GE
1 ივლისი, 2026 13:20

სასკოლო წიგნის ყდა თუ შინაარსი? – რა ვიცით ახალ სახელმძღვანელოებზე განათლების მინისტრისგან

ერთი სახელმძღვანელო ყველა კლასისთვის ყველა საფეხურზე როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლების მოსწავლეებისთვის, ზოგადი განათლების რეფორმის მთავარ სიახლედ უკვე მოინათლა.

სახელმძღვანელოების წერა განათლების სამინისტრომ ისე დაიწყო, რომ შინაარსის შესახებ არაფერი ვიცით, აქამდე გვითხრეს, რომ საგნობრივი სტანდარტი დამტკიცების პროცესშია, მაგრამ როგორც ჩანს, სახელმძღვანელოების შედგენისთვის ამას ხელი არ შეუშლია.

განათლების მინისტრმა 30 ივნისსაც არაერთი წუთი დაუთმო ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების შესახებ საუბარს და ამჯერად უკვე სახელმძღვანელოების წონასა და ყდაზე გამოსახულ ილუსტრაციებზე მივიღეთ დეტალური აღწერილობა. კითხვა კი – წიგნის ყდა უფრო მნიშვნელოვანია თუ შინაარსი, ისევ უპასუხოდ დარჩა.

რა გვითხრა გივი მიქანაძემ სახელმძღვანელოების შესახებ

სემესტრული სახელმძღვანელოები

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე აცხადებს, რომ სასკოლო ჩანთის წონის შემცირების მიზნით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მოსწავლეები სემესტრული სახელმძღვანელოებით ისწავლიან.

„ერთი სახელმძღვანელოს პრინციპზე“ მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა ახალი სახელმძღვანელო, რომელსაც განათლების სამინისტრო შეიმუშავებს, ორ, სამ და ოთხ ნაწილადაც კი დაიყოფა. ამასთან, ერთი და იგივე სახელმძღვანელოთი სწავლება, ერთსა და იმავე საფეხურსა და ერთსა და იმავე საგანში, სავალდებულო იქნება როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებისთვის. კერძო სკოლების მოსწავლეებს ყიდვა მოუწევთ, საჯარო სკოლებში კი ისევ უსასყიდლოდ დარიგდება:

„ფაქტობრივად, ახალი სასწავლო წლისთვის პირველ ნაბიჯებს გადავდგამთ ამ კუთხით. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სასკოლო ჩანთის წონა შევამციროთ. ჩვენთვის არა მხოლოდ სწავლა-სწავლების პროცესი და მისი ხარისხია მნიშვნელოვანი და გარემო, სადაც ბავშვები სწავლობენ, არამედ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა. სასკოლო ჩანთა, უნდა ვაღიაროთ, რომ საკმაოდ მძიმეა. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სემესტრული სახელმძღვანელოები შემოვიღოთ. ეს შეეხება ყველა ახალ სახელმძღვანელოს, თუმცა რიგი ახალი სახელმძღვანელოები, რომლებიც ახალი სასწავლო წლისთვის შევიმუშავეთ, იმდენად მოცულობითია, რომ ორ ნაწილად მის გაყოფას არსებითი შემსუბუქების ეფექტი ვერ ექნებოდა. ამიტომ, გადავწყვიტეთ, სამ და ოთხ ნაწილადაც კი დაგვეყო. როდესაც სასწავლო პროცესი აჩვენებს, რომ ის კონკრეტული პროგრამის ნაწილი ამოიწურება, წინმსწრებით მოხდება ახალი წიგნების მიწოდება და შეფერხება არ იქნება. ეს პროცესი გაგრძელდება და ყველა ახალი სახელმძღვანელო, რომელიც სამინისტროს მიერ იქნება შემუშავებული, ამ პრინციპს დაექვემდებარება და თითო საგანში მინიმუმ ორი სახელმძღვანელო ექნებათ წელიწადში“.

რა ვიცით სახელმძღვანელოების დაბეჭდვის შესახებ

განათლების მინისტრი გვარწმუნებს, რომ 2026 წლის 15 სექტემბერს 1-ელ, მე-7 და მე-10 კლასების მოსწავლეებს სრულიად ახალი სახელმძღვანელოები დახვდებათ. ზოგადი განათლების სამივე საფეხურზე კი, ჰუმანიტარული და STEM მიმართულებების საგნებში – ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, გეოგრაფია, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია – სახელმძღვანელოები 2028 წლის 15 სექტემბრამდე უნდა შეიცვალოს.

რა ვიცით სახელმძღვანელოების ყდების გაფორმებასა და ილუსტრაციებზე

გივი მიქანაძემ სახელმძღვანელოების რეფორმას ზოგადი განათლების რეფორმის ხერხემალიც კი უწოდა და ერთი სახელმძღვანელოს პრინციპის დანერგვის მთავარ მიზეზად ლიბერალური ღირებულებების ნაცვლად, ეროვნული ღირებულებებზე კონცენტრირება დაასახელა:

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონცეფცია იცვლება, ყდებზე ეროვნული ღირებულებები იქნება წარმოჩენილი. მოგიყვანთ მარტივ მაგალითს, ქიმიის სახელმძღვანელოს ყდაზე იქნება ქართული ღვინის დაწურვა, რომელიც ქიმიურ პროცესთანაა დაკავშირებული. უკანა ყდაზეა აღწერილი, ეს 8 000-წლიანი კულტურა როგორ არის იუნესკოს მიერ აღიარებული. მაგალითად, ფიზიკის სახელმძღვანელოზე გვექნება ელგუჯა მეძმარიაშვილის ის უდიდესი გამოგონება, რომელმაც კოსმოსში პირველი ქართული თანამგზავრი წარმოაჩინა. ესეც ჩვენი ერის მონაპოვარია. ბიოლოგიის სახელმძღვანელოზე ქართული მარცვლეულის ხუთი თავთავი იქნება, რომლმაც მსოფლიოში უნიკალური ადგილი დაიმკვიდრა. ქართულ ენასა და ლიტერატურაზე წარმოდგენილია იოანე ზოსიმე, „ვეფხისტყაოსანი“ და ა.შ. ანუ, ეს ეროვნული კომპონენტები შემოგვაქვს“.

განათლების მინისტრის თქმით, მე-10 კლასის მოსწავლეები საქართველოს ისტორიას ცალკე საგნად, ცალკე სახელმძღვანელოთი ისწავლიან, სასწავლო პროცესში ეროვნული კომპონენეტების შემოტანით კი ახალი სახელმძღვანელობის პრინციპებისა და მიზნების „მთლიანად გადაწყობა მოხდება“.

„ამ სახელმძღვანელოების ძალიან დიდი ღირებულებითი ნაწილია, რომ 500-ზე მეტი ილუსტრაცია შევიდა სრულიად ახალი, რომელიც არასოდეს ყოფილა და ეხება ქართულ ხუროთმოძღვრულ ძეგლებს, სხვადასხვა მუზეუმიდან ექსპონატებს და ა.შ… ამ ყველაფერს კიდევ ემატება ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რასაც ჰქვია ჩვენი უსაყვარლესი განსვენებული პატრიარქის, ილია მეორის მოწოდებები და ციტატები, რაც ქართული ენის სწავლებასთან არის დაკავშირებული. ქართულში ერთ-ერთი სახელმძღვანელო მთავრდება მისი ცნობილი ფრაზით – „საქართველო, მიყვარხარ“ და მისი სურათია. არის ბევრი ისეთი საკითხი, რომელიც ჩვენთვის ძალიან ემოციური და ღირებულია. გვექნება ერთ-ერთ ნაწილში ილია ჭავჭავაძე, რომელიც ამბობს: „მამული, ენა, სარწმუნოება“ და ილია მეორე, რომელიც ამბობს: „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“. ყველა სახელმძღვანელოს წინა გვერდზე იქნება გამოსახული საქართველოს დროშა, სახელმწიფო ჰიმნის ტექსტი და გერბი“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

და რა იქნება ახალი სახელმძღვანელოების შინაარსის მთავარი აქცენტები, როდის ნახავს საზოგადოება საგნობრივ სტანდარტებს? – EDU.ARIS.GE ამ მოკლე კითხვაზე ვრცელ პასუხს ისევ მოთმინებით დაელოდება.

ასევე იხილეთ: 

„საბჭოთა კავშირის დროსაც არ იყო სკოლაში კვება უფასო“; „უფასო კვება ძალიან რთული საკითხია“ – განათლების სამინისტროსა და კომიტეტის პოზიციები

schools.ge (ნ)