GE
28 აპრილი, 2026 19:00

როგორ ვასწავლოთ მათემატიკა შვილს – პრაქტიკული აქტივობების მაგალითები სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის

ავტორი: ინა მეცხვარიშვილი – თბილისის 106-ე საჯარო სკოლის I-IV-კლასების მენტორი მასწავლებელი

„მათემატიკა როგორ ვასწავლო? ვერ ითვლის, ვერ ამატებს, ვერ აკლებს… რა ვქნა?“ – იკითხა მშობელმა.

ძალიან ბევრ მშობელს უჩნდება მსგავსი კითხვა და პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ეს პანიკის მიზეზი არ არის.

მათემატიკა არ იწყება ციფრებით. ის იწყება გაგებით, შეგრძნებით და ყოველდღიური გამოცდილებით. ბავშვი, რომელსაც ჯერ არ ესმის „რამდენია“-ს არსი, ვერ იმუშავებს სიმბოლოებთან (+, −). და ეს სრულიად ბუნებრივია.

მშობლებმა უნდა გავაცნობიეროთ, რომ ყველა ბავშვი ერთნაირი ტემპით არ სწავლობს. ზოგს სწრაფად უჩნდება ინტერესიც და უნარიც, ზოგს კი მეტი დრო და პრაქტიკა სჭირდება.

თუ ბავშვი ჯერ ვერ ითვლის ან ვერ ამატებს/აკლებს – ეს არ ნიშნავს, რომ „არ შეუძლია“. ეს ნიშნავს, რომ საბაზისო ეტაპები კიდევ გასამყარებელია.

იცით, მათემატიკა რეალურად როდის და სად იწყება? სანამ მივალთ მაგალითებზე, ბავშვმა უნდა შეძლოს: რაოდენობის შეგრძნება (რამდენია), შედარება (მეტი/ნაკლები), დათვლა (არა მექანიკურად, არამედ გააზრებულად).

გიზიარებთ პრაქტიკული აქტივობების მაგალითებს სხვადასხვა ასაკისთვის:

პატარებთან (2–4 წელი)

  • „მომეცი 2 ვაშლი“ – ითვლით ერთად;
  • სათამაშოების დალაგება – „რამდენია?“;
  • კიბეზე ასვლისას ხმამაღლა დათვლა.

აქ მთავარი არის მოსმენა + დანახვა + შეხება.

სკოლამდელი და I კლასი

  • ითამაშეთ „მეტი/ნაკლები“ – (სად არის მეტი კანფეტი?);
  • გამოიყენეთ თითები, კუბიკები, ლეგო;
  • „თუ 3 გქონდა და 1 მე მომეცი – რამდენი დარჩა?“ (რეალური საგნებით).

არ იჩქაროთ წერითი მაგალითები, ჯერ ზემოთ ჩამოთვლილი გაიაზროს.

უფრო დიდი ბავშვები:

  • ყოველდღიურ სიტუაციებში ჩართეთ, მაგ: ერთად წადით საყიდლებზე –  „გვაქვს 10 ლარი და ვიყიდეთ 6 ლარის რამე, რამდენი დაგვრჩა?“;
  • ერთად მოიფიქრეთ პატარა ამოცანები;
  • გამოიყენეთ თამაშები (მაგ. მაღაზიობანა).

ასეთ დროს, რა არ არის სარგებლისმომტანი?

  • მხოლოდ რვეულში წერა;
  • დაზეპირება – „გაიმეორე 2+2=4“;
  • ზეწოლა და შედარება სხვებთან.

როგორ დაეხმარებით შვილს?

  • თამაშით;
  • ყოველდღიურობაში ჩართვით;
  • მოთმინებით;
  • შეცდომის მიღებით.

და ბოლოს, გახსოვდეთ:

მათემატიკა ეს არის აზროვნება, ლოგიკა და სამყაროს გაგების უნარი. დღეს შეიძლება ვერ გამოსდიოდეს, მაგრამ სწორი გზით თუ მივყვებით, ხვალ თავად გაგვაოცებს თავისი შედეგით!

ასევე იხილეთ:

„ბავშვი, რომელსაც არ ეძლევა არევის, დაშლის და ხელახლა აგების უფლება, იზრდება არა შემოქმედი, არამედ წესების შემსრულებელი“

schools.ge (ნ)