რომელია სწორი: თეფშები დადო თუ თეფშები დააწყო? ფოთლები ვარდება თუ ფოთლები ცვივა? – წესები და მაგალითები მოსწავლეებისთვის
ზოგიერთი ზმნა უღლებისას მხოლობით რიცხვში სხვა ფუძეს იყენებს, მრავლობითში − სხვას. ასეთ ზმნებს რიცხვში ფუძემონაცვლე ზმნები ჰქვია.
სუბიექტური პირის მიხედვით, რიცხვში ფუძემონაცვლე ზმნებია: ჯდომა/სხდომა, გდება/ყრა, დება/წყობა, მობმა/მოსხმა, კვდომა/ხოცვა/წყდომა, ვარდნა/ცვენა, ტყდომა/მტვრევა/მსხვრევა, მივარდნა/მიცვენა, დაცემა/დასხმა.
დაიმახსოვრეთ:
- ბავშვი ზის, მაგრამ ბავშვები სხედან (და არა ზიან);
- ფოთოლი ვარდება, მაგრამ ფოთლები ცვივა;
- ჭიქა გატყდა, მაგრამ ჭიქები დაიმსხვრა/დაიმტვრა;
- კაცი მოკვდა, მაგრამ კაცები დაიხოცნენ;
- ცხვარი მოკვდა, მაგრამ ცხვრები დაიხოცა/დაწყდა;
- ბიჭი მივარდა, მაგრამ ბიჭები მისცვივდნენ;
- მძარცველი თავს დაეცა ქალს, მაგრამ მძარცველები თავს დაესხნენ ქალს.
თუ სუბიექტური პირის შესაბამისი სახელი ორცნებიანი კომპოზიტი, ნივთიერებათა ან კრებითი სახელია, რიცხვში მონაცვლე ზმნა უნდა გამოვიყენოთ მხოლობითის ფორმით, მაგრამ მრავლობითის ფუძით.
მაგალითად, კრებით სახელებთან: ხალხი ისხდა, ფარა დაიხოცა, ფოთოლი ჩამოცვივდა. ნივთიერებათა სახელებთან: ხორბალი ყრია, მტვერი ცვივა. ორცნებიან კომპოზიტებთან: და-ძმა მისცვივდა, დედ-მამა დაიხოცა.
ობიექტურ პირში მონაცვლე ზმნებია: დადება/დაწყობა, ჩაგდება/ჩაყრა, დაგდება/დაყრა, მოკვლა/დახოცვა, ტეხა/დამტვრევა/დამსხვრევა, გაგდება/გარეკვა, აღება/აკრეფა, დასმა/დასხმა.
უნდა ვთქვათ და ვწეროთ:
- თეფში დადო, მაგრამ თეფშები დააწყო;
- წიგნი ჩადო, წიგნები ჩააწყო;
- კაცი მოკლა, კაცები დახოცა;
- ჭიქა გატეხა, ჭიქები დაამტვრია;
- ძროხა გააგდო, ნახირი გარეკა;
- ვაშლი აიღო, ვაშლები აკრიფა;
- ბავშვი დასვა, ბავშვები დასხა.
თუ ობიექტის შესაბამისი სახელი ორცნებიანი კომპოზიტი, კრებითი ან ნივთიერებათა სახელია, ობიექტურ პირში მონაცვლე ზმნა მას მრავლობითის ფუძით უნდა შეეწყოს: და-ძმა დასხა (და არა დასვა), ხალხი დახოცა (და არა მოკლა), ქერი ჩაყარა (და არა ჩააგდო).
თუ ჩასმა ზმნის ობიექტის შესაბამისი სახელი უსულოა, მაშინ ზმნის ფუძის შენაცვლება არ ხდება: სურათები ჩარჩოში ჩავსვი (და არა ჩავსხი).
წყარო: ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი
ასევე იხილეთ:
-
AIA-GESS-ში დედამიწის დღე აღინიშნა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
ვის და რა პირობით ექნება შვილის აყვანის უფლება საქართველოში – ცვლილებას პარლამენტი განიხილავს by სკოლების ამბები
-
როგორ ვასწავლოთ მათემატიკა შვილს – პრაქტიკული აქტივობების მაგალითები სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის by სკოლების ამბები