ობობის თუ ობობასი, ენძელის თუ ენძელასი? – ის, რაც მოსწავლეებმა სახელების კუმშვასა და კვეცაზე უნდა იცოდნენ
კუმშვადი და უკუმშველი არსებითი სახელები
ფუძე არის სახელის ის ნაწილი, რომელსაც ბრუნვის ნიშნები დაერთვის. სახელის ფუძე თანხმოვანფუძიანია თუ ხმოვანფუძიანი, ამის გასარკვევად, სახელი უნდა გადავიყვანოთ მოთხრობით ბრუნვაში და ჩამოვაშოროთ ბრუნვის ნიშანი (მა/მ). რაც დარჩება, იქნება ფუძე. მაგ: კაც-ი > კაც-მა – „კაც“ არის ფუძე და სიტყვა თანხმოვანფუძიანია.
თანხმოვანფუძიანი სახელი ან კუმშვადია, ან უკუმშველი.
კუმშვა არის ფუძისეული ხმოვნის დაკარგვა. იკარგება ა, ე, ან ო ხმოვნები მხოლობითი რიცხვის ნათესაობით, მოქმედებითსა და ვითარებით ბრუნვებში, ასევე – ებიანი მრავლობითის ყველა ბრუნვაში (ნართანიან მრავლობითში სახელის ფუძე არ იკუმშება).
ფუძიდან ა, ე და ო ხმოვნები შეიძლება ამოვარდეს, თუ ახლავს ლ, რ, მ, ნ თანხმოვნები (უმეტესად ასეთი სიტყვების ფუძე ერთზე მეტმარცვლიანია). შესაბამისად, კუმშვადია ამ მარცვლებზე დაბოლოებული სახელების დიდი ნაწილი: ალ, ელ, ოლ, არ, ერ, ორ, ან, ენ, ონ, ამ, ემ, ომ (ზოგჯერ ავ).
ო ხმოვანი ზოგჯერ ჩანაცვლებულია ვ თანხმოვნით (ნიგოზი – ნიგვზის), ზოგჯერ კი იკარგება (ფოთოლი – ფოთლის).
კვეცადი და უკვეცელი არსებითი სახელები
ხმოვანფუძიანი სახელი ან კვეცადია, ან უკვეცელი. ხმოვანფუძიანი სახელებია: და, ძმა, ცა, ხე, კლდე, დღე, რძე, წყარო, ოქრო, კუ, ბუ, ჩაი…
კვეცა ეწოდება ფუძის ბოლო ხმოვნის დაკარგვას. მაგ: გზა > გზა-ის > გზ-ის. იკვეცება ა და ე ხმოვნები მხოლობითი რიცხვის ნათესაობითსა და მოქმედებით ბრუნვებში (მნიშვნელობა არა აქვს, ერთმარცვლიანია სიტყვა, ორ თუ მეტმარცვლიანი): ძმა > ძმ-ის, ძმ-ით. დღე > დღ-ის, დღ-ით. ებიან მრავლობითში ა-ზე დაბოლოებული სახელები ყველა ბრუნვაში იკვეცება (ძმ-ებ-ი, ძმ-ებ-მა), ხოლო ე-ზე დაბოლოებული სახელები უკვეცელია (დღე > დღე-ებ-ი, დღე-ებ-მა. კლდე > კლდე-ებ-ი, კლდე-ებ-მა).
უკვეცელია ო-სა და უ-ზე დაბოლოებული სახელები: ოქრო > ოქრო-სი, ოქრო-თი, ბუ > ბუ-სი, ბუ-თი (ი-ზე დაბოლოებული ქართული საზოგადო სახელები არ გვაქვს, ყველა ნასესხებია: ჩაი, ტაქსი.).
მხოლობით რიცხვში უკვეცელია ა-ზე დაბოლოებული სახელები, თუკი ეს ხმოვანი არაა ფუძისეული და კნინობით-ალერსობითი (ასევე: ქონების ან ნიშან-თვისების) სახელის მაწარმოებელია: -ა, -ელა, -უკა, -უნა, -უნია და სხვ. მაგ: ბიჭუნა, წითელა, ულვაშა, დათუნია, ფისუნია, დედოფალა.
კუმშვად-კვეცადი სახელები
ქართულში არის რამდენიმე სახელი (უმეტესად – სამმარცვლიანი), რომელთა ფუძე შეიძლება კიდეც შეიკვეცოს და კიდეც შეიკუმშოს, ე.ი. დაიკარგოს ფუძის შუა და ბოლო ხმოვნები. მათ კუმშვად-კვეცად სახელებს უწოდებენ. კუმშვა და კვეცა ხდება ხმოვნით დაწყებული ბრუნვის ნიშნების დართვისას მხოლობითი რიცხვის სამ ბრუნვაში (ნათესაობითში, მოქმედებითსა და ვითარებითში) და მთელ ებ-იან მრავლობითში: ქარხანა > ქარხანა-ის > ქარხნ-ის, ქარხნ-ით, ქარხნ-ად. მრ. რ: ქარხნ-ებ-ი, ქარხნ-ებ-მა.
კუმშვად-კვეცადი სახელებია: პეპელა, ქვეყანა, ფანჯარა, ქარხანა, ბეგარა, ტომარა, მოყვარე.
შენიშვნა:
ზოგიერთი სახელი ფორმით ჰგავს კუმშვად-კვეცად სახელებს, მაგრამ არაა კუმშვადი, მხოლოდ კვეცადია: ფარვანა, ქანდარა, მანქანა.
სწორია: ფარვანის(ა), ქანდარის(ა), მანქანის(ა).
და არა: ფარვნის ან ფარვანასი, ქანდრის ან ქანდარასი, მანქნის ან მანქანასი.
ასევე უკვეცელი სახელებია: კოდალა, ობობა, ტოროლა, ენძელა, ჭიანჭველა.
სწორია: კოდალასი – კოდალათი, ობობასი – ობობათი, ტოროლასი – ტოროლათი, ენძელასი – ენძელათი, ჭიანჭველასი – ჭიანჭველათი.
და არა: კოდალის – კოდალით, ობობის – ობობით, ტოროლის – ტოროლით, ენძელის – ენძელით, ჭიანჭველის – ჭიანჭველით.
წყარო: ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი
ასევე იხილეთ:
-
სკოლა „პოლიგლოტში“ ღია კარის დღე გაიმართა by სკოლა პოლიგლოტი
-
„თუ ჯერ ვერ ხედავთ შვილის ინტერესის სფეროს, არ ნიშნავს, რომ რაღაცას არასწორად აკეთებთ“ – რა უნდა იცოდნენ მშობლებმა by სკოლების ამბები
-
„ხელოვნური ინტელექტი – მომავლის ლიდერობა და მომავლის პროფესიები“ – AIA-GESS-ში ბიზნეს ფორუმი გაიმართა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS