GE
13 სექტემბერი, 2023 13:00

„როცა სკოლაში შევაცილებ, თვალზე ცრემლი მომადგება“ – ახალი სასწავლო წლის მოახლოება მხოლოდ მოსწავლეს არ უჩქარებს გულს

რა იქნება? როგორ შეეგუება ახალ გარემოს? იტირებს? ჩემ გარეშე დარჩენა გაუჭირდება? კლასელებთან საერთო ენას მარტივად გამონახავს? ხომ არ მოიწყენს და სახლში ხომ არ მოუნდება? ნეტავ როგორ ისწავლის… – ეს იმ კითხვების მცირე ნაწილია, რომელიც ახლა ათასობით პირველკლასელის მშობელს მოსვენებას არ აძლევს.

ახალი სასწავლო წლის მოახლოება მხოლოდ მოსწავლეებს არ უჩქარებს გულს, მშობლების პულსიც აჩქარებულია და განსაკუთრებით მაშინ, თუ შვილი პირველ კლასში მიდის.

სკოლა ის გარემოა, სადაც ოჯახისა და მშობლის ყურადღების ცენტრში მყოფმა ბავშვმა უკვე თავად უნდა დაიმკვიდროს თავი და მშობლის კალთის კომფორტული ზონიდან ახალ, უფრო დიდ სოციუმში უმტკივნეულოდ გადაინაცვლოს, რა თქმა უნდა, გარშემომყოფთა დახმარებით.

ჩვენი რესპონდენტი, სალომე ზარიძე, ახალგაზრდა, ორი შვილის დედაა და მისთვის შვილის სკოლაში შეყვანა პირველი გამოცდილებაა. მიუხედავად იმისა, რომ გადამეტებულად ემოციური დედა არ არის, ამბობს, რომ ასეთ მნიშვნელოვან დღეს ემოციებს ვერ შეიკავებს.

პირველკლასელის დედობა ახალი ცხოვრებისეული გამოწვევაა და სალომეს მსგავს განცდებში, ალბათ, დღეს ათასობით დედაა, სწორედ მათ გასამხნევებლად, EDU.ARIS.GE-სთან ელენეს დედიკო პირველი სასკოლო დღის სამზადისზე, საკუთარ ფიქრებსა და სხვა მშობლებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრობს.

– სალომე, პირველ რიგში მოგვიყევით, როგორ ემზადება პატარა ელენე სკოლისთვის, თქვენ უფრო ღელავთ თუ ის?

– სკოლისთვის მზადება ჯერ კიდევ გაზაფხულზე დავიწყე, როცა ელენესთვის პირველი თეთრი პერანგი შევიძინე. ყველა სასკოლო ნივთს ეტაპობრივად ვყიდულობდი. ასე, ერთგვარად თავსაც ვიმშვიდებდი და ელესაც ვამზადებდი სასკოლოდ. ბუნებრივია, ისიც ღელავს და დიდი მოლოდინი აქვს. ცოტათი, ალბათ, სიახლის შიში და რიდიც გააჩნია. რაღაც ეტაპზე ამბობდა – არ ვიცი ყველა ასო-ბგერა, სკოლაში ასე როგორ წავიდეო და ამას ძალიან განიცდიდა. ბევრი ახსნის შემდეგ დავარწმუნეთ, რომ სკოლაში ზუსტად იმისთვის მიდის, რომ ეს ყველაფერი იქ ისწავლოს. პერიოდულად ბაღიც ახსენდება, მისი საყვარელი მასწავლებელი, მეგობრები და ამბობს, რომ ისევ ბაღში უნდა დაბრუნება. ვცდილობ, ნერვიულობა და ღელვა შევუმცირო. ჩვენი სკოლის ადმინისტრაციისგანაც შევიტყვეთ, რომ პირველ დღეს, სპეციალურად პირველკლასელებისთვის საზეიმო მიღება იგეგმება და ახლა უკვე დღეებს ითვლის 15 სექტემბრამდე. სკოლა გასაუბრების დღეს გაიცნო და დაათვალიერა. ამ ეტაპზე კი უკვე ველოდებით სწავლის დაწყების პირველ დღეს – როგორ ჩაივლის, როგორ მოეწონება და ასევე ზოგადად, როგორ შეეგუება სასწავლო პროცესს.

– რა გზებს მიმართავთ სტრესის შესამცირებლად, დაპირებებიც ხომ არ მიეცით?

– ხშირად ვესაუბრები როგორი შეიძლება იყოს სკოლის პირველი დღე. მასთან ერთად ვიხსენებ როგორი იყო ჩემი პირველი დღე სკოლაში და შევპირდი, რომ პირველი დღის ბოლოს სასეირნოდ წავალთ, იქამდე კი სკოლის კართან დაველოდები, რადგან ეს მისი სურვილია.

