„ნუ გაიმეტებთ შვილს ამისთვის“ – როგორ ამოვიცნო შვილის ემოცია, როცა საუბარი არ სურს
ხშირად, სახის გამომეტყველება და სხეულის ენა არასაკმარისია იმისთვის, რომ შვილის ემოცია ამოვიცნოთ. გაბრაზებულია? ნაწყენია? უხასიათოდ არის? აწუხებს რაიმე? ეს განსაკუთრებით რთული მაშინ არის, როცა შვილი ჩვენთან ვერ საუბრობს, ან უბრალოდ არ სურს საუბარი.
საკუთარ ემოციებსა თუ გრძნობებზე საუბრის გარეშე კი, გარშემომყოფთაგან უკუკავშირის მიღება და დახმარებაც საკმაოდ რთულია. სპეციალისტები ამბობენ, რომ არსებობს გარკვეული სტრატეგიები, რომლის დახმარებითაც შვილის ემოციისა და გრძნობების ამოცნობას შევძლებთ.
EDU.ARIS.GE ზრდასრულთა განათლების ფსიქოლოგიის ტრენერსა და იურისტს, მარიამ გულაშვილს ესაუბრა. ჩვენი რესპონდენტი მშობლებს ზემოაღნიშნულ სტრატეგიებს უზიარებს და უხსნის, რატომ არის მშობლისთვის აუცილებელი ბავშვის/მოზარდის ემოციის სწორი იდენტიფიცირება.
– რატომ უნდა ამოიცნოს მშობელმა შვილის ემოცია და გრძნობა, რისთვის და ვისთვის არის ეს საჭირო?
– მოზარდობის ასაკს ბევრი დაუძლეველი ემოცია ახასიათებს და მათი მართვა ყოველთვის მარტივი არ არის. იმისათვის, რომ ბავშვმა ემოციების გამოხატვა ისწავლოს, მნიშვნელოვანია, სწორედ მას მივცეთ გამოხატვის თავისუფლება, შეფასების გარეშე და უსაფრთხო გარემოს შექმნის გზით. როდესაც ის რაიმეს განიცდის, მივეხმაროთ, ამ ემოციას შესაბამისი სახელი დაარქვას. მოვუსმინოთ რას ამბობს. თუ ატყობ, გაბრაზებულია, უთხარი: – „ვხედავ, რომ გაბრაზებული ხარ“. თუ უხარია, უთხარი: – „ვხედავ, რომ ბედნიერი ხარ“. აღიარეთ ემოციების მნიშვნელობა, ყოველთვის ხაზი გაუსვით იმას, რომ გრძნობების გამოხატვა ნორმალურია. „მე ვხედავ და ვგრძნობ, რომ შენ ნაწყენი ხარ“, „ვიცი, რომ ეს უსიამოვნო ვითარებაა და შენ ამას განიცდი“. ბავშვები, რომლებსაც კარგად ესმით საკუთარი ემოციები, უფრო თავდაჯერებულები არიან და ეფექტურად ხვდებიან სირთულეებს.
– გვესაუბრეთ ბავშვის/მოზარდის იმ ფსიქოტიპების შესახებ, რომელთა ემოციებისა და გრძნობების ამოცნობა რთული ან შეუძლებელია
– უფრო ახლოს ბავშვებთან თუ მოზარდებთან რომლებსაც უჭირთ ემოციების გამოხატვა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, არის მგრძნობიარე დეპრესიული ტიპი და ნარცისი. პირველი ხასიათდება ზედმეტი შინაგანი ემოციურობით, ჩაკეტილობითა და ერთი შეხედვით მშვიდი მოდუნებული ემოციური მდგომარეობით, არ საუბრობდეს არ იყოს სოციალური მეორე კი საკუთარი თავის განყენებული და თვითკმაყოფილი მდგომარეობით, თუმცა იმასაც გეტყვით, რომ ყველა ფსიქოტიპში მოიძებნებიან ასეთი ადამიანები. მიუხედავად იმისა, რომ აქცენტირების ვარიანტების ზოგიერთი მეცნიერული სახელწოდება: ეპილეპტოიდი, შიზოიდი და სხვა, აღებულია ფსიქიკური დაავადებების სახელწოდებებიდან, აქცენტირების მქონე ნებისმიერი ადამიანი ჯანმრთელი და ნორმალურია. ეპილეპტოიდს არ აქვს ეპილეფსია, ხოლო შიზოიდს არ აწუხებს შიზოფრენია…
– რა უნდა მოვიმოქმედოთ, როცა შვილი არ გვესაუბრება?
