GE
11 იანვარი, 2024 14:00

როგორ გამოიყურება ბეჯითი მოსწავლის სამუშაო მაგიდა – EDU.ARIS.GE-ს მოსწავლე და-ძმამ უმასპინძლა

სანაქებო მოსწავლის ოთახში თუ შეგიხედავთ? – თუ ასეა, მაშინ აუცილებლად მოკრავდით თვალს ოთახის მნიშვნელოვან წერტილში განთავსებულ სამუშაო მაგიდას, რომელიც წიგნებითა და სხვა უამრავი საჭირო ნივთითაა სავსე. თანაც, ისე სუფთად არის დალაგებული, რომ ნებისმიერ დიასახლისს შეშურდება.

ქაოსის მოყვარული გენიოსებიც ბევრი ვიცით, მაგრამ ბეჯითი, სწავლას მოწყურებული მოსწავლის სამეცადინო სივრცე სულ სხვა ამბავია და ძირითადად წესრიგი სუფევს. სწორედ ასეთმა მოსწავლეებმა უმასპინძლეს EDU.ARIS.GE-ს საკუთარ სამუშაო სივრცეში.

EDU.ARIS.GE-ს რესპონდენტები და-ძმა, ნია და გეგა ოსეფაშვილები არიან. მე–7 და მე–5 კლასის მოსწავლეები, რომლებიც როგორც აღმოჩნდა, ყველა საგანს ერთნაირად კარგად სწავლობენ და სპორტული ინტერესებიც აქვთ.

გეგამ გაგვიმხილა, რომ და-ძმას ინდივიდუალური სამუშაო მაგიდები აქვთ, თუმცა ნივთების უმრავლესობა, რომლებიც მაგიდების უჯრებში იყრის თავს, ერთნაირია.

ფოტო

„მთავარი, რაც მაგიდაზე გვაქვს არის სანათი და ორგანაიზერი, სადაც კალმები, ფანქრები, საშლელი, სათლელი და სახაზავი დევს. ასევე, გვაქვს პატარა ურნა, რომელიც ძალიან პრაქტიკულია. როცა ფანქარს გავთლი ან რამეს გამოვჭრი იქ ვათავსებ და ასე ვინარჩუნებ სისუფთავეს საწერ მაგიდაზე. იქვე მაქვს წიგნების კარადა, სადაც საკითხავ წიგნებთან ერთად, სხვადასხვა ენციკლოპედიები მიდევს  და თუ რაიმეს მოძებნა დამჭირდება ჯერ მათში ვეძებ, შემდეგ ინტერნეტში. მაგიდაზე ორივეს გვაქვს ბლოკნოტი, რომელშიც ჩანიშნულია საშინაო დავალებები თითოეული სასწავლო დღის მიხედვით“, –  გვიყვება გეგა.

ნიაც და გეგაც ამბობენ, რომ სამუშაო მაგიდას მუდამ თავად აწესრიგებენ და ამისათვის ყოველდღიურად სულ 15 წუთი სჭირდებათ. და-ძმას რჩევა იმ მოსწავლეებისთვისაც აქვთ, რომლებსაც სამუშაო მაგიდის მოწესრიგება ეზარებათ:

ფოტო

„დაახლოებით 15 წუთში ვაწესრიგებთ სამუშაო მაგიდას. ოდნავ მეტი ძალისხმევა სჭირდება ჩემი მაგიდის გალამაზებას, რადგან თეთრია და ზედაპირს უფრო ხშირად ვასუფთავებ. ყველას ვურჩევ, არ დაიზარონ მოწესრიგება, რადგან არეული მაგიდა ძალიან მოქმედებს განწყობაზე და მეცადინეობისას სხვადასხვა ნივთების ძებნა დროსაც გაკარგვინებს“, – გვიხსნის ნია.

გეგა და ნია ამბობენ, რომ როცა სტუდენტები გახდებიან, მათი სამუშაო მაგიდა მოცულობით უფრო დიდი იქნება და მის მოწესრიგებასაც კვლავ გააგრძელებენ.

მოსწავლეებო და მშობლებო, გაგვიზიარეთ, როგორ გამოიყურება თქვენი ან თქვენი შვილის სამუშაო მაგიდა.

ასევე იხილეთ:

როგორ ჩავდო ინვესტიცია შვილის განათლებაში სწორად და შედეგიანად – მშობელი გამოცდილებას გაგიზიარებთ

მოამზადა მზეო შველიძემ

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში