როცა სტუმრად ბავშვი გვყავს – ფსიქოლოგი გირჩევთ
ახალი წელი, შობა, ნათლისღება… საზეიმოდ აღსანიშნი დღეები, ზოგჯერ უსასრულოდ გრძელდება და სტუმრიანობასაც საქართველოში არავინ უჩივის.
როცა სტუმრებს ველით, მათ რიგში აუცილებლად დავინახავთ ბავშვებს, რომლებიც ოჯახის წევრებმა, დიდი მონდომებით, შესაბამისად გამოაწყვეს.
ბავშვები, უფროსების ნებით, შეიძლება ნაცნობ, ან სრულიად უცხო გარემოში აღმოჩნდნენ. ხშირად მორცხვობონ, ან პირიქით, ზედმეტად აქტიურებიც არიან და უფროსებისგან შენიშვნებსაც მრავლად იღებენ. იმისთვის, რომ კარგი მასპინძლები მხოლოდ უფროსებისთვის არ ვიყოთ და პატარა სტუმრებსაც განსაკუთრებულად ვაგრძნობინოთ თავი, ბავშვებისთვის მხოლოდ თავზე ხელის გადასმა არ კმარა, მათთვის შესაბამისი გარემოს შექმნაა საჭირო.
EDU.ARIS.GE დაინტერესდა, როგორ უნდა ვუმასპინძლოთ ბავშვებს, რა უნდა გავაკეთოთ და რა არა, როცა სტუმრად პატარებს ველოდებით.
ჩვენს კითხვებზე პასუხების მისაღებად ფსიქოლოგს, მარიამ მგალობლიშვილს ვესაუბრეთ. მან ის აქტივობებიც გაგვაცნო, რომელთა შესრულებაც ჩვენს პატარა სტუმრებთან ერთად დიდ სიამოვნებას მოგვანიჭებს.
„ქართველები სტუმართმოყვარე ერი ვართ, მაგრამ იყო კარგი მასპინძელი, არც ისე ადვილია. ბავშვების სტუმრობის დროს, მასპინძელი დიდი გამოწვევების წინაშე დგას. მაგალითად, ბავშვების ჭირვეული ქცევა, ზედმეტი აქტიურობა, ზედმეტი პასიურობა, კონფლიქტი ბავშვებს შორის, ერთმანეთის ბულინგი, დისკომფორტის განცდა, მოწყენილობა, სტუმრებისგან განცალკევება ან მათი მხრიდან ბავშვის გარიყვა”, -ამბობს მარიამი.
ჩვენი რესპონდენტი სტუმარი ბავშვების ფსიქოტიპებსაც ახასიათებს და გვასწავლის როგორ გამოვიცნოთ, თუ რომელი ფსიქოტიპის ბავშვი გვსტუმრობს და როგორ უნდა მოვიქცეთ მათთან კომუნიკაციის დროს.
„მორცხვ ბავშვს თავდაუჯერებლობის განცდა აქვს და უცხო გარემოში თავს არაკომფორტულად გრძნობს. კითხვების დასმის დროს, ჩუმად, ან საერთოდ არ გპასუხობთ. თუ გინდათ, რომ თქვენი პატარა სტუმარი ურთიერთობაში გახსნათ, ნუ გაუსვამთ ხაზს, რომ ის მორცხვია, მხოლოდ მის საპირისპირო ქცევაზე გააკეთეთ აქცენტი და შეაქეთ. კომუნიკაციის და კითხვების დასმის დროს, ეცადეთ დაელოდოთ მის პასუხებს, ნუ მიიღებთ სხვა ბავშვებისგან და მშობლებისგან მის მაგივრად გაცემულ პასუხს”.
„ეცადეთ, ზედმეტად ცელქ ბავშვს შენიშვნა ხმამაღლა არ მისცეთ, არ უყვიროთ და მით უმეტეს, არავითარ შემთხვევაში არ შეეხოთ უხეშად. ეცადეთ, თქვენი ემოციის კონტროლით მისცეთ სიმშვიდის მაგალითი. საჭიროების შემთხვევაში, მიეცით შენიშვნა კორექტულად, ისე, როგორც ამას დიდ ადამიანთან გააკეთებდით. ზღვარგადასულად ცუდი ქცევის შემთხვევაში, უარყოფითად შეაფასეთ მისი ქცევა და არა – თვითონ ის. აუცილებლად შეაქეთ აქტივობების და თამაშის დროს, გამოხატეთ სითბო და მიმღებლობა”, – გვიხსნის ფსიქოლოგი.
მარიამ მგალობლიშვილი მშობლებს რჩევასაც აძლევს:
„თუ თქვენ სტუმრად ბავშვებთან ერთად მიდიხართ, ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ დაისვენებთ. ბავშვმა თავი გარიყულად არ უნდა იგრძნოს, თუ დასვენებას და მეგობრებთან ერთად თავისუფლად საუბარს გეგმავთ, ვიზიტი მარტომ უნდა დაგეგმოთ. სხვა შემთხვევაში, ხართ ერთად და ერთად ერთობით. სასურველია, ისეთი აქტივობები და თამაშები მოიფიქროთ, რომლებშიც ბავშვებიც და მშობლებიც ერთდროულად იქნებიან ჩართული. ამით ბავშვებსაც გააბედნიერებთ და თქვენც დაიმუხტებით ბავშვური, სუფთა და გულწრფელი ენერგეტიკით”.
სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის მარიამმა, ის თამაშები გაგვაცნო, რომელთა სტუმარ ბავშვებთან ერთად შესრულებაც ყველასთვის სასარგებლო, მეგობრულ გარემოს შექმნის.
„ანარეკლი სარკეში“
თამაშის მიზანია ჯგუფის გახალისება და მონაწილეთა შორის ემპათიის გაღვიძება. წყვილების მოძრაობის კოორდინირება და ჯგუფის წევრების დაახლოება.
მონაწილეები, მშობლები და ბავშვები დაყავით წყვილებად და სთხოვეთ, დადგნენ ერთმანეთის პირისპირ. ერთმა წყვილმა რიგრიგობით უნდა შეასრულოს რაიმე მოძრაობა. (მაგ. აწიონ მარცხენა ხელი, ჩაიმუხლონ, იხტუნონ ასკინკილა და ა.შ). ამავდროულად, მათ არ უნდა ისაუბრონ. რამდენიმე მოძრაობის შემდეგ, ვამბობთ „შეჩერდი!“ და ამის შემდეგ, სხვა წყვილები უნდა შეეცადონ, გაიმეორონ მოძრაობები იმავე მიმდევრობით. თანდათან, ისინი ერთმანეთის მოძრაობას ისწავლიან და შეძლებენ ისე იმოძრაონ, თითქოს რეალურ სარკეში აისახებიან.
„ნეგატიური ფიქრები ნაგვის ურნაში”
თამაშის მიზანია ჯგუფის გახალისება, მონაწილეების ერთმანეთთან დაახლოება, ნეგატივისგან გათავისუფლება.
თხოვეთ ბავშვებს და მშობლებს, დაწერონ ფურცელზე თუკი რაიმე ნეგატიური განწყობა ან პრობლემა აქვთ. შემდგომ დაჭმუჭნონ ეს ფურცელი და მათ წინ დადგმულ სანაგვე ურნაში ისროლონ, გადააგდონ ნეგატიური ფიქრები. ვინც მალე ჩააგდებს, გაამხნევეთ აპლოდისმენტებით.
„ჰა?“
თამაშის მიზანია მონაწილეების გახალისება, პოზიტიური განწყობის შექმნა.
სთხოვეთ მონაწილეებს, წრეზე განლაგდნენ. მთავარი აქტივობაა, რომ რიგრიგობით, წრეზე გაიმეორონ „ჰა“ სიცილის გარეშე. პირველი მონაწილე მარჯვნივ მჯდომს ეუბნება „ჰა“. მეორე (მარჯვნივ მყოფი) გადასცემს მის მარჯვნივ მყოფს „ჰა, ჰა“-ს (კიდევ ერთ „ჰა“-ს ამატებს). მესამე მონაწილე ამბობს „ჰა, ჰა“ და ამატებს კიდევ ერთ „ჰა“-ს. მთავარი დათქმაა, რომ წარმოთქვან ღიმილის და სიცილის გარეშე. ასე გრძელდება წრეზე, სანამ ყველა მონაწილე არ იტყვის „ჰა, ჰა, ჰა, ჰა, ჰა“-ს სიცილის გარეშე.
მარიამი ამბობს, რომ ყველა ბავშვი განსაკუთრებულია და თუ პატარა სტუმრებს მათზე მორგებულ გარემოს შევუქმნით, ეს დღე აუცილებლად დაილექება პატარების მეხსიერებაში და არა მხოლოდ მათთვის, თქვენთვისაც დაუვიწყარ მოგონებად იქცევა.