როცა თინეიჯერი შვილი პირსინგის გაკეთებას გეგმავს – რა უნდა იცოდნენ მშობლებმა
მზეო შველიძის საავტორო სტატია
თინეიჯერებს განსაკუთრებით უყვართ ე.წ პირსინგების/საყურეების ტარება. უფროსი თაობის წარმომადგენლები და ხშირად ახალგაზრდა მშობლებიც ვერ ხვდებიან, რატომ გაიკეთა ბავშვმა საყურე ჭიპზე, ცხვირზე, ტუჩზე თუ სხეულის სხვა ადგილებში. ისინი იწყებენ ფიქრს იმის შესახებ, რომ მათი შვილების ცხოვრებაში თუ „თავში“ რაღაც რიგზე შეიძლება არ იყოს, „სხვა რა მიზეზი უნდა ჰქონოდა“… მშობლის ასეთი ფეთქებადი რეაქციის გამო, ოჯახური კონფლიქტებიც აქტიურ ფაზაში შედის და თინეიჯერის ფიქრები – როგორ მოვუარო პირსინგს გართულების გარეშე, გაღიზიანებული მშობლისთვის საერთოდ არაა მნიშვნელოვანი.
როგორ უნდა შეხვდეს მშობელი შვილის არჩევანს, რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მისი ჯანმრთელობა დაიცვას და ბოლოს და ბოლოს რა უფრო მნიშვნელოვანია, მეზობლის აზრი, თუ შვილის ჯანმრთელობა. ამ საკითხებზე EDU.ARIS.GE პირსინგების გაკეთების სპეციალისტს (პირსერი), თიკო ხელაშვილს ესაუბრა, რომელიც თავადაც მშობელია და თინეიჯერების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, მშობლების ყველა აქტუალურ შეკითხვას გასცემს პასუხს.
-თიკო, პირველ რიგში გვითხარით, როცა თინეიჯერი პირსინგის გაკეთების მიზნით მოგმართავთ, აუცილებელია თუ არა მშობლის ნებართვა და რა ტიპის ნებართვაა საჭირო (წერილობითი/ზეპირი)?
-როცა არასრულწლოვანი, გნებავთ თინეიჯერი გეგმავს, პირსინგი გაიკეთოს, აუცილებელია, რომ პირსერმა, ვინც აკეთებს პირსინგს, მშობლის ნებართვა მიიღოს. ხშირ შემთხვევაში, მშობელი მოჰყვება შვილს, თუმცა ასეც ხდება, რომ თინეიჯერი მარტო მოდის და სპეციალისტს ეუბნება, რომ მშობელი თანახმაა. ასეთ შემთხვევაში, პირადად მე ვეუბნები, რომ აუცილებელია, სატელეფონო კონტაქტი მქონდეს მშობელთან იმის გასარკვევად, რომ ის ნამდვილად თანახმაა, გაკეთდეს პროცედურა. ამის შემდეგ ივსება ხელშეკრულება – „ინფორმირებული თანხმობა“, საიდანაც, როგორც მომხმარებელი, ასევე მშობელი სრულ ინფორმაციას ეცნობა პირსინგის და მისი მოვლის შესახებ და როგორც მშობელი, ისე მომხმარებელი ხელმოწერით ადასტურებენ მას. რასაკვირველია, დაუშვებელია, როცა არასრულწლოვანს პირსინგს უკეთებ მშობლის წერილობითი თუ ზეპირი ნებართვის გარეშე.
-სხეულის რა ნაწილზე იკეთებენ თინეიჯერები ძირითადად პირსინგებს?
-კონკრეტულად ვერ გეტყვით, რადგან ყველა ზონა საკმაოდ მოთხოვნადი და აქტუალურია. თუმცა, უფრო მეტად პოპულარული მაინც ყურია, თავისი ხრტილით. ასევე, ძალიან მოთხოვნადია წარბი, ცხვირი, სეპტუმი, სმაილი, ენა, ტუჩი, ჭიპი. შედარებით ნაკლებად მოთხოვნადია მკერდის პირსინგი.
-თიკო, გადავიდეთ როგორც მშობლისთვის, ისე თინეიჯერისთვის აქტუალურ კითხვაზე, რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს პირსინგის გაკეთებამ და რა შემთხვევაში ხდება ეს?
-პროფესიონალი პირსერისგან სწორად გაკეთებულ პირსინგს, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არანაირი გართულება არ მოჰყვება, თუ მომხმარებელმა ყველა ის რჩევა გაითვალისწინა და მოვლის წესი დაიცვა, რასაც ვაძლევთ. თუმცა, არსებობს ინდივიდუალური სხეული, რომელიც ვერ ეგუება პირსინგს და უბრალოდ იშორებს, ასეთ დროს ჭრილობა ჩირქდება და გარკვეული გართულებებიც ახასიათებს.
-რას ეტყოდით იმ მშობლებს, რომლებიც ხშირად, უკმაყოფილონი არიან შვილის გადაწყვეტილებით?
-მე, როგორც მშობელს მესმის მათი, მაგრამ ამ საკითხზე შვილებთან კამათს, მუქარას, დასჯას და ასე შემდეგ აზრი არ აქვს, რადგან ამ დამოკიდებულებას, ხშირად, ცუდ შედეგამდე მივყავართ. უმჯობესია, მშობელმა მშვიდად დააფიქსიროს შვილთან თავისი აზრი, რომ არ მოსწონს, უკმაყოფილოა მისი გადაწყვეტილებით მაგრამ შვილის სურვილს პატივს სცემს და ამ საკითხში მხარდაჭერა ექნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოზარდი რომ მშობლის უარყოფით აზრს იგებს, ის მალულად იწყებს თავისი სურვილის დაკმაყოფილებას და თვითნებურად იკეთებენ „ვითომ პირსინგს“. სინამდვილეში კი ძალიან დიდ ზიანს აყენებენ საკუთარ თავს და ეს ყველაფერი დიდ რისკებთან არის დაკავშირებული.
-თვითნებური პირსინგი ახსენეთ, რამდენად შეიძლება და რა რისკები ახლავს თან პირსინგის დამოუკიდებლად გაკეთებას?
-თვითნებური პირსინგის გაკეთება კატეგორიულად არ შეიძლება! დავიწყოთ იმით, რომ ყველაფერს თავისი პროფესიონალი სჭირდება. პროფესიონალმა პირსერმა იცის, თუ რომელი ზონა როგორ კეთდება, რა ზომა ნემსია საჭირო, რომელ ნემსს რომელი სამკაული შეესაბამება, სად უნდა გაიაროს ნემსმა, რომ რამე არ დავაზიანოთ. შესაძლოა, ვინმე ისე აღიქვამს, რომ „უფ, ამას რა უნდა, ნემსის ჩხვლეტაა რა, ამან რა უნდა დამიშავოს“. მაგრამ მერწმუნეთ, იმაზე მეტი შეიძლება დაიშავოთ, ვიდრე წარმოგიდგენიათ. შევთანხმდეთ! ყველაფერს თავისი პროფესიონალი ჰყავს: სტომატოლოგი კბილის პროფესიონალია, პირსერი- პირსინგის. ამიტომ, იმის მიხედვით თუ რა გვჭირდება, ჩვენივე უსაფრთხოების მიზნით, უნდა მივმართოთ მხოლოდ პროფესიონალს.
-არსებითია თუ არა მშობლისთვის სად იკეთებს თინეიჯერი პირსინგს, რას უნდა მიექცეს ყურადღება?
-არანაირი მნიშვნელობა არ აქვს გაპიარებული სტუდიაში გაიკეთებთ პირსინგს, თუ სტუდიაში, რომელიც სახლშია მოწყობილი. აქ უმნიშვნელოვანესია, მშობელმა შემდეგ ფაქტორებს მიაქციოს ყურადღება:
- პირსინგის გაკეთების დროს, ჰიგიენის ნორმები უნდა იყოს დაცული; კანი დამუშავებული სპეციალური სითხით, გამოყენებული იყოს საჭირო აღჭურვილობა და სტერილური ხელსაწყოები, რომლებიც იხსნება თქვენს თვალწინ. ასევე, ერთჯერადი ნემსები, რომლებიც იხსნება თქვენს თვალწინ;
- ჰკითხეთ პირსერს, არის თუ არა სერტიფიცირებული და მოითხოვეთ აღნიშნულის შესაბამისი დოკუმენტის ჩვენება; სერტიფიკატი არის იმის გარანტია, რომ ამ ადამიანმა წარმატებით გაიარა კურსები და შეისწავლა მუშაობის ტექნიკა.
- აუცილებლად უნდა დაეხმაროთ და გვერდში დაუდგეთ შვილს, როგორც პირსინგის გაკეთების დროს, ისე მისი მოვლის საკითხშიც. პირსინგის სწორად მოშუშება და ყველანაირი გართულების თავიდან აცილება მის სწორად მოვლაზეა დამოკიდებული.
მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.