როდის შეიყვარებს ბავშვი წიგნს? – პასუხი მშობლებს აქტუალურ კითხვაზე
ავტორი: ინა მეცხვარიშვილი – თბილისის 106-ე საჯარო სკოლის I-IV-კლასების მენტორი მასწავლებელი
როდის შეიყვარებს ბავშვი წიგნს?
იქნებ მაშინ, როცა აღარ დავაძალებთ დაჟინებით და უბრალოდ მივცემთ საშუალებას, რომ სწორი ფორმით შეთავაზებულმა წიგნმა მიიზიდოს?! მშობელი ყველაფერს აკეთებს – კითხულობს, უზიარებს, აძლევს მაგალითს, შთააგონებს… და მაინც არ არის შედეგი. ან კითხულობს [ბავშვი], თუმცა არა ინტერესით, არა სიყვარულით, არამედ დაძალებით – დავალებაა და უნდა წაიკითხოს… და ეს ჩვენთვის მართლაც გულდასაწყვეტია – ვფიქრობთ, რომ „არაფერი ჭრის… ვერც მე შევძელი“.
მაგრამ იქნებ კითხვა არ არის კონკრეტული ქმედება, რომელსაც დღეს ვასწავლით და ხვალ ამუშავდება? იქნებ კითხვა თესლია, რომელიც შეიძლება დღეს ვერ აყვავდეს, თუმცა წლების შემდეგ მაინც გადაიფურჩქნოს?
მოდი, შევაჯამოთ:
კითხვის სიყვარული არ იწყება „უნდა წაიკითხო!“-თი, იწყება როცა ბავშვი ხედავს, რომ კითხვა გვაცინებს, გვატირებს, გვაშინებს, გვაღელვებს… როცა ხედავს და თავადაც უნდება ამ უდიდესი სიამოვნებით ტკბობა.
ყველა ბავშვი სხვადასხვა გზით მიდის წიგნამდე. ზოგს თამაშით უყვარს კითხვა, ზოგს აუდიოვერსია ურჩევნია, რადგან მოსმენა უფრო სიამოვნებს, ზოგს უბრალოდ დედის კითხვის ტემბრით მოწონს.
ეკრანი კონკურენციას უწევს წიგნს, თუმცა ის არ არის „აუღებელი კედელი“. სიმარტივე, სიჩქარე, ვიზუალიზაცია შთამბეჭდავია, მაგრამ წიგნს შეუძლია ისეთი რამ შესთავაზოს ბავშვს, რასაც ეკრანი ვერ გვაძლევს – როცა ბავშვი კითხულობს, ის არ უყურებს მზად შეთავაზებულ სამყაროს, ის თვითონ ქმნის მას. ეს ძლიერი მხარე კი სწორედ ჩვენ უნდა აღმოვაჩენინოთ ბავშვებს.
წიგნი ხშირად უყვარდებათ მაშინ, როცა აღარც ელოდებით. შეიძლება დღეს არ კითხულობს, მაგრამ ათი წლის შემდეგ გაიხსენოს ის წიგნი, რომელიც ბავშვობაში დედის ხელმა მისცა.
და ბოლოს:
ბავშვს წიგნი კი არ უნდა დავაძალოთ, უნდა დავუტოვოთ მისი აღმოჩენის უფლება. ეს კი ის გზაა, რომელიც შენით იწყება და ბოლოს თვითონ აგრძელებს. არ იცი, როდის და როგორ, მაგრამ ერთხელ აუცილებლად დაუბრუნდება იმ სიტყვებს, რომლებიც გითქვამს, თუმცა გეგონა „არ გისმენდა“.
ასევე იხილეთ:
ნიშნავს თუ არა დისციპლინა სიმკაცრეს? – „როცა კლასში წესრიგია, მოსწავლე უკეთ სწავლობს“
„ამცირებს მარცხის შიშს“ – კიდევ რატომ არის მოსწავლისთვის აუცილებელი ჯგუფური მუშაობა სკოლაში