GE
1 ნოემბერი, 2023 12:20

როგორ იცავენ დრესკოდს და რა შეზღუდვები აქვთ სკოლებს მოსწავლეთა ჩაცმულობის მხრივ – უახლესი ინფორმაცია სკოლებიდან

თბილისის კლასიკურმა გიმნაზიამ 2023-2024 სასწავლო წელი მოსწავლეებისთვის ჩაცმულობასთან დაკავშირებული სიახლით დაიწყო – სკოლას მათთვის დრესკოდთან დაკავშირებული შეზღუდვები აქვს. ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს 31 ოქტომბერს, სკოლაში განუცხადეს და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესიც გააცნეს.

სკოლის შინაგანაწესის დაწესებული შეზღუდვის თანახმად, მოსწავლეები სკოლაში არ უნდა გამოცხადდნენ სკოლისთვის შეუფერებელი სამოსით: მოკლე შარვლითა და ტოპით, მაკიაჟით. ასევე, დაუშვებელია მოსწავლის ისეთი სამოსით გამოცხადება, რომელზეც გაჟღერებულია შეურაცხმყოფელი გამონათქვამი ან ვხვდებით ვულგარულ სურათსა და კარიკატურას.

ხოლო, თუ სკოლის მოსწავლე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ზემოაღნიშნული წესებიდან რომელიმეს დაარღვევს, როგორც კლასიკურ გიმნაზიაში განგვიმარტეს, იგი სიტყვიერ გაფრთხილებას მიიღებს.

სკოლაში აღნიშნავენ, რომ აკადემიური სასწავლო გარემოში ჩაცმის სტილთან დაკავშირებული შეზღუდვების-საზღვრები დააწესეს, რადგან მომატებული იყო მოსწავლეთა შეუსაბამო ჩაცმულობით ფორმალურ, აკადემიურ გარემოში გამოცხადების შემთხვევები.

როგორც გავიგეთ, მსგავსი შეზღუდვები სხვა სკოლებშიც არსებობს.

გურამ რამიშვილის სახელობის თბილისის #20 საჯარო სკოლაში EDU.ARIS.GE-ს უთხრეს, რომ სკოლის შინაგანაწესში გაწერილი მითითებები არ აქვთ, მაგრამ არსებობს მსგავსი შეზღუდვები, რომელსაც მოსწავლეები იცავენ.

„მოსწავლეებს უნდა ეცვათ სკოლისთვის შესაფერისი სამოსი, რაც იმასაც გულისხმობს, რომ მოკლე ტოპით და შორტით არ გამოცხადდნენ გაკვეთილებზე, ე.წ ბრიჯები კი შეიძლება“, – განგვიმარტეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.

რაც შეეხებათ, კერძო სკოლებს, სასწავლო დაწესებულებაში მოსწავლეების შეუსაბამო იერით გამოცხადების პრევენციისთვის კერძო სკოლების ნაწილში გამოსავალი სასკოლო უნიფორმებია მათვის კი, ვინც მოსწავლეებს უნიფორმების ტარებას არ ავალდებულებს, სკოლის შინაგანაწესი.

ჩაცმულობას აკონტროლებენ ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N42 საჯარო სკოლაშიც.

„ჩვენს სკოლაში მოსწავლეები სასკოლო ფორმებს არ ატარებენ, თუმცა ვიცავთ სკოლის შინაგანაწესით დადგენილ წესებს მოსწავლის ჩაცმასთან დაკავშირებით. შეზღუდვები ჩვენთანაც იდენტურია“, – გვითხრეს სკოლაში.

მოსწავლეთა შეუსაბამო ჩაცმულობის პრევენციისთვის, გზა ნაპოვნი აქვს კერძო სკოლა პრომეთეს. EDU.ARIS.GE-ს სკოლაში უყვებიან, რომ ეს გზა სასკოლო უნიფორმებია.

„ჩვენს სკოლაში სასკოლო უნიფორმებს მოსწავლეები პირველი კლასიდან დამამთავრებელი კლასის ბოლომდე ატარებენ. გოგონების შემთხვევაში, ეს არის თეთრი პერანგი, ჰალსტუხი, პიჯაკი და ქვედაბოლო მუხლამდე. ბიჭების შემთხვევაში კი შარვალი და ყველა ზემოაღნიშნული, რაც გოგონებთან. სასკოლო ფორმები მოსწავლეთა შეუსაბამო ჩაცმულობის პრევენციისთვის არის ეფექტური. თან, სკოლაში კულტურას, დისციპლინასაც ქმნის“, – გვითხრეს კერძო სკოლის ადმინისტრაციაში.

ამავე თემაზე:

„რატომ გეშინიათ, რომ მოსწავლე და მასწავლებელი მაღალ კლასში შეიძლება ერთნაირად იცვამდნენ? – რატომ არ მიყვარს/არ მინდა ფორმა“

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში