როგორ მოვიქცეთ, როცა ბავშვი ჯიუტობს – რამდენიმე პრაქტიკული რჩევა მშობლებს
ავტორი: ინა მეცხვარიშვილი – თბილისის 106-ე საჯარო სკოლის I-IV-კლასების მენტორი მასწავლებელი
ბავშვის სიჯიუტე ხშირად არა პრობლემა, არამედ სიგნალია იმისა, რომ მას სურს საკუთარი აზრის დაცვა, ყურადღების მოპოვება ან დამოუკიდებლობის გამოვლენა. ასეთ დროს, მშობლისა და მასწავლებლის რეაქციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
რამდენიმე პრაქტიკული ნაბიჯი შეიძლება დაგვეხმაროს, რომ სიჯიუტე სწავლისა და ზრდის პროცესად ვაქციოთ:
გაარკვიეთ სიჯიუტის მიზეზი
ხშირად ბავშვი არ ჯიუტობს ჯიუტობისთვის. შეიძლება უბრალოდ დაღლილია, არ ესმის დავალება ან ყურადღებას ითხოვს. თუ მოსწავლე უარს ამბობს დავალების შესრულებაზე, უმჯობესია ვკითხოთ: „გიჭირს? მოდი, ერთად გავერკვეთ“, ვიდრე მხოლოდ დავალების შესრულება მოვთხოვოთ.
შესთავაზეთ არჩევანი
ბავშვს არჩევანის უფლება დამოუკიდებლობას აძლევს. მაგალითად: „ახლა დავწეროთ დავალება და მერე ითამაშე. თუ გინდა, ჯერ ითამაშე და შემდეგ დავიწყოთ“. ამ დროს ბავშვი უფრო მშვიდად თანხმდება, რადგან იგრძნობს, რომ გადაწყვეტილებაში მისი სიტყვაც მნიშვნელოვანია.
მიეცით შეცდომის დაშვების უფლება
ხანდახან საუკეთესო გაკვეთილს გამოცდილება ასწავლის. თუ ითხოვს წვიმაში ქუდის გარეშე გასვლას, შეიძლება ერთხელ დავუშვათ. როცა თავად იგრძნობს დისკომფორტს, შემდეგში უფრო ადვილად გაითვალისწინებს რჩევას.
დავაკისროთ საკუთარი პასუხისმგებლობა
თუ ბავშვი სკოლაში წიგნს ვერ წაიღებს იმიტომ, რომ ჩანთა თავად არ მოიმზადა, ეს მისი პატარა გამოცდილებაა. პასუხისმგებლობის სწავლა სწორედ ასეთი პატარა შეცდომებიდან იწყება და მომავალში დამოუკიდებლობას აძლიერებს.
ვასწავლოთ, როგორ გაუმკლავდეს სიჯიუტეს
მხოლოდ სიტყვები – „ნუ ჯიუტობ“, ვერაფერს ცვლის. უკეთესია ვასწავლოთ, როგორ თქვას მშვიდად: „მინდა თამაშის გაგრძელება, იმიტომ რომ…“ ასე ის სწავლობს საკუთარი სურვილის გამოხატვას ჯიუტობის გარეშე.
და ბოლოს: ბავშვის სიჯიუტე ხშირად მისი დამოუკიდებლობის სურვილია. თუ მას სიყვარულით, მოთმინებით და სწორი მეთოდებით შევხვდებით, ჯიუტი ქცევა აღარ გადაიქცევა კონფლიქტად, არამედ გაიზრდება განვითარების საშუალებად. ბოლოსდაბოლოს, თითოეული ჯიუტი „არ მინდა“ შეიძლება, გადაიქცეს მნიშვნელოვან „მინდა“-დ, სწავლის, პასუხისმგებლობისა და საკუთარ თავთან ჰარმონიის ძიების გზაზე.