GE
26 აპრილი, 2023 12:00

როგორი უნდა იყოს დიალოგი შვილთან ოჯახური პრობლემების შესახებ – ფსიქოლოგი გირჩევთ

ოჯახური პრობლემების შესახებ მშობლები ან საუბრობენ შვილებთან, ან თავს იკავებენ და ან პირდაპირ აჩვენებენ იმ კონფლიქტებს, რომლებიც ოჯახშია. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ საოჯახო პრობლემები ტაბუდადებული თემა არ არის და შვილებთან ამაზე საუბარი შეიძლება. ეს კონკრეტული წესების დაცვით, ბავშვის, მოზარდის ფსიქიკის დაზიანების გარეშე.

EDU.ARIS.GE მშობლების დახმარების მიზნით, ბავშვთა ფსიქოლოგს, ქალბატონ მაია ბერუაშვილს ესაუბრა, რომელიც გეტყვით რა ითვლება ოჯახურ პრობლემებად, როგორ ესაუბროთ შვილს ამ თემებზე.

– ქალბატონო მაია, გვითხარით, რა ითვლება ოჯახურ პრობლემებად და ხომ არ არსებობს ე.წ ტაბუდადებული საკითხები, რომლებზეც მოზარდ შვილს არ უნდა ვესაუბროთ?

– ყველა ოჯახი განსხვავებულია, თუმცა, როგორც ყველა ცოცხალი ორგანიზმი, ოჯახიც გადის რთულ პერიოდებს და ამ დროს ბავშვებს და მოზარდებს უჭირთ მშობლებთან და და-ძმებთან ურთიერთობა. ასეთი სიტუაცია შეიძლება შეიქმნას მშობლების განქორწინების, მათი კამათის, ოჯახის ერთ-ერთი წევრის ალკოჰოლზე, ნარკოტიკზე ან აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების დროს. ჩამონათვალში შეიძლება იყოს ოჯახის წევრის უმუშევრობით გამოწვეული სტრესი, თაობათა შორის განსხვავებული შეხედულების არსებობა, მით უფრო ისეთ ოჯახებში, სადაც რამდენიმე თაობა ცხოვრობს ერთად. სია შეიძლება კიდევ გაგრძელდეს, მთავარია, რომ ამ პრობლემებს გვერდი არ ავუაროთ და ბავშვებთან და მოზარდებთან ვისაუბროთ, რადგან თუ ამ საკითხს მივაყურადებთ ანდა ვიფიქრებთ, რომ ბავშვი პატარაა და შესაძლოა, არც კი ესმის რა ხდება ოჯახში და გამოვტოვებთ ამ ეტაპს, ეს შესაძლოა, სავალალო შედეგით დასრულდეს. ასეთ მომენტებში ბავშვებს ხშირად უჩნდებათ დანაშაულის განცდა, თავს გრძნობენ დაუცველად. ამასთან, შესაძლოა, ოჯახში მომხდარი ცვლილებები უარყოფითად აისახოს თანატოლებთან ურთიერთობასა და სწავლის ხარისხზე. თქვენს კითხვაზე, არსებობს თუ არა ტაბუდადებული პრობლემა, რაზეც ბავშვთან არ ვსაუბრობთ, გიპასუხებთ, რომ ასეთი არ არსებობს.

– როგორ ვესაუბროთ ასეთ დროს შვილებს, რა წესები უნდა დავიცვათ?

– უპირველესად, მშობელი უნდა იყოს კარგი მსმენელი. მნიშვნელოვანია, შვილს საუბარი არ გავაწყვეტინოთ მაშინაც კი, თუ ჩვენი აზრით, მისი შეხედულება „მცდარია“. ნაცვლად იმისა, ვუთხრათ რომ არასწორად ფიქრობს, ვკითხოთ: რატომ ფიქრობ ასე? ამასთან, მნიშვნელოვანია, არ შევპირდეთ პრობლემის სწრაფად მოგვარებას მაშინ, როცა სინამდვილეში ამის რესურსი არ არსებობს. ასევე გაითვალისწინეთ, ჩვეული რუტინის დაცვა ბავშვს უსაფრთხოების განცდას უქმნის. ბევრი მშობელი ცდილობს, არ აგრძნობინოს შვილს, რომ ოჯახს უჭირს ან გაუჭირდა და შვილების მოთხოვნები თუ სურვილები მათ ბიუჯეტს აღემატება.

რა შეგვიძლია ვუთხრათ შვილს ამ პრობლემის შესახებ, როგორ მივაწოდოთ ასეთი ინფორმაცია ჯანსაღად?

– თუ სამსახური დაკარგეთ, უთხარით, რომ ეძებთ ახალს, თუმცა შესაძლოა, ამას დრო დასჭირდეს. თუ თვითდასაქმებული ხართ და საქმე ცუდად წავიდა, უთხარით, რომ ეძებთ გზებს სიტუაციის გამოსწორებისთვის. დეტალების ცოდნა მათთვის მნიშვნელოვანი არ არის, მთავარია იცოდნენ, რომ თქვენ უმოქმედოდ არ ხართ, რაც მათ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დაცულ გარემოს უქმნის. ნუ ეტყვით, რომ მაგალითად, ახალ ქურთუკს არ უყიდით, უმჯობესია თუ ეტყვით: ახლა თანხა უნდა გადავდო ელექტროენერგიის გადასახადზე. ან მაგალითად: ახლა გასართობ ცენტრში ვერ წავალთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არ გავერთობით, შეგვიძლია, პარკში წავიდეთ და იქ ვითამაშოთ და. ა.შ.

– აქტუალურია მშობლების განქორწინების საკითხიც, რაც ზოგჯერ მოუშუშებელ ტრავმად იქცევა ხოლმე. რა უნდა ვუთხრათ შვილს ასეთ დროს?

– უკეთესია, თუ ორივე მშობელი ამ თემაზე შვილს ერთად დაელაპარაკება და წინასწარ იფიქრებენ რა შეკითხვებს დაუსვამს ბავშვი. ერთხელ, 4 წლის ბავშვს, მშობლებმა უთხრეს, რომ მათ ცალ-ცალკე გადაწყვიტეს ცხოვრება, ბავშვმა იკითხა: მე ვინ მომივლის? რამდენად მარტივადაც არ უნდა ჟღერდეს, მნიშვნელოვანია, შვილები ჩვენ სიყვარულში დავარწმუნოთ. აუხსენით, რომ თქვენი გადაწყვეტილება არ ცვლის გრძნობებს მის მიმართ. ნუ გადატვირთავთ ზედმეტი ინფორმაციით, მხოლოდ ის უთხარით რაც საჭიროა და ნუ ჩართავთ გადაწყვეტილების მიღებაში.

– მიმართეთ მშობლებს, რა იქნებოდა თქვენი სათქმელი?

– ბედნიერი მშობელი ზრდის ბედნიერ შვილს. მშობელი არის მოდელი და შვილი მას ბაძავს იმ ქცევაშიც კი, რომელიც არ მოწონს. ამიტომ მნიშვნელოვანია, მშობლებმა იზრუნონ საკუთარ მენტალურ და ემოციურ ჯანმრთელობაზე.

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში