როცა უფროსკლასელებზე 10 წლით უფროსი ხარ – როგორ წარმართა ახალგაზრდა მასწავლებელმა მე-12 კლასელებთან ურთიერთობა
როცა მე-12 კლასელების მასწავლებელი ხარ და შენზე ათიოდე წლით უმცროსები არიან – ეს მარტივი ნამდვილად არ არის. ამას კარგად იაზრებს თბილისის 64-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის ახალგაზრდა პედაგოგი, სალომე ჯინორიძე.
ის საკუთარი გამოცდილებით EDU.ARIS.GE -ს უზიარებს რჩევებს მომავალი მასწავლებლებისთვის – განსაკუთრებით მათთვის, ვინც დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს პირველად უხელმძღვანელებს. როგორ უნდა მოექცე მათ? როგორ შეინარჩუნო თანასწორობისა და ავტორიტეტის ბალანსი? როგორ დაარეგულირო დისტანცია, როცა ასაკობრივად ასე ახლოს ხართ…
იხილეთ სალომე მასწავლებლის რჩევები:
შენ ხარ მათი პედაგოგი!
ბევრჯერ მოგინდება, უფრო ახლოს იყო მოსწავლეებთან, მაგრამ გახსოვდეს: მათ სჭირდებათ ადამიანი, რომელიც მხარდაჭერის მიუხედავად, საზღვრებს იცავს. პირველივე დღეებიდან დაასაბუთე, რომ პატივისცემა ორმხრივია და არა მოვალეობის მოხდის მიზნით შესრულებული ქმედება.
იყავი გულწრფელი – ბავშვები აუცილებლად იგრძნობენ შენს გულწრფელ ემოციებს
თინეიჯერები მარტივად ხვდებიან ყალბ დამოკიდებულებას, ამიტომ ყოველთვის იყავი ნამდვილი. თუ რამე არ იცი – არ შეირცხვინო თავი, თქვი პირდაპირ. ეს მათთვის არა სისუსტის, არამედ შენი სიძლიერის მაჩვენებელი იქნება.
იმოგზაურე მათთან ერთად, მაგრამ რუკა შენ გეჭიროს
შეეცადე, გაუგო მათ ინტერესებს, მუსიკას, ენას, პრობლემებს. მაგრამ არ დაგავიწყდეს – ბოლოს მაინც შენ უნდა დაანახო გზა. იყო ერთდროულად მეგობარი და ხელმძღვანელი, ეს ოსტატობას მოითხოვს, მაგრამ შესაძლებელი და აუცილებელია.
არ იფიქრო, რომ ასაკი შენი ნაკლია – ეს შენი უპირატესობაცაა
შენ მათ ენაზე შეგიძლია საუბარი, შენც არ დაგვიწყებია, როგორია გამოსაშვები კლასის სტრესი. გამოიყენე ეს ემპათია – დაეხმარე მათ ისე, როგორც შენ გინდოდა, დაგხმარებოდნენ.
იუმორი – შენი საიდუმლო იარაღია
დაძაბულ სიტუაციებში (რომელიც მე-12 კლასში ძალიან ბევრია) იუმორს შეუძლია, მთელი კლასი განმუხტოს – “იცინე – გაიმარჯვე.”