GE
27 მაისი, 2024 11:18

როცა ტყუპებს ასწავლი – აი, რა დარიგებას აძლევს გამოცდილი პედაგოგი კოლეგებსა და მშობლებს

„ტყუპების მასწავლებლობა გამორჩეულად სახალისო და საინტერესოა, უამრავი წარუშლელი მოგენება გექნებათ. ისინი კლასის ცნობილი სახეები არიან. „ტყუპები მოდიან მას“, „ტყუპებს აგვიანდებათ“, „დღეს ტყუპები აცდენენ“. მათ როგორც ერთ მთლიანს, ისე უყურებენ“, – უყვება EDU.ARIS.GE-ს თელავის მე-4 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების დამრიგებელი, ნინო ხაჩიძე, რომელსაც ტყუპი მოსწავლეები ჰყავს და მათთან ურთიერთობის სპეციფიკაზე მოგვითხრობს.

„ამჟამად ორ წყვილ ტყუპს ვასწავლი. მარიამ და ელენე ჯავახიშვილები როგორც ფიზიკურად, ისე თვისებებით განსხავავდებიან ერთმანეთისგან, თუმცა ორივე ძალიან მოსიყვარულე და თბილია. მათ ერთმანეთის გარეშე არც თამაში და არც დავალების შესრულება სურთ. როდესაც ერთს ვუშვებ გაკვეთილიდან, მეორესაც აქვს სურვილი, გავიდეს, მასზე ზრუნავს. როცა ერთი ხდება ცუდად, მეორე მთხოვს, რომ დავურეკო. მეუბნება – ძალიან მენატრებაო.

იხილეთ ფოტო:

„ასევე ტყუპები არიან მარიამ და ბარბარე პატაშურები. ფიზიკურად იმდენად გვანან ერთმანეთს, ვერავინ არჩევს. ისინიც სულ ერთად არიან, ძალიან მხიარული და მეგობრული ხასიათი აქვთ. ორივე წყვილი ტყუპის მიმართ ყოველთვის დიდი ყურადღებაა. მიჩვეულნი არიან, რომ სულ ეპიცენტრში იყვნენ “, – ამბობს დამრიგებელი.

გამოცდილი დამრიგებელი კოლეგებსა და ტყუპი შვილების მშობლებს მიმართავს და ამბობს, რომ ტყუპებთან ურთიერობისას მათ აუცილებლად უნდა მივუდგეთ არა როგორც ერთ მთლიანს, არამედ როგორც ინდივიდებს.

„მე, როგორც პედაგოგმა და დამრიგებელმა ვიცი, რომ ყოველი ბავშვი ცალკე ინდივიდია, ტყუპების შემთხვევაშიც ასეა. ტყუპებს ინდივიდუალობის აღიარება, წახალისება, მხარდაჭერა სჭირდებათ. ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ მათი ინტერესები, შესაძლებლობები, ხასიათი”, – გვიხსნის მასწავლებელი.

პედაგოგი გვირჩევს რა არის ის გზა, რომლითაც ტყუპი მოსწავლეების აკადემიურ წინსვლასა და  განვითარებას შევუწყობთ ხელს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთის პრობლემებს დამოუკიდებლად გაართვან თავი, მათ შორის ცალ-ცალკე იმეცადინონ. თუ დავალების ცალ-ცალკე შესრულებასთან დაკავშირებით გამოიკვეთება სირთულეები, მეთოდები ცალ-ცალკე უნდა შევურჩიოთ. თუ ასე არ მოვიქცევით, მაღალ კლასებში გაუჭირდებათ, რომ ერთმანეთისგან დამოუკიდებლები იყვნენ. ამიტომ, ტყუპების მშობლებსა და მასწავლებლებს კიდევ უფრო მეტი დაკვირვება მართებთ”, – აგვიხსნა ნინო ხაჩიძემ.

ასევე იხილეთ:

როგორ ჩავდო ინვესტიცია შვილის განათლებაში სწორად და შედეგიანად – მშობელი გამოცდილებას გაგიზიარებ

როგორ გამოიყურება ბეჯითი მოსწავლის სამუშაო მაგიდა – EDU.ARIS.GE-ს მოსწავლე და-ძმამ უმასპინძლა

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში