როგორ უნდა განხორციელდეს მოსწავლეთა რემედიაციის პროგრამა – ინსტრუქცია საჯარო სკოლების ადმინისტრაციებს
სკოლებში 2024-2025 სასწავლო წლიდან მუშაობს რემედიაციის პროგრამა. რადგან ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის მაინც ახალი ხილია, EDU.ARIS.GE სკოლების მხარდაჭერის მიზნით, შეეცდება პროგრამის განხორციელების ზუსტი ინსტრუქცია მიიღოთ.
რა არის რემედიააციის პროგრამა?
სკოლებში 2024-2025 სასწავლო წელს დაიწყო რემედიაციის პროგრამა, რომელიც ეხება დაწყებით და საბაზი საფეხურზე იმ მოსწავლეებს, რომლებსაც განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების მონაცემების მიხედვით, ცოდნის და უნარ-ჩვევების მნიშვნელოვანი ხარვეზები აღმოაჩნდათ.
უფრო მარტივად: რემედიაცია საჭირო ხდება, როდესაც მოსწავლეები არ არიან საკმარისად მომზადებულნი ან უჭირთ გარკვეული აკადემიური მიზნების მიღწევა. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით, როგორიცაა: სასწავლო მასალის არასაკმარისად გაგება, ინდივიდუალური სასწავლო საჭიროება, ენის ბარიერი ან სხვა პიროვნული მახასიათებლები.
EDU.ARIS.GE-ს რესპონდენტი თბილისის ერთ-ერთი დიდი საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილი და დირექტორის მოადგილე, ნარგიზ ქილიფთარია. ის მენტორი მასწავლებელია და სკოლის ადმინისტრაციაში 25 წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს.
მაშ ასე, აი, რა რეკომენდაციას მიიღებთ გამოცდილი სპეციალისტისგან:
რემედიაციის პროგრამის ცხრილი სკოლებისთვის
რემედიაციის პროგრამის განხორციელების პირველი ეტაპი:
პირველ ეტაპზე საჭიროა სამიზნე ჯგუფის დიაგნოსტიკური ტესტირება, დამრიგებლისა და საგნის მასწავლებლის შეფასებაზე დაყრდნობით; შემდეგ კი ჯგუფის დაკომპლექტება, მშობლების ინფორმირება და თანხმობის მიღება; რემედიაცია სკოლაში ორი ფორმატით მიმდინარეობს: გაკვეთილში ჩაშენებით, რომლის დროსაც მასწავლებელი გაკვეთილის მსვლელობის პროცესში ერთ ან რამდენიმე მოსწავლეს მიზნობრივად უტარებს კონკრეტული უნარის გავარჯიშებაზე ორიენტირებულ აქტივობებს და დამატებითი გაკვეთილის სახით, არასაგაკვეთილო დროს (ძირითად გაკვეთილებამდე/შემდეგ) ერთ ან რამდენიმე მოსწავლეს მიზნობრივად უტარდება კონკრეტული უნარის გავარჯიშებაზე ორიენტირებული აქტივობები, თავისივე, ან სხვა მასწავლებლის მიერ;
სარემედიაციო ჯგუფის შექმნის შემდეგ იგეგმება ეს საფეხურები:
- რემედიატორი მასწავლებლების სამუშაო განრიგის შედგენა;
- რემედიაციის მიზნით გაკვეთილების ცხრილის შედგენა საგნების მიხედვით;
- სარემედიაციო პროგრამის და გაკვეთილების გეგმების შედგენა;
- სარემედიაციო გაკვეთილების წარმართვა;
- პროგრესის მონიტორინგი, შუალედური შეფასება;
- საბოლოო ეტაპი: შემაჯამებელი შეფასება.
ქალბატონი ნარგიზი ამბობს, რომ კარგი სასკოლო პრაქტიკაა, როდესაც რემედიააცის განხორციელების ყველა ეტაპზე მაღალია მშობელთა ინტერესი და ჩართულობა, რადგან ისინი უზრუნველყოფენ შვილების დროულად გამოცხადებას დამატებითი გაკვეთილების შემთხვევაში; ასევე, არიან შემფასებლები სკოლის ძალისხმევის, რომელიც ასე მნიშვნელოვანია მათი შვილების აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებისთვის.