საქართველოს მათემატიკის ნაკრებმა წლის ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო მათემატიკის ოლიმპიადაზე საუცხოო შედეგი აჩვენა
საქართველოს მათემატიკის ნაკრებმა რიო-დე-ჟანეიროში გამართულ წლის ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო მათემატიკის ოლიმპიადაზე (IMO) საუცხოო შედეგი აჩვენა.
გუნდის ექვსივე წევრმა შეძლო მედლის აღება (1 ოქრო, 2 ვერცხლი, 3 ბრინჯაო) და გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 110 ქვეყანას შორის მე-12 ადგილი დაიკავა. 2017 წლამდე საქართველოს საუკეთესო შედეგი 25-ე ადგილი იყო. საქართველოს ნაკრები 4 კომაროველისაგან (საათაშვილი – ოქრო, ლეფსვერიძე – ვერცხლი, ბირკაძე – ვერცხლი, ხვედელიძე – ბრინჯაო) და 2 ვეკუას სახელობის სკოლის მოსწავლისაგან (თათოშვილი – ბრინჯაო, შალიბაშვილი – ბრინჯაო) შედგებოდა.
ინდივიდუალურ ჩათვლაში კომაროვის სკოლის მოსწავლე, ალექსანდრე საათაშვილმა მე-5 ადგილი დაიკავა და საქართველოს ისტორიაში რიგით მესამე ოქროს მედალი მოუტანა. ალექსანდრე ოლიმპიადის გამარჯვებულთა ხუთეულში 99,35 პროცენტით მოხვდა. საათაშვილის მიერ მეხუთე ადგილის დაკავებამდე, საქართველოს ინდივიდუალურ დონეზე მე-12 ადგილი ეკავა. კომაროვის სკოლის ორმა მოსწავლემ, საბა ლეფსვერიძემ და ნიკოლოზ ბირკაძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს. ასევე კომაროველმა, დავით ხვედელიძემ კი ბრინჯაოს მედალი.
საერთაშორისო მათემატიკური ოლიმპიადა რიო დე ჟანეიროში მიმდინარე წლის 12-23 ივლისს გაიმართა. კონკურსში 100-ზე მეტი ქვეყნის ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. საერთაშორისო მათემატიკის ოლიმპიადა (IMO) არის მსოფლიო შეჯიბრი, რომელიც სკოლის მოსწავლეებისთვის ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. პირველი IMO 1959 წელს რუმინეთში გაიმართა, სადაც 7 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას; თანდათანობით ოლიმპიადა გაიზარდა და ამჯამად 5 კონტინენტის და 100-ზე მეტი ქვეყნის მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას.
კომაროვის სკოლა ულოცავს საქართველოს და საუთარინაკრების მონაწილეებს ყველა დროის რეკორდს.