GE
4 ივნისი, 2026 11:48

რატომ და როგორ სჯიან მოსწავლეებს ცემით მალაიზიის სკოლებში – მშობლების 60% ამას ეთანხმება

მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში, სკოლებში მოსწავლეების ფიზიკური დასჯა კანონმდებლობით აკრძალულია, თუმცა ზოგიერთ სახელმწიფოში ბავშვის ცემა ჯერ კიდევ საგანმანათლებლო პროცესის აუცილებელ ნაწილად მიიჩნევა.

ის სახელმწიფოები, სადაც ფიზიკური დასჯა დისციპლინის ნაწილად ისევ ითვლება, შეგვიძლია ორ კატეგორიად დავყოთ – ქვეყნები, სადაც მოსწავლის ცემა აკრძალულია, მაგრამ პრაქტიკაში მაინც გვხვდება და ქვეყნები, სადაც ფიზიკური დასჯა კანონიერია. მეტიც, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, არის სახელმწიფო, სადაც მშობლების 60% მიიჩნევს, რომ ბავშვის სათანადო აღზრდისთვის ფიზიკური დასჯა აუცილებელია.

ასეთია მალაიზია და EDU.ARIS.GE დღეს სწორედ მასზე მოგიყვებათ.

რა უნდა ვიცოდეთ მალაიზიაზე:

მალაიზია, დედაქალაქით კუალა-ლუმპური, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყანაა, რომელსაც სამხრეთ ჩინეთის ზღვა ორ რეგიონად ჰყოფს: ნახევარკუნძულოვანი მალაიზია და მალაიზიის ბორნეო. ქვეყნის მოსახლეობა 34 მილიონს აღწევს. მრავალეთნიკურობის გამო, ერთ სახელმწიფოში თანაცხოვრება სხვადასხვა კულტურის, აღმსარებლობისა და ტრადიციების ხალხს უწევს, რაც ნათლად ჩანს მათ ყოველდღიურობაში.

მალაიზიაში განათლების ხარისხი საშუალოზე დაბალია (OECD).

რა ხდება მალაიზიის სკოლებში – რატომ და როგორ სჯიან მოსწავლეებს ფიზიკურად?

მალაიზიაში სასკოლო ასაკად 6-17 წელი ითვლება. 6-12 წლის ბავშვები სკოლის დაწყებით, ხოლო 13-17 წლის ასაკში საშუალო საფეხურზე სწავლობენ.

მსოფლიოს ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით, სადაც მოსწავლეთა ფიზიკური დასჯის პრაქტიკა სრულად ან ნაწილობრივ მაინც აიკრძალა, მალაიზიაში, დღეს, სკოლაში ცემა დისციპლინის შემადგენელი და ოფიციალურად ნებადართულია. უფრო მეტიც, არსებობს სამთავრობო დირექტივა, რომელიც „პროცესის გაცივილურებას“ ცდილობს, მოსწავლის ჯოხით (სახრე, წკეპლა) „სწორად“ ცემის წესებს კი ქვეყნის განათლების სამინისტროს მიერ 2006 წელს მიღებული განათლების რეგულაციებით (მოსწავლეთა დისციპლინა) განსაზღვრავს.

2005 წელს, ამ საკითხზე ქვეყანაში გარკვეული დისკუსიები მიმდინარეობდა. მასწავლებელთა ეროვნული პროფესიული კავშირის გენერალური მდივანი, ფუზი სინგონი აცხადებდა, რომ ბოლო პერიოდში, მიუხედავად მოსწავლეთა ცემის პრაქტიკის ოფიციალური ნებადართულობისა, მასწავლებლები მოსწავლეთა ფიზიკურ დასჯაზე უარს ამბობდნენ, მშობელთა ნაწილის მიერ სამართლებრივი რეაგირების შიშით.

სწორედ, ამგვარი განცხადებების გამო, გასული წლის [2025 წელი] შემოდგომაზე, მალაიზიის სკოლებში ფიზიკური დასჯის კონტროლის მოწოდებით არაერთი მშობელი და სკოლის ასოციაცია გამოვიდა. მათი პოზიციით, დასჯა მკაცრი მითითებების დაცვით უნდა განხორციელებულიყო და მოსწავლეთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საფრთხე არ შეექმნა: „ეს საგანმანათლებლო პროცესის ნაწილია, განსაკუთრებით იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც მუდმივად არადისციპლინირებულები არიან. თუმცა, ეს უნდა მოხდეს სათანადო პროცედურების დაცვით და შესაბამისი ფორმით“.

თემის გარშემო დებატები მას შემდეგ დასრულდა, რაც მალაიზიის განათლების მინისტრმა, ფადლინა სიდეკმა განაცხადა, რომ ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემაში ჯოხით დასჯა კვლავ სასჯელის აუცილებელ ფორმად დარჩება.

მალაიზიის სკოლებში მოსწავლეებს ფიზიკურად ძირითადად ბულინგისა და პორნოგრაფიული მასალის გამოყენებისა თუ გავრცელებისთვის სჯიან. ჯოხით დასჯა რეგულირდება მკაცრად განსაზღვრული წესით:

  • დაშვებულია მხოლოდ მოსწავლე ბიჭების ფიზიკური დასჯა;
  • დასჯა დაშვებულია მხოლოდ დუნდულებზე (ტანსაცმელზე) ან ხელისგულზე;
  • სასჯელი უკიდურესი ზომა უნდა იყოს სერიოზული ან განმეორებითი დანაშაულისთვის;
  • მისი გამოყენება შეუძლია მხოლოდ დირექტორს ან სპეციალურად დანიშნულ მასწავლებელს, რომელსაც აქვს წერილობითი ნებართვა;
  • საჯაროდ ჯოხით დასჯა მთელი სკოლის წინაშე ან საკლასო ოთახში მკაცრად აკრძალულია, ეს უნდა მოხდეს კონფიდენციალურად, რათა თავიდან იქნას აცილებული დამცირება.

რას აცხადებს საერთაშორისო ორგანიზაციების ნაწილი, ზოგადად, ბავშვების ფიზიკურ დასჯაზე?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO)ფიზიკური დასჯა იწვევს მძიმე ფსიქოლოგიურ და ფიზიოლოგიურ შედეგებს. ფიზიკური დასჯის მსხვერპლ ბავშვებს უფრო მეტად აღენიშნებათ შფოთვა, დეპრესია, დაბალი თვითშეფასება და ემოციური არასტაბილურობა, რაც ზრდასრულ ასაკშიც გრძელდება და შეიძლება გამოიწვიოს ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარება, ძალადობრივი ქცევა და თვითმკვლელობა.

ფიზიკური დასჯის და მასთან დაკავშირებული ზიანის პრევენცია შესაძლებელია მრავალსექტორული და მრავალმხრივი მიდგომებით, მათ შორის, სამართლებრივი რეფორმით, ბავშვის აღზრდისა და დასჯის შესახებ მავნე ნორმების შეცვლით, მშობლებისა და მზრუნველების მხარდაჭერით და სკოლაზე დაფუძნებული პროგრამებით.

გაეროს ბავშვთა ფონდი – UNICEF – ბავშვები, რომლებსაც ფიზიკურად ან ფსიქოლოგიურად სჯიან, არ იქცევიან მათზე უკეთესად, ვინც არასდროს დაუსჯიათ. კვლევები საპირისპიროს აჩვენებს – დასჯილი ბავშვები, დროთა განმავლობაში, აგრესიულობისა და ცუდად მოქცევისკენ უფრო მეტად მიდრეკილი ხდებიან… მსოფლიო საზოგადოებამ აიღო ვალდებულება, რომ 2030 წლისთვის ბავშვების მიმართ ძალადობის ყველა ფორმას დაასრულებს. თუმცა, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონი – და მთლიანად მსოფლიო, ამ დაპირების შესრულებას ვერ ახერხებს.

ასევე იხილეთ: 

საკლასო „ომების“ მოგვარება, ანუ დისციპლინის კარგი მეთოდები

„რთული კლასის მართვა“ – მათემატიკის წამყვან მასწავლებელს საკლასო ოთახების ვიდეო კამერებით აღჭურვის იდეა აქვს

როგორ გავუმკლავდეთ კლასში დისციპლინურ პრობლემებს

schools.ge (ნ)