„როცა სკოლა მოგენატრებათ, ასე უნდა მოიქცეთ..“ – დამრიგებლის სათქმელი კურსდამთავრებულებს
„მასწავლებლისთვის 27 მოსწავლე უდრის 27 შვილსა და საუკეთესო მეგობარს. ემოციურად მარტივი ნამდვილად არ არის, როცა შენი ფერებით გამოზრდილი ბავშვები სკოლას ამთავრებენ, მაგრამ ეს ხომ მათი წარმატებული მომავლისთვისაა და ჩვენი მომავლისთვისაც, რასაკვირველია..“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან რუსთავის მე-2 საჯარო სკოლის, მე-12 (ა) კლასის დამრიგებელი, ნატალია ლაჩაშვილი და იმ დარიგებას გვიზიარებს, რომელიც წლევანდელ კურსდამთავრებულებს მისცა.
„თუ ჩემი ბავშვების აკადემიური მაჩვენებლები არ იყო მათივე შესაძლებლობის ადეკვატური საყვედურის ნაცვლად, ყოველთვის ვეუბნებოდი: „ვიცი, რომ შეგიძლია ბევრად უკეთესი და საუკეთესოც“. ერთად ვახერხებდით სირთულეების დაძლევას პატარ-პატარა დახმარებებით და სტრატეგიებით, საბოლოოდ, ყველაფერი გამოსდიოდათ. ბოლო ზარზეც ვუთხარი, რომ არასდროს დანებდნენ. ვიცი, რომ მათ ნამდვილად მოენატრებათ სკოლა, განსაკუთრებით ჩემს ყველაზე ცელქუნა მოსწავლეებს, გიორგი მახათაძესა და დუდუ სილაგავას“, – აღნიშნავს დამრიგებელი.
ნატო მასწავლებელი კურსდამთავრებულებს ერთგვარ რჩევასაც აძლევს, რა უნდა მოიმოქმედონ, როცა სკოლა მოენატრებათ.
„თუ სკოლა მოგენატრებათ, არ იზარმაცოთ, მისწერეთ თანაკლასელებს, გამოყავით ერთი დღე და დაგეგმეთ სტუმრობა თქვენს მშობლიურ სკოლაში. გახსოვდეთ, რომ როდესაც ვინმესთან საუბარი ან ემოციების გაზიარება დაგჭირდებათ, მე ყოველთვის თქვენი მხარდამჭერი ვიქნები“, – მიმართავს კურსდამთავრებულებს ნატო მასწავლებელი.
ასევე იხილეთ:
როცა შვილი ეროვნულ გამოცდებს აბარებს – ჯანსაღი ქცევის ინსტრუქცია მშობლებს
როგორ ჩავდო ინვესტიცია შვილის განათლებაში სწორად და შედეგიანად – მშობელი გამოცდილებას გაგიზიარებთ