საერთაშორისო პროექტი 51-ე საჯარო სკოლაში
ქალაქ თბილისის გალაკტიონ ტაბიძის სახელობის #51 საჯარო სკოლაში ხორციელდება პროგრამა ,,სამოქალაქო განათლება და ტექნოლოგიები ინგლისური ენის გამოყენებით’’ (CTEL II). პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International-ის საქართველოს ოფისი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტთან თანამშრომლობითა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით.
პროგრამა ითვალისწინებს ინგლისური ენის, სამოქალაქო განათლებისა და ისტ-ის ინტეგრირებულ სწავლებას სკოლაში. პროექტს მონიტორინგს გაუწევს ქართველი ინსტრუქტორების ჯგუფი ამერიკელ სპეციალისტებთან ერთად.
პროექტში ჩართულია ინგლისური ენის მასწავლებელი – თამარ კალაძე, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი – ნინო გვენეტაძე და ისტ-ის მასწავლებელი – მანანა ბერიძე. მთელი წლის განმავლობაში მასწავლებლები დაესწრებიან ტრენინგ-მოდულებს და ჩაატარებენ გაკვეთილებს, რომლებსაც ამერიკელი ტრენერები შეაფასებენ.
სწავლების მთავარი ფოკუსი სამოქალაქო განათლების ისეთი თემებია, რომელთა ფარგლებშიც წარმატებით შეიძლება კომპიუტერული პროგრამირების, ინტერნეტ სივრცის გამოყენების უნარ-ჩვევების, ვებდიზაინის, საბაზისო კოდირებისა და სხვა კომპიუტერულ-ტექნოლოგიური უნარ-ჩვევების გამოყენება ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის გაზრდისა და საქართველოში დემოკრატიული სტრუქტურების გაძლიერებისათვის. სატრენინგო კურსი წარიმართება ინგლისურ ენაზე (თანმიმდევრული თარგმანით).
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს სკოლებში ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარების პრაქტიკის დანერგვა-გაუმჯობესებას.