„რატომ გეშინიათ, რომ მოსწავლე და მასწავლებელი მაღალ კლასში შეიძლება ერთნაირად იცვამდნენ? – რატომ არ მიყვარს/არ მინდა ფორმა“
ავტორი ნათია მანია, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს მე-2 საჯარო სკოლაში
ნაწილი I
საქართველოში ბევრს აქვს ნოსტალგიური განწყობა საბჭოთა სკოლისა და საბჭოთა ფორმების მიმართ.
ეს ნოსტალგია გარკვეულწილად გასაგებია. ადამიანებს საკუთარი ბავშვობა ენატრებათ. ის დრო, როცა იყვნენ უფრო ლაღები, ბედნიერები, პასუხისმგებლობით და მოვალეობებით ნაკლებად დატვირთულები, როცა ცოცხალი ჰყავდათ ყველა, ვინც ეძვირფასებოდათ, როცა ბორბალში გამომწყვდეული ციყვივით არ უწევდათ ქანცგაწყვეტამდე სირბილი ოჯახის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
საბჭოთა სკოლაში, მათი აზრით, იყო სიმშვიდე და წესრიგი, იღებდნენ უკეთეს განათლებას და ამავდროულად ყველა იყო თანაბარი: ეცვათ ლამაზი, სუფთა, კოხტა ერთნაირი ფორმები. მასწავლებელი ჰგავდა მასწავლებელს და მოსწავლე – მოსწავლეს.
ეს არის გაიდეალებული, არასწორი შეხედულება (იდეალიზაციის მიზეზი ზემოთ მიწერია).
საბჭოთა სკოლაში ნამდვილად იყო მეტი წესრიგი და გარეგნული სიმშვიდე, რადგან დირექციასა და მასწავლებლებს ჰქონდათ ძალადობის მეტი უფლება. როგორც ფიზიკური ძალადობის, ისე ფსიქოლოგიური ძალადობის.
სკოლის წესრიგი ეჭირა ამ ძალადობას.
მართალია, ეს კანონით არსად იყო დადგენილი, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ყურის აწევისთვის, თმების მოქაჩვისთვის, სილის გარტყმისთვის ან თუნდაც საჩვენებელი ჯოხით დარტყმისთვის, არც ერთი ჩვენი მასწავლებელი არასდროს არ დაუსჯიათ. თუ ვინმე დასაჯეს, ალბათ გამონაკლისები და ისიც მაშინ, როცა მოულოდნელი და არასასურველი შედეგი დადგა.
რაც შეეხება ფსიქოლოგიურ ძალადობას, ამაზე მაგალითს მოვიყვან. ერთხელ, როცა სკოლის სტუმრები პიონერებს შეგვხვდნენ და გვკითხეს, რას ვაკეთებდით, მე ვუპასუხე, რომ არაფერს. მართალია, ვწერთ, რომ ეს ვქენით და ის ვქენით, მაგრამ რეალურად არც არაფერს ვაკეთებთ, რაც, წესით, პიონერებს ევალებათ-მეთქი.
(სხვათა შორის, ეს სიყალბე, რომ თითქოს რაღაცას ვაკეთებთ და საბუთებში მილიონ რამეს ვწერთ, სინამდვილეში კი თითქმის არაფერს ვაკეთებთ, იმ დროიდან მოგვდგამს.
მეორე დღეს მიმიხმო დამრიგებელმა და სულ სკოლის გამყიდველი და მოღალატე მეძახა.
შესაძლებელია, ახლა ეს სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ მაშინ ჩემთვის დიდი სტრესი იყო და სახლში ბევრიც ვიზლუქუნე.
დღესაც, მსგავს სკოლებში, სადაც ძალადობა ასე თუ ისე მიღებულია, მეტი “საჩვენებელი წესრიგია”. ხოლო სკოლებში, სადაც ცდილობენ, ნაკლებად იძალადონ, წესრიგიც უმეტესწილად ნაკლებია. რადგან მაშინ წესრიგის დაცვას სხვა სტრატეგიები, მეტი მონდომება, უნარი და ფანტაზია სჭირდება, რაც უბრალოდ არ გაგვაჩნია…
რაც შეეხება მაშინ მიღებულ განათლებას…
როგორც ახლა, ისე მაშინ, კარგ განათლებას იღებდნენ ერთეულები. ნიჭიერი და ბეჯითი ბავშვები ან ბავშვები, რომლებსაც ნიჭიერი და მონდომებული მშობლები ჰყავთ. ან ბავშვები, რომლებსაც გაუმართლათ და ნიჭით დაჯილდოებული მოსიყვარულე მასწავლებელი შეხვდათ. რაც შეეხება დანარჩენებს, ჩვეულებრივებს, არც თუ ისე ბეჯითებს, ჩვეულებრივი მასწავლებლების მოსწავლეებს, ისინი ნამდვილად არ იღებდნენ კარგ ზოგად განათლებას.
არგუმენტი? მიმოიხედეთ გარშემო. საქართველოს ნახევარი საბჭოთა სკოლაში გაიზარდა. ჰოდა, რამდენი იცით, რომელმაც კარგად იცის ისტორია, გეოგრაფია, მშობლიური ენა და ლიტერატურა, უცხო ენები, ქიმია, ფიზიკა და მათემატიკა?
ვინაა თქვენ გვერდით ასეთი დიმიტრი გელოვანი და თუ არის (გილოცავთ), რამდენია მის განათლებაში სკოლის როლი?
ადამიანებმა ირგვლივ საკუთარი პროფესიის იქით არაფერი იციან და საკუთარი პროფესია თუ იციან, ესეც მისასალმებელია.
საბჭოთა სკოლებსა და უნივერსიტეტებში გაზრდილი მასწავლებლების კაი დიდმა წილმა საკუთარი პროფესიაც კი არ იცის, არათუ სხვა საგნები და სპეციალობის გამოცდას ვერ აბარებს. სახელმწიფოს დასჭირდა, რომ გამოცდის ვერჩამბარებელი მასწავლებელიც ჩამბარებლად გამოეცხადებინა და მოიგონა უსულელურესი კრედიტების სისტემა და მივიღეთ ერთ კრედიტად გამოცდის ჩამბარებელი მასწავლებლები, რომლებსაც გამოცდა ვერ ჩააბარეს, მაგრამ სახელმწიფო ჩაბარებულად უთვლის მაინც…
ჰოდა, დავუბრუნდეთ პირველ სათქმელს და აბა, სად ჩანს საბჭოთა კავშირში მიღებული კარგი განათლება ჩვენ გარშემო?
მოდით, ერთეულებს ნუ მოვიყვანთ მაგალითად, რადგან განათლებული ერთეულები ყოველთვის არსებობდნენ.
ვაჟა-ფშაველა იმ დროს ვაჟა-ფშაველობდა, როცა საჯარო სკოლები სოფლებში საერთოდ არ იყო. თუმცა ეჭვი მეპარება, ვაჟას ქიმიაც და ფიზიკაც სცოდნოდა…
ნაწილი II
დავიწყოთ იმით, რომ ძალიან მაოცებს ხალხი, რომელიც საბჭოთა ფორმებს ლამაზს უწოდებს.
რაც არ უნდა გაგებით მოვეკიდო მათ ნოსტალგიას.
ხალხო, რა იყო ლამაზი ყავისფერი შალის უსახურ კაბებში და შავ ან თეთრ წინსაფრებში, რომლებიც გოგონებს მდიდარი ბურჟუების მოსამსახურეებს ამგვანებდა?
რა იყო ლამაზი სინთეტიკურ, ვიწრო, ლურჯ პიჯაკსა და შარვალში?
რა იყო ლამაზი, გამაგებინეთ, ის, რომ ყველა ერთნაირად გამოიყურებოდა ინკუბატორის წიწილებივით?
ერთნაირობაა სილამაზე?
სულ ორი-სამი ფერი ოც-ოცდაათ ბავშვში?
მრავალფეროვნებაა, თვალს რომ გიჭრელებთ?
მაშინ ყვავილები რატომ მოგწონთ?
რატომ მოგწონთ ათასფერად აჭრელებული კლუმბები და მდელოები, თუკი სილამაზე შავი, ლურჯი და ყავისფერია?
არ მესმის…
რატომ გგონიათ, რომ ერთნაირობა, ყოველგვარი ინდივიდუალურობის დაკარგვა, ერთ მასაში ათქვეფა არის ლამაზი?
რატომ გეშინიათ განსხვავებულების? რატომ გაღიზიანებთ გამორჩეულობა?
რატომ გთრგუნავთ მრავალფეროვნება?
რატომ გეშინიათ, რომ მოსწავლე და მასწავლებელი მაღალ კლასში შეიძლება ერთნაირად იცვამდნენ?
მასწავლებელი მოსწავლისგან მაინცდამაინც ტანსაცმლით უნდა გამოირჩეოდეს?
ან საერთოდ რა აუცილებელია, ასე კატეგორიულად გავმიჯნოთ მასწავლებელი და მოსწავლე?
და რომ ჰგავდნენ ერთმანეთს?
ორივეს შეეძლოს სხვისი სწავლება და სწყუროდეს მეტი სწავლა, რატომაა ეს დანაშაული?
ან ვინ დაადგინა, რომ ფორმა სიღარიბესა და სიმდიდრეს შორის ზღვარს შლის?
რომელი ვერ ხვდებოდით, ვინ იყო თქვენს საბჭოთა კლასში მდიდარი და ღარიბი, რომელი ვერ არჩევდით ახალ და ძველ ზურგჩანთებს, ძვირფას ტყავის ფეხსაცმელსა და გაცვეთილ გამონაცვალებს. რომელი ვერ ხედავდით კლასელების ზომაზე დიდ ან პირიქით, დაპატარავებულ ქურთუკებს, პალტოებს, გემოვნებით შერჩეულ ან ბებიას ნაქონ ნაქსოვ ქუდებს?
კოლგოტი რომ კოლგოტია, იმასაც კი ეტყობა, რომელია ძვირიანი და რომელი იაფი და ჩემი კლასელები ამასაც მშვენივრად ამჩნევდნენ.
ფორმა არ სპობს ბავშვებს შორის სოციალურ სხვაობას, ეს არის ტყუილი!
ჰოდა, რატომ არ მიყვარს/არ მინდა ფორმა. სწორედ იმიტომ, რის გამოც სხვებს უყვართ/მოსწონთ…
ფორმა არის განმამტკიცებელი იმისა, რომ ყველანი ვართ ერთნაირები, ერთი ყავისფერ-მოლურჯო-შავი-ფერმკრთალი მასა, არაფრით განსხვავებულები, არანაირი განსხვავებული სურვილებისა და მიდრეკილებების მქონეები.
ფორმა არის განმამტკიცებელი იმისა, არ გაგვაჩნია და არც გვაქვს უფლება გაგვაჩნდეს ჩვენი ინდივიდუალურობა, განსხვავებული გემოვნება, განსხვავებული შეხედულებები, ოცნებები და მიზნები. ჩვენ უნდა ვიყოთ აბსოლუტურად ერთნი, ერთნაირები მასწავლებლებისთვის, დირექციისთვის, მთელი საზოგადოებისთვის. არაფრით არ უნდა გამოვირჩეოდეთ.
აი, ამის სიმბოლოა ფორმა და ამიტომ ვერ ვიტან, რაც არ უნდა ლამაზი დიზაინისა იყოს.
დიზაინი არაა მთავარი ფორმაში. მთავარია ეს ერთნაირობა, ინკუბატორის წიწილობა, გინდ ბალენსიაგას დიზაინით იყოს და გინდ შანელის სახლის.
ასევე იხილეთ:
ჩინური სკოლის 10 თავისებურება და მოსწავლის აღზრდის მკაცრი მეთოდები