GE
25 თებერვალი, 2022 18:29

სანამ ჩამოვალთ, მიხედეთ ილორის ეკლესიას, ბედიის მონასტერს – თბილისის 45-ე საჯარო სკოლის VI კლასელებმა აფხაზ თანატოლებს წერილები მისწერეს

„ჩემი უდიდესი თხოვნა იქნება, რომ ეცადო, გაუფრთხილდე ჩემ მაგივრად ბედიის მონასტერს. დიდი სიამოვნებით დაგეხმარებით, თუ საქართველო ისევ დაიბრუნებს აფხაზეთს და მერე გპირდები, პირველ რიგში, მე და შენ ერთად წავალთ ბედიის მონასტერში, მერე კი ბიჭვინთის სანაპიროზე“…

„ჩემო მონატრებულო მეგობარო, იმედია, ჩვენი თაობა შევძლებთ და აღვადგენთ აფხაზეთსა და საქართველოს შორის არსებულ ჩატეხილ ხიდს. გახსოვდეს, „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია“…

„სამწუხაროა, რომ აფხაზეთში დატრიალებული ამბების გამო მოგვიწია ერთმანეთთან დაშორება. სიმბოლურად, ჩვენი მეგობრობის გაგრძელებისა და გაერთიანებისა, მე სწორედ ხიდზე მინდა გიამბო… ბესლეთის ხიდზე!“…

„ჩემო მეგობარო, გთხოვ, ჩემს ჩამოსვლამდე მიხედოთ შენ და შენმა მეგობარმა ილორის ეკლესიის მიდამოს. ეზო დასალაგებელი და გასათიბია. კვირაში ერთხელ ესტუმრე და იზრუნე მასზე. ჩემს სახელზე ერთი სანთელი დაანთე. რომ ჩამოვალ, მერე ერთად ვიაროთ და მოვილოცოთ ჩვენი სალოცავები“…

ასეთი წერილები თბილისის 45-ე საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეებმა აფხაზ თანატოლებს მისწერეს სასკოლო პროექტის, – „დიალოგი კულტურული მემკვიდრეობა-გზა მომავლისკენ” – ფარგლებში ჩატარებული გაკვეთილების ციკლში ,,კულტურული მემკვიდრეობა ოკუპირებულ აფხაზეთში”.

„ენგურის ხიდის იქით დარჩენილი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გაცნობამ დიდი ემოცია გამოიწვია მოსწავლეებში. აფხაზი თანატოლებისადმი გაგზავნილი მათი წერილები ამ ემოციას, მონატრებას, მემკვიდრეობაზე პასუხისმგებლობის გაზიარების სურვილს და ერთად ყოფნის აუცილებლობას უსვამს ხაზს… ამ ბავშვების გულწრფელმა გზავნილებმა უნდა შეძლოს, ომით გაუცხოებული ერთი მიწა-წყლის შვილების კოლექტიური მეხსიერების ჩამოყალიბება და დაახლოება“, – წერია სკოლის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.

EDU.ARIS.GE =განათლება= სკოლებზე და სკოლებში