგმებს, იყავით არა მაყურებელი, არამედ თანამონაწილე და გვერდით დაუდექით შვილებს;
- და ბოლოს, ნუ გაკიცხავთ, თუ წელს სტუდენტი ვერ გახდება, პირიქით, გაამხნევეთ და არ აგრძნობინოთ იმედგაცრუება.
– მიმართეთ მშობლებს…
– იყავით თქვენი შვილებისთვის კარგი მეგობარი. მიეცით დამოუკიდებელი ფიქრისა და გადაწყვეტილებების საშუალება, თქვენ კი ამ გადაწყვეტილების კარგი და ცუდი მხარე დაანახეთ, ასწავლეთ პასუხისმგებლობის აღება საკუთარ საქციელზე. უარის თქმის შემთხვევაში, აუხსენით რატომ. მათ უნდა იცოდნენ, რომ თქვენ მუდამ გვერდით ხართ. მათ უნდა სჯეროდეთ თქვენი და ეს გრძნობა მუდმივად ორმხრივი უნდა იყოს.
ასევე იხილეთ:
როგორი უნდა იყოს დიალოგი შვილთან ოჯახური პრობლემების შესახებ – ფსიქოლოგი გირჩევთ
ვარ თუ არა თანამედროვე მშობელი? – ფსიქოლოგი მშობლებს პასუხობს
5 შეცდომა, რომელსაც მამები საქართველოში შვილის აღზრდის დროს უშვებენ – ფსიქოლოგის მიმართვა მამებს