როგორ მოვუაროთ სკოლის ეზოში დარგულ ვარდებს – მოყვარული მებაღის პრაქტიკული რჩევები
მშობლიური სკოლის ეზოში აყვავებული ფერად-ფერადი ვარდები მეხსიერებიდან წარუშლელი მოგონებაა. სკოლებში ვარდების მოშენების ტრადიციას დიდი ისტორია აქვს და ახლაც გრძელდება.
იქ, სადაც აყვავებული ვარდებია, მათზე ზრუნვაც უნდა იცოდნენ.
ახლა, ვარდების გასხვლის სეზონი დაიწო. EDU.ARIS.GE მოყვარულ მებაღეს, პროფესიით სტომატოლოგს, ლელა კაჭარავას ესაუბრა, რომელსაც ვარდების საოცარი ბაღი აქვს, თავად გააშენა და ახლა გასწავლით, როგორ მოუაროთ ამ დიდებულ ყვავილს.
„ზამთრისთვის ვარდის მომზადება შემოდგომაზე იწყება. კერძოდ სექტემბერ-ოქტომბერში. ნიადაგში შეგვაქვს კალიუმითა და ფოსფორით მდიდარი სასუქი, რათა მცენარემ ზამთრისთვის გამერქნება მოასწროს. მცენარე ისხვლება სანიტარულად, რაც გულისხმობს ნაყვავილარი ყვავილების მოცილებას და ბუჩქის 1/3 ის გადაჭრას. ტარდება შეწამვლა ფუნგიციდებით, რომელმაც ზამთრის სეზონზე მცენარე დაავადებებისგან უნდა დაიცვას“, – აგვიხსნა ლელამ.
იხილეთ ფოტო:
მოყვარული მებაღე იმასაც გვიყვება, რომ ვარდი პრეტენზიული მცენარეა და მთელი სეზონი დიდ ყურადღებას საჭიროებს. მას გასხვლასთან ერთად, ამ სეზონზე წამლობაც ესაჭიროება.
„ადრე გაზაფხულზე მცენარე ისხვლება ღრმად, ანუ რადიკალურად. უნდა გამოვაჭრათ ყველა დაზიანებული, დაავადებული და შიგნით მიმართული ტოტები. ბუჩქოვანი ვარდი ისხვლება 3-4 კვირტზე და მაქსიმუმ ვტოვებთ 3-4 ტოტს. რაც შეეხება ხვიარებს, ვაჭრით ყველა ძველ, არაპროდუქტიულ ტოტს, ვტოვებთ ახალ ნაზარდს, რათა ამ ტოტებზე იყვავილოს.
„ვარდს გაზაგხულიდან სჭირდება კვების შეტანა. როგორც ორგანული, ისე არაორგანული სასუქები. სჭირდება წამლობის ჩატარება როგორც მავნებლებზე, ასევე დაავადებებზე. გამოიყენება ინსექტიციდები და ფუნგიციდები“, – აგვიხსნა მოყვარულმა ლელა კაჭარავამ.
გაგვიზიარეთ, როგორია თქვენი სკოლის ეზო.