„შეცდომებს მეც ვუშვებ, ნუ შეგეშინდებათ!“- ახალგაზრდა ლექტორი მოსწავლეებთან მუშაობისას პედაგოგებს კონკრეტული სამოტივაციო ფრაზების გამოყენებას ურჩევს
ლექტორების უმეტესობა იყენებს “ჯადოსნურ ფრაზებს” – ფრაზებს, რომლებიც სტუდენტს სწავლის მოტივაციას უჩენს და მრავალრიცხოვან აუდიტორიაში თავს გარიყულად არ აგრძნობინებს. ასეთია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა ლექტორის ირმა გრიგალაშვილის მიდგომაც, რომელიც მომავალი ფილოლოგების აღზრდა-განათლებაზე ზრუნავს.
ირმა ამბობს, რომ მის პროფესიულ პრაქტიკაში ხშირია ისეთი შემთხვევები, როცა სტუდენტებს სამოტივაციო ფრაზებით ესაუბრება, მათ კი გაკვირვებული სახე აქვთ. მიზეზი ასეთია: “ქალბატონო ირმა, სკოლაში ამას მიჩვეული არ ვიყავით”.
სწორედ ამიტომ, ირმა პედაგოგებს სთხოვს, კიდევ უფრო მეტად გაანებივრონ მოსწავლეები კონკრეტული სამოტივაციო ფრაზებით.
აი, როგორია იმ ფრაზების ჩამონათვალი, რომლებსაც თსუ-ის ახალგაზრდა ლექტორი სტუდენტებთან და მოსწავლეებთან იყენებს:
„მჯერა თქვენი შესაძლებლობების, თქვენ გაქვთ უნიკალური ნიჭი და პერსპექტივა“
ამ ფრაზას მთელი გულწრფელობით ვამბობ, რადგან მართლა ვფიქრობ, რომ 21-ე საუკუნის თაობას აქვს განსაკუთრებული შესაძლებლობები როგორც მატერიალური თვალსაზრისით (ისინი ტექნოლოგიების ხანაში დაიბადნენ), ისე მენტალური კუთხითაც (ისინი უფრო თავისუფალ სამყაროში ცხოვრობენ, ვიდრე მათი წინამორბედები). ამის შემდეგ ვუსახელებთ იმას, რაც მართლაც კარგად გამოსდით, ასე მაღლდება მათი თვითრწმენა და ჩნდება სურვილი, კიდევ უფრო მეტად გაამართლონ მასწავლებლის მაღალი მოლოდინი.
„შეცდომებს მეც ვუშვებ – შეცდომები სწავლის პროცესის ნაწილია, ნუ შეგეშინდებათ მათი“
მოსწავლეებს უნდა ესმოდეთ, რომ შეცდომა სწავლის ერთგვარი “ინსტრუმენტია”, გამოცდილებაა. არსებული ხარვეზების მიგნება, აღიარება და მათი გამოსწორების მცდელობა გვეხმარება ცოდნის შეძენაში. აღსანიშნავია, რომ შეცდომებისადმი მიმღებლობა გარკვეულწილად კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებასაც უწყობს ხელს. კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანისთვის არ არსებობს ავტორიტეტი, რომლის ნათქვამშიც ეჭვის შეტანა დაუშვებელია.
არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მოსწავლის//სტუდენტის დასმულ შეკითხვაზე სწორი პასუხი მაქვს, მაგრამ მათ მაინც ვთავაზობ, რომ კრიტიკულად შეაფასონ ჩემი პასუხი და გადაამოწმონ შესაბამისი მეთოდებით. ამ გზით, ვფიქრობ, ხელს შევუწყობთ გადამოწმების კულტურის ჩამოყალიბებას, რაც ჩვენს საზოგადოებას ძალიან სჭირდება.
„რთული ამოცანა გვაქვს, მაგრამ ვიცი, რომ ერთად შევძლებთ“
ეს ფრაზა ხაზს უსვამს გუნდური მუშაობის მნიშვნელობას და ხელს უწყობს თანამშრომლობას, აჩენს მოსწავლეებში მხარდაჭერის გრძნობას. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ გამოხატავს ოპტიმისტურ განწყობას, ფოკუსირებულია შესაძლებლობებზე და არა შეზღუდვებზე.
„თქვენი კითხვები საინტერესოა, იცით, აქამდე ამაზე არ მიფიქრია…”
მათ უნდა იგრძნონ, რომ სწავლა ძიების პროცესია და რომ შეკითხვის დასმა არ ნიშნავს უვიცობას, პირიქით, კითხვა ახლის აღმოჩენის, ძველის განმტკიცების მიზნით დაისმის. ხოლო თუ შენიშნავთ, რომ მოსწავლემ რაიმე ახალი და საინტერესო საკითხი წამოწია წინა პლანზე თავისი კითხვით, მით უკეთესი. ამგვარი მიდგომა, ერთი მხრივ, ახალისებს ცნობისმოყვარეობას, ხოლო მეორე მხრივ, ხელს უწყობს თანასწორობაზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბებას: მასწავლებელი აჩვენებს, რომ მოსწავლეებსაც შეუძლიათ ახალი იდეების შემოტანა.
„თქვენი წინსვლა შთამბეჭდავია”
როდესაც მოსწავლე ხედავს, რომ მისი ძალისხმევა შემჩნეულია, ეს შეიძლება გახდეს სტიმული მეტი მუშაობისთვის. თუმცა, ვფიქრობ, ამ ფრაზის ეფექტურობა დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე: თუ მას ძალიან ხშირად მივმართავთ, შეიძლება დაკარგოს ძალა. ასევე, მნიშვნელოვანია ობიექტურობა (მოსწავლეებმა უნდა იგრძნონ, რომ შეფასება გულწრფელია და დამსახურებული) და კონტექსტი (უნდა იყოს გამოყენებული შესაბამის სიტუაციებში, რეალური პროგრესის დროს).
თქვენ რომელი ფრაზებით ცდილობთ მოსწავლის მოტივაციის გაზრდას?
ასევე იხილეთ: