GE
24 იანვარი, 2023 12:36

როცა მოზარდი მოწევას იწყებს – ფსიქოლოგის რეკომენდაციები მშობლებისთვის

თამბაქოს მოხმარება რომ ჯანმრთელობას ვნებს, ამაზე არავინ დაობს. თუმცა, „ის რაც კლავს“ ყველას როდი აშინებს.

ზრდასრულების მსგავსად, მოზარდებსაც უჭირთ მავნე ჩვევებთან გამკლავება, უფროსებისგან კი, ხშირ შემთხვევებში, მხოლოდ ჭკუის სასწავლებელ „ფრთიან“ ფრაზებსა და რჩევა-დარიგებებს ისმენენ.

სანამ მოწევა მათთვისაც მავნე დამოკიდებულებად იქცევა და სტაჟიანი მწეველი უფროსების მსგავსად, საკუთარ თავს კითხავენ: „რატომ დავიწყე?“, მშობლებსა და მასწავლებლებს სამუშაო მართლაც ბევრი აქვთ.

EDU.ARIS.GE, მშობლების დახმარების მიზნით, განაგრძობს მათთვის აქტუალურ საკითხებზე სტატიების მომზადებას და ამჯერად ვესაუბრეთ ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგს, ქეთი რჩეულიშვილს, რომელიც გვეტყვის, რა შეცდომები არ უნდა დავუშვათ, როცა ჩვენი შვილი მოწევას იწყებს და როგორ გავატაროთ პრევენციული ღონისძიებები ისე, რომ მასთან ურთიერთობა არ გავიფუჭოთ.

– გვითხარით, რა გამოწვევების წინაშე დგას მოზარდი, რომელიც მოწევას იწყებს და რა უნდა იცოდეს ასეთ დროს მშობელმა?

– როგორც წესი, მოწევას ადამიანი მოზარდობის პერიოდში იწყებს და სამწუხაროდ, მთელი ცხოვრება შეიძლება იყოს ამ მავნე ჩვევაზე დამოკიდებული. არსებობს რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ ეწევა მოზარდი. ეს შეიძლება იყოს:

  • სასურველ ჯგუფში დამკვიდრება. იმ თანატოლთა ჯგუფისადმი მიკუთვნება, რომელშიც მოწევა ყოველდღიური რუტინის ნაწილია და აღიქმება, როგორც მისაღები სოციალური ქცევა;
  •  ავტორიტეტისთვის მიბაძვა. როცა ოჯახის რომელიმე წევრი, ან უფროსი მეგობარი ეწევა და მოზარდი ცდილობს მას მიბაძოს;
  • რეალობიდან გაქცევა. როცა მოზარდის გარშემო არაჯანსაღი სოციალური გარემოა და მისგან თავის დაღწევას ცდილობს.

ნებისმიერი მიზეზი ნეგატიურ შედეგს იძლევა მოზარდის ფსიქო-სოციალურ განვითარებაზეც. მშობლებმა ამ დროს უნდა იცოდნენ, რომ თუ მოზარდთან ურთიერთობას სადამსჯელო ღონისძიებებით დაიწყებენ, ასეთი ქცევით მხოლოდ არასასურველ ქცევას განამტკიცებენ და შედეგი არასდროს იქნება მოზარდისთვის საკეთილდღეო.

– მშობლების უმეტესობა, როცა იგებს, რომ შვილმა მოწევა დაიწყო, ხშირად ბრაზდება და ფეთქებადი რეაქცია აქვთ, ეს ნორმალურია?

– გეთანხმებით, რომ პირველი რეაქცია მშობლის არის აფეთქება. ეს კი კიდევ უფრო მეტად უბიძგებს მოზარდს, რომ უფრო მეტი რამ დაუმალოს მშობელს, რადგან მისი ეშინია. შეიძლება, რიდიც ჰქონდეს, ეს რასაკვირველია, ანგრევს ურთიერთობასა და ურთიერთპატივისცემას. გეტყვით იმასაც, რომ მშობელი მოზარდისთვის ყოველთვის ავტორიტეტია. როცა მშობელი შეუსაბამო რეაქციას ავლენს და მოზარდისთვის მიუღებლად იქცევა, მისი ავტორიტეტიც ქრება, პრობლემები კი უფრო მწვავდება. ასეთ დროს, სიგარეტის მოწევა სხვა მოსაწევის გასინჯვის მიზეზიც შეიძლება გახდეს. დღეს ჩვენ თამბაქოზე ვსაუბრობთ, მაგრამ არანაკლებ მოიხმარენ მოზარდები სხვა ტიპის მოსაწევსა და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს. რასაკვირველია, ყველა შემთხვევაში მშობლებს ერთნაირი რეაქცია უნდა ჰქონდეთ და არ იფიქრონ, რომ სიგარეტს თუ ეწევა, არაუშავს, მთავარია, ნარკოტიკს არ იღებდეს, ასეთი კატეგორიის მშობლებიც არსებობენ.

– ქეთი, მოგვიყევით ყველაზე ხშირი შეცდომების შესახებ, რომლებსაც მშობლები ამ დროს უშვებენ

  • ფეთქებადი რეაქცია. როცა მოზარდი კიდევ უფრო შორდება მშობელს და ჩნდება ხილული ბარიერი ოჯახსა და მოზარდს შორის;
  •  იგივე ქცევა მშობლის მხრიდან. როცა ის თავად არის მწეველი და შვილის მდგომარეობაში შესვლა უჭირს. რატომღაც, არ უნდა, გაიხსენოს თავად როგორი იყო მის ასაკში, ნაკლებად არის ემპათიური და უფლებას აძლევს ბრაზს, ადეკვატური აზროვნება შეაფერხოს;
  •  დასჯის მეთოდების გამოყენება. მაგალითად, შეუწყვიტოს შვილს ჯიბის ფულის მიცემა, უარი უთხრას სასურველი ნივთის ყიდვაზე, გამოიყვანოს სასურველი წრიდან, ცეკვიდან, ფეხბურთიდან, მუსიკიდან… თუ მშობელი მოზარდს, რომელიც დამოკიდებული გახდა თამბაქოზე ჯიბის ფულს არ მისცემს, კიდევ ურო მეტად უბიძგებს მას, რომ ალტერნატიული წყარო გაუჩინოს თამბაქოს ყიდვისთვის. ეს გზა ნამდვილად არაეფექტურია;
  • როცა მშობელი თავად უცხოვდება შვილის მიმართ. „შენ მე არ მგავხარ!“, „ვის დაემსგავსე, ოჯახში ასეთი არავინაა!“, „ეს რომ მამაშენმა გაიგოს!“. ასეთი დამოკიდებულებით მშობელი ნამდვილად ვერ შეძლებს შვილის დახმარებას.

– ქეთი, მიეცით რეკომენდაცია მშობლებს, რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ მოზარდებს ამ მავნე ჩვევის დაძლევაში დაეხმარონ?

  •  გულახდილად ესაუბრეთ შვილებს. ჯერ დაიწყეთ იმაზე საუბრით, რაც თქვენ გაწუხებთ და ჰკითხეთ, თავად რა აწუხებთ. იყავით გულწრფელები და აჩვენეთ თქვენი, როგორც მშობლის ემოცია;
  •  აგრესიაზე აგრესიით ნუ უპასუხებთ ეცადეთ, ნებისმიერ დროს შეინარჩუნოთ სიმშვიდე და ამითაც უჩვენეთ მაგალითი;
  •  ატარეთ მოზარდი სპორტზე. შეიყვანეთ კალათბურთის, ტანვარჯიშის, ფეხბურთის, ნებისმიერი სახეობის სპორტზე. ამით მისი სოციუმის შეიცვლება და ჯანსაღი ცხოვრების სტილს შეიძენს. თუ მშობელს არ აქვს ამის საშუალება, ფიზიკური აქტივობები შესთავაზეთ, მასთან ერთად ირბინეთ ან ივარჯიშეთ;
  • მოუსმინეთ მოზარდს ყურადღებით. მიხვდებით რას და რატომ ამბობს და უფრო არგუმენტირებული იქნებით, როცა ესაუბრებით, რატომ არ უნდა მოწიოს სიგარეტი და მისცემთ რჩევებს;
  •  შეაქეთ კარგი ქცევისთვის. როცა ცუდ ქცევაზე აძლევთ შენიშვნას, კარგზე კი რეაქცია არ გაქვთ, ეს მხოლოდ აფერხებს კარგი ქცევის განხორციელებას მათი მხრიდან. აუცილებლად წაახალისეთ პოზიტიური ქცევა;
  • იყავით შვილისთვის მისაბაძი. მუდმივად უნდა ეწეოდეთ ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას. ივარჯიშეთ, იკვებეთ სწორად და აჩვენეთ შედეგი. როცა მოზარდი ხედავს, რომ საოცარ ფორმაში ხართ და ამაზე მისი თანატოლებიც საუბრობენ, ის აუცილებლად მოგბაძავთ;

– მიეცით ინსტრუქცია პედაგოგებსაც, რომლებმაც გაიგეს, რომ მათი მოსწავლე ეწევა
ჩემი რჩევა ასეთია:

  •  სხვების თანდასწრებით არასოდეს ესაუბროთ მოსწავლეს იმ ქცევაზე, რომელიც ფიქრობთ, რომ თქვენთვის მიუღებელია. არასდროს მისცეთ შენიშვნა სხვებთან ერთად, როცა გაიგებთ, რომ ის ეწევა. ესაუბრეთ ცალკე და როგორც პედაგოგმა, დაგეგმეთ პრევენციული აქტივობები;
  •  მოსწავლესთან თქვენი გამოცდილება გაიხსენეთ. მიეცით გულწრფელი რჩევები და არ ესაუბროთ „ფრთიანი ფრაზებით“, არამედ იზრუნეთ მისი ნდობის მოპოვებაზე;
  •  თუ თანაკლასელმა კლასის წინაშე დააბეზღა რომ ეწევა, გაესაუბრეთ დამბეზღებელსაც და აუხსენით, რომ ეს კარგი საქციელი არ არის.
  •  თუ ამის საჭიროება გამოიკვეთება, საქმის კურსში ჩააყენეთ მშობელი. მოსწავლის მშობელს არ გაესაუბროთ ბავშვთან ერთად, მასთან ერთად შეიმუშავეთ სამოქმედო გეგმა, რომლითაც აპირებთ, ერთობლივად გაუმკლავდეთ გამოწვევებს.
SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში