GE
22 ივნისი, 2022 18:12

,,შალომ, საქართველოს“ პრეზენტაცია სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნაში“

2022 წლის 16 ივნისს სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნაში“ გაიმართა გრძელვადიანი პროექტის, ,,შალომ, საქართველოს“, პირველი ეტაპის პრეზენტაცია. პროექტის კოორდინატორი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, დარეჯან ცხომარია გახლავთ.

როგორც ცნობილია, 2018 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით, ქართულ-ებრაული ურთიერთობის 26-საუკუნოვან ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

შესაბამისად, ამ პროექტის მიზანია, ქართველი და ებრაელი ერის 26 საუკუნოვანი მეგობრობის და მშვიდობიანი თანაცხოვრების ხაზგასმა, კულტურის და შემოქმედების გაზიარება-პოპულარიზაცია.

პრეზენტაცია გახსნა სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნას’’ დირექტორმა ქალბატონმა ნაზი ნადირაძემ. მან აღნიშნა, რომ მსგავსი საერთაშორისო პროექტები უცხო არ არის სკოლა-ლიცეუმისთვის, რაც სკოლის წინსვლასა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

მოსწავლეებმა სცენაზე გადაიტანეს ცნობილი ნაწარმოებები ,,ანა ფრანკის დღიური“ და ,,ბიჭი ზოლიან პიჟამაში“. წაიკითხეს როგორც ცნობილი ებრაელი პოეტის და მთარგმნელის ჯემალ აჯიაშვილის ლექსები და ფსალმუნები, ასევე ქართული პოეზიის ნიმუშები. წარმოადგინეს ებრაული და ქართული ხალხური ცეკვები და სიმღერები.

შეხვედრა დასრულდა ებრაელი პოეტის, ბადრი ჯანაშვილის ლექსით და სიმღერით ,,ქართველი და ებრაელი“.

საღამოს ესწრებოდნენ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციის მოწვეული სტუმრები, ადგილობრივი თემის წარმომადგენლები, მოსწავლეები და მათი მშობლები, რომლებიც შეხვედრით ფრიად კმაყოფილნი დარჩნენ. შეხვედრას ონლაინ შემოუერთდნენ ისრაელის ქალაქ თელ-ავივიდან ცნობილი სპორტული კომენტატორი, ჯამლეტ ხუხაშვილი და მსოფლიოს ქართველ და ებრაელ ქალთა მეგობრობის ასოციაცია ,,ესთას“ პრეზიდენტი, ქალბატონი ევა ბაბალაშვილი-ხუხაშვილი. ასევე, ონლაინ ჩართვა განხორციელდა ისრაელის ქალაქ ჰულონიდან ქართულ-ებრაულ ოჯახთან, მეგი ვოსკობოინიკოვი-ბუკუკიშვილთან. მათ გამოხატეს უდიდესი მადლიერება და პატივისცემა ქართული საზოგადოების მიმართ და აღნიშნეს, რომ საქართველოში არ ყოფილა და არ არის ანტისემიტიზმი, საქართველოში გაცილებით მეტი რამ ხდება, ვიდრე ანტისემიტიზმის არარსებობაა – ორ ერს შორის არის უდიდესი სიყვარული და განვლილი პერიოდიც ამაზე მეტყველებს.

ღონისძიებას სტამბოლიდან საღამოს ონლაინ ჩართვით შემოუერთდა ქალაქ ბეიქოზის ,,დედა ენის“ ცენტრის წარმომადგენელი, ქალბატონი მერი დიასამიძე.

სკოლა-ლიცეუმი ,,ცოდნა“ ამაყია ერებს შორის მეგობრობაში თავისი წვლილის შეტანით და სწორედ ამ კავშირის გამყარება იყო 16 ივნისის საღამოს მიზანი.

სკოლის სხვა ამბები

EDU.ARIS.GE =განათლება= სკოლებზე და სკოლებში