- დაიწყეთ მიზეზების ძიება. ყველაფერს აქვს მიზეზი. შეიძლება, ეს სულაც არ იყოს დაკავშირებული ბავშვის მენტალურ ან სოციალურ ფაქტორებთან. არის შემთხვევები, როცა მშობლებს უჭირთ საერთო ენის გამონახვა შვილებთან და იწყებენ გადაბრალებას, რომ დამნაშავე ბავშვია.
- აღიდგინეთ კავშირი შვილთან. დაფიქრდით, როდის გაწყდა კავშირი თქვენს შორის, როდის შეწყვიტეთ ან შეამცირეთ კომუნიკაცია, რა მიზეზები გქონდათ და ამის შემდგომ გადადგით ნაბიჯები.
- გამოუცხადეთ უპირობო ნდობა. ეცადეთ, თქვენი მხარდაჭერა ისეთი მიმართვებით გამოხატოთ, როგორიცაა: „ვიცი, ძნელია, მაგრამ ეს ძლიერი გრძნობა დიდხანს არ გრძელდება“; „რაც არ უნდა ძნელი ჩანდეს, ახლა მჯერა, რომ შეძლებ ამის მართვას და ჩვენ შეგვიძლია ეს ერთმანეთს გავუზიაროთ, ვისაუბროთ ამაზე“.
- შეეცადეთ, მისი ენით ისაუბროთ. შესაძლოა, შვილს არ ესმის თქვენი ენა, რადგან ზედმეტად ფორმალური და აკადემიური ხართ მათთან ურთიერთობის დროს. ფორმალობა დატოვეთ სამსახურში და შვილთან იყავით დედა და მამა. ეს დაგეხმარებათ, შვილის ამეტყველებაში და შემდეგ არ იტყვით, რომ ის არ გესაუბრებათ.
- გატარეთ მეტი დრო ერთად, გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა ამისთვის. დაგეგმეთ ოჯახური თამაშები, ერთობლივი აქტივობები. მოაწყვეთ კითხვის, ხატვის, ფილმების ყურების დღეები. გახსოვდეთ, რომ თქვენ მთავარი ადამიანები ხართ თქვენი „პატარებისთვის“.
- არ დასაჯოთ! არ ეჩხუბოთ! ჩემი კიდევ ერთი პროფესია იურისტობაა და ხშირად შევჭიდებივარ ბავშვზე თუ მოზარდზე არასახარბიელო მოპყრობის შემთხვევებს, რაც მძიმე შედეგს ტოვებს მის ფსიქიკაზე. ხდება უფრო ჩაკეტილი და უჩნდება უნდობლობა მათ მიმართაც, ვინც უყვარს. ნუ გაიმეტებთ შვილს ამისთვის. მისი ცხოვრება და მომავალი თქვენს ხელშია!
- დრო დაუთმეთ სუნთქვით ვარჯიშებს. ჯერ თქვენ სცადეთ ეს მეთოდი: დაიდეთ ხელი მუცელზე. შეასრულეთ 5 ღრმა სუნთქვა; ამასთან, ჩასუნთქვას მოანდომეთ 5 წამი და ამოსუნთქვასაც 5 წამი, ჩაისუნთქეთ ცხვირით და ამოისუნთქეთ პირით. აუხსენით მოზარდს, რომ ჩასუნთქვისას მუცელი მსუბუქად, ბუშტივით გამობეროს,
– მიმართეთ მშობლებს
– მშობლებო, იყავით მზრუნველები და არ შეგეშინდეთ გამოწვევების, მარტო თუ ჩვენი დახმარებით, თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი სიტუაციის სასიკეთოდ შეცვლა.
ასევე იხილეთ:
როგორი უნდა იყოს დიალოგი შვილთან ოჯახური პრობლემების შესახებ – ფსიქოლოგი გირჩევთ
ვარ თუ არა თანამედროვე მშობელი? – ფსიქოლოგი მშობლებს პასუხობს
5 შეცდომა, რომელსაც მამები საქართველოში შვილის აღზრდის დროს უშვებენ – ფსიქოლოგის მიმართვა მამებს