– ალბათ, გონებაში ათასჯერ მაინც წარმოიდგინეთ როგორი იქნება ელენეს პირველი დღე სკოლაში, ჩვენც გავიზიარეთ, როგორი წარმოგიდგენიათ?

– სიმართლე რომ გითხრათ, მზადებაში კი ვარ, მაგრამ კიდევ ვერ წარმოვიდგენ და არ მჯერა, უკვე სკოლაში რომ მიდის. ალბათ, ბევრ სხვა მშობელსაც იგივე განცდა აქვს და გამიგებენ. ვფიქრობ, როცა სკოლაში შევაცილებ, თვალზე ცრემლები მომაწვება და ყელში ბურთი გამეჩხირება. რადგან ასეთი ემოციური დღეა, ხშირად, ბავშვებს უჭირთ ემოციების ასე ვთქვათ გადახარშვა და ისეც ხდება, რომ სიამოვნების მიღების ნაცვლად მოწყენილები არიან. ჩვენც გვქონია მსგავსი მომენტი – ამიტომ ვისურვებ, რომ ეს დღე რაც შეიძლება სასიამოვნოდ და დადებითი ემოციებით გაატაროს.

– ვინ მიაცილებს ელენეს პირველ დღეს სკოლის კართან, გადაწყვიტეთ როგორი იქნება თქვენი (დედა-შვილის) ჩაცმულობა?

– ელენეს მივაცილებთ დედა, პატარა ძამიკო და მამაც, თუ მოახერხებს, სამსახურიდან გამომდინარე. ჩაცმულობას რაც შეეხება დიახ, მე და ელენე დაახლოებით ერთ სტილში ჩაცმულები ვიქნებით და მიხარია, რომ დავამთხვიე, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არის მიღებული. მინდა, სკოლის ფორმაში ლამაზად გამოწყობილს ბევრი სამახსოვრო ფოტო გადავუღო, რომელიც ასე არ უყვარს და ვიმედოვნებ, ერთი ორ კადრს მაინც მოვაბამთ თავს.

– ბავშვის სკოლაში მიყვანისა და გამოყვანის საკითხი სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, თუ მოგიწიათ რეჟიმის შეცვლა და რა შეცვალეთ კონკრეტულად?

– ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ორივე მშობელი დასაქმებული ვართ. გარდა იმისა, რომ სკოლა, სადაც მივიყვანე ისედაც მომწონდა, ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი, რის გამოც კერძო სკოლაში წავედით, არის ის, რომ გახანგრძლივებული სწავლება და სხვადასხვა წრე აქვთ. ასე მეცოდინება, რომ ბავშვი საიმედო ადგილზეა, იქვე შეუძლია გაკვეთილების მომზადება, კვება და ვფიქრობ, წრეებზე ჩართულობითაც საინტერესოდ გაატარებს დროს.
ასევე, ჩვენი ახლობლებიც იქნებიან იმავე სკოლაში და ერთმანეთს ხელს შევუწყობთ მიყვანა-გამოყვანის პროცესში.

– ტრადიციულად, პირველკლასელებს მასწავლებლებისთვის თაიგულები მიაქვთ, თქვენ ხომ არ მოიფიქრეთ რამე განსაკუთრებული პირველი დღისთვის?

– ჩვენც თავდაპირველად ქრიზანთემების თაიგულის მიტანას ვაპირებდით, მაგრამ ქოთნის ყვავილზე დავიწყეთ ფიქრი. ვფიქრობ, კარგი არჩევანია, როცა მასწავლებელს ჩუქნი ისეთ ყვავილს, რომელიც ასე მარტივად არ ჭკნება და ზრუნვა სჭირდება. ქოთნის ყვავილი, ალბათ, სიმბოლური საჩუქარი იქნება. ერთად მოვუვლით და ვიზრუნებთ მასზე.

– და ბოლოს, როგორც დედა რას უსურვებთ ელენეს და სხვა პირველკლასელებს?

– პირველ რიგში, ვუსურვებ სასწავლო წლის საინტერესოდ, ლაღად და წარმატებით ჩამთავრებას.
ვისურვებდი, რომ ყველა მოსწავლეს ჰქონდეს სწავლისთვის ყოველმხრივ შესაბამისი პირობები – იქნება ეს სასკოლო გარემო, მასწავლებელი, სასწავლო რესურსები და ნივთები თუ სხვა რამ, ყველა მოსწავლეს აქვს სრულყოფილი განათლების მიღების უფლება.

შესაძლოა დაგაინტერესოთ:

მცენარეები საკლასო ოთახისთვის

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში