GE
18 მაისი, 2023 12:45

როგორ მქონდეს წარმატებული კარიერა და თან, შესანიშნავი მშობელი ვიყო? – სპეციალისტის პასუხი მშობლებს

როდესაც ვხედავთ, ქალს თუ მამაკაცს, რომლებიც ერთი მხრივ წარმატებული არიან საკუთარ პროფესიაში და ასევე, ჰყავთ შვილები, ოჯახი, რომლის ყოველდღიურ ცხოვრებაში მათი მონაწილეობა სრულყოფილია, აღფრთოვანებას ვერ ვმალავთ. როგორ ასწრებთ? როგორ მოახერხეთ? – ამ კითხვებს ხშირად უსვამენ ადამიანებს, რომლებმაც კარიერისა და პირადი ცხოვრების იდეალური შეთავსება შეძლეს.

როგორც ქალები, ისე მამაკაცები საკმაოდ რთულ გზას გადიან იმისთვის, რომ ჰქონდეთ წარმატებული კარიერა და ოჯახი. ეს მიზანი ცალ-ცალკეც არ ჩანს მარტივი. უფროსი თაობის წარმომადგენლებს და არა მხოლოდ მათ, ხშირად უწევდათ გაეკეთებინათ არჩევანი კარიერასა და ოჯახს შორის. დღევანდელობაში, თითქოს, მშობლებს არჩევანი შეზღუდული არ აქვთ და ცდილობენ, წარმატებულნი იყვნენ ორივე „ფრონტზე“.

როგორ მქონდეს წარმატებული კარიერა და თან, ვიყო შესანიშნავი მშობელი? – ამ შეკითხვით EDU.ARIS.GE –ფსიქოლოგს, რუსუდან ჯამატაშვილს მიმართა, რომელიც თავადაც მშობელია და ცდილობს, კარიერა და ოჯახი ერთმანეთს წარმატებით შეუთავსოს.

– როგორია თანამედროვე მშობლის რეალობა, „კარიერა თუ ოჯახი“ -ამ არჩევანის გაკეთება კვლავ უწევს, თუ უპირობოდ ორივე უნდა შეძლოს?

– მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სამყაროში ვცხოვრობთ და ეს ძალიან ბევრ შესაძლებლობებს გვაძლევს, როგორც დედებს, ისე მამებსაც, უწევთ პირდაპირი თუ ირიბი არჩევანის გაკეთება კარიერასა და ოჯახს შორის. აქ ვგულისხმობ შემდეგს: შესაძლოა, გვქონდეს შენარჩუნებული ოჯახი, მაგრამ პრიორიტეტული ჩვენთვის მაინც კარიერა იყოს. ეს, რასაკვირველია, ურთიერთობებსაც ვნებს და საბოლოოდ იმით სრულდება, რომ ყველა იმედგაცრუებულია -შვილიც, მეუღლეც.. თანამედროვე მშობლის რეალობაში საკმაოდ რთულია, რომ უპირობოდ შეძლო, გქონდეს წარმატებული კარიერა და ამავე დროს შესანიშნავი მშობელი იყო.

– რა არის საჭირო პირადისა და კარიერის იდეალური შეთავსების მისაღწევად?

– პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, სწორად განვსაზღვროთ ჩვენი შესაძლებლობები, პრიორიტეტები და სწორად გადავანაწილოთ დრო ოჯახსა თუ კარიერაში. თუ გვინდა, რომ ერთდროულად ვიყოთ კარგი მშობელი და გვქონდეს წარმატებული კარიერა, ყველაფერი რაც სამსახურში ხდება, უნდა დავტოვოთ სამსახურში და პირიქით -ყველაფერი რაც ხდება ოჯახში, უნდა დავტოვოთ ოჯახში. აუცილებელია, მთელი ძალისხმევით მივუდგეთ საქმეს თუ გვინდა, რომ სასურველი შედეგი მივიღოთ.

– როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რამდენად წარმატებულია ოჯახსა და კარიერაში?

– ცხოვრება ყოველთვის გვიბრუნებს საპასუხო რეაქციებს. ამიტომ, ოჯახშიც და კარიერაშიც, ჩვენი შრომის შედეგი აუცილებლად დაგვანახებს რამდენად წარმატებულები ვართ. კარიერაში აუცილებლად საქმით იქნება გამოვლენილი, ხოლო ოჯახში, ჩვენს შვილებთან და ოჯახის სხვა წევრებთან ურთიერთობის დროს გამოვლინდება.

– ოჯახში ან კარიერაში არსებობს თვითრეფლექსიის მექანიზმი?

– თვითრეფლექსია ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია. არ აქვს მნიშვნელობა, თუ გვიდა განვითარება ოჯახში ან კარიერაში, მნიშვნელოვანია, რომ შეგვეძლოს საკუთარი თავის შემეცნება და შეფასება, როგორც ემოციური, ასევე ქცევითი პროცესების მხრივ.

– რა შეცდომა არ უნდა დაუშვას მშობელმა(ქალმა/კაცმა) თუ სურს, რომ ოჯახშიც და კარიერაშიც წარმატებული იყოს?

– დარწმუნებული ვარ, ყველა ადამიანს, რომელიც ამ რთულ გზას ირჩევს უნდა, რომ ჰქონდეს როგორ წარმატებული კარიერა, ასევე წარმატებული ოჯახი.

  •  არსებითია დროის სწორი მენეჯმენტი. სწორად უნდა გადავანაწილოთ დრო როგორც ოჯახის, ასევე კარიერისთვის;
  •  არ უნდა მოხდეს კარიერისა და ოჯახის არევა ერთმანეთში, მათი განსხვავება აუცილებელია;
  •  შეცდომაა ჰიპერმზრუნველობა, რაც ხშირად, დამაზიანებელია ოჯახის წევრებისთვის;
  •  უნდა გამოირიცხოს ემოციურად გულგრილი დამოკიდებულება ოჯახის წევრების მიმართ;
  • შეცდომაა ავტორიტარიზმი, რაც ზედმეტ სიმკაცრეს გულისხმობს და უარყოფითი შედეგების მომტანია;
  •  არასწორია მღელვარების ფონზე გადაწყვეტილების მიღება, რაც ხშირად პრობლემებს გვიქმნის კარიერულ წინსვლაში;
  •  ხელისშემშლელია დაბალი თვითშეფასება;
  •  არასწორია,ზედმეტი რისკი, როდესაც არ ვართ რაღაცაში დარწმუნებული.

– რას ეტყოდით მომავალ მშობლებს, როგორ უნდა განსაზღვრონ, მზად არიან თუ არა ამ რთული გზისთვის?

– მიაღწიო იმ „ოქროს შუალედს“, იყო წარმატებული შენს საქმეში და ამავე დროს, იყო მზრუნველი შენს ოჯახზე, ანუ ორ ფრონტზე ბრძოლა საკმაოდ რთულია. ხშირად, ამის შესრულება მიუღწევლადაც კი გვეჩვენება, თუმცა უამრავი მაგალითია ამისა და ვფიქრობ, ეს ყველაფერი გვაძლევს იმის მოტივაციას, რომ დავრწმუნდეთ – როდესაც სურვილი გვაქვს, შეუძლებელი არაფერია.

ასევე იხილეთ:

„ნუ გაიმეტებთ შვილს ამისთვის“ – როგორ ამოვიცნო შვილის ემოცია, როცა საუბარი არ სურს

ვარ თუ არა თანამედროვე მშობელი? – ფსიქოლოგი მშობლებს პასუხობს

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში