„იცინეთ, იცინეთ, ამ წელს უფრო ცუდ ნიშნებს დავწერ!“ – რა არ უნდა უთხრათ მოსწავლეს, რომელიც არდადეგებიდან სკოლას უბრუნდება
„ზაფხულის არდადეგების შემდეგ, როდესაც მოსწავლეები დაბრუნდებიან სკოლაში, მნიშვნელოვანია დავფიქრდეთ, რას ვამბობთ, რათა მისასალმებელი და მხარდამჭერი გარემო შევქმნათ და არა პირიქით“, – ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს დაწყებითი კლასების სპეციალისტი, ინა მეცხვარიშვილი გვესაუბრება.
თბილისის 106-ე საჯარო სკოლის პედაგოგს, რომელზეც მშობლებიც დიდი სიყვარულითა და ნდობით გვესაუბრნენ ვკითხეთ, რა არის ის ფრაზები, რომელთა მოსმენაც არდადებენიდან სკოლაში დაბრუნებული მოსწავლეებისთვის არასასიამოვნო იქნება.
აი, რას ფრაზები დაასახელა პედაგოგმა:
„აბა, რამე იმეცადინეთ ზაფხულში? რას იმეცადინებდით?!“ – ამან შეიძლება მოსწავლეებს აგრძნობინოს შფოთვა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ შესვენების დროს მათ ბევრი აკადემიური სამუშაო არ შეუსრულებიათ.
„იმედია, არ დაგავიწყდათ ყველაფერი, რაც შარშან ისწავლეთ!“ – ამ კომენტარმა, შეიძლება, მოსწავლეებს სტრესი აგრძნობინოს.
„უი, როგორ მოსუქებულხარ/როგორ მილეულხარ“... – კომენტარები ფიზიკურ გარეგნობაზე შეიძლება იყოს მგრძნობიარე და შეიძლება, გავლენა იქონიოს მოსწავლის თვითშეფასებაზე.
„იცინეთ, იცინეთ, ამ წელს უფრო ცუდ ნიშნებს დავწერ!“ – სასწავლო წლის დასაწყისში უარყოფითი ტონის დაყენებამ შეიძლება, მოსწავლეების მოტივირების ნაცვლად, გაზარდოს შფოთვა.
„ზაფხული დასრულდა, დროა, დასერიოზულდე“ – ასეთმა ფრაზებმა შეიძლება, მოსწავლეებს ისეთი განცდა გაუჩინოს, რომ ყველაფერი სასიამოვნო დასრულდა და წინ დატვირთული და რთული სასწავლო დღეები ელის.
ასევე, პედაგოგმა გაგვიზიარა ის მხარდამჭერი და გამამხნევებელ ფრაზებიც, რომლებიც სასწავლო წლის დაწყებისას მოსწავლეებს დადებით განწყობას შეუქმნის:
„ჩემო ლამაზებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება! მენატრებოდით!“ – გულწრფელი ღიმილისა და მოსწავლეებთან შეხვედრის სიხარულის გამოხატვა მათში დადებით ემოციებს გააღვიძებს და თავს შინაურულად აგრძნობინებს.
„შენი ზაფხულის დღეებიდან რამეს არ მოგვიყვები?“ – ღია კითხვა, რომელიც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, რომ მიღებულ გამოცდილებაზე დაფიქრდნენ.
„მშვენიერია რომ ჩვენთან ხარ! მზად ხარ კიდევ ერთი მხიარული წლისთვის?“ – ქმნის დადებით და ოპტიმისტურ ტონს სასწავლო წლისთვის.
„მოუთმენლად ველოდები ყველაფერს, რასაც ერთად გავივლით და გავაკეთებთ ამ სასწავლო წელს“, – ქმნის თანამშრომლობის, გუნდურობისა და ცნობისმოყვარეობის განცდას იმის შესახებ, რაც არის წინ.
„ძალიან გაიზარდე და უფრო გალამაზდი!“ – აღფრთოვანებული ვარ შენით, როგორც შეიცვალე ზაფხულში“, – აღიარებს მათ ზრდას დადებითად, ფიზიკურ გარეგნობაზე ფოკუსირების გარეშე.
„წინა წელს ბევრი წარმატებული დღე გვქონდა. მოდით, ეს წელი წინაზე უკეთესი გავხადოთ!“
ეს ფრაზა მოტივაციას უწევს მოსწავლეებს, რომ მოუთმენლად ელოდონ გაუმჯობესებას და წარმატებულ წელს.
„რამე ახალი ხომ არ აღმოაჩინე, ან სცადე ზაფხულში?“ – უბიძგებს მოსწავლეებს, თვალი გადაავლონ ზაფხულის დღეებს და ერთმანეთს გაუზიარონ მიღებული ახალი გამოცდილება ან ინტერესი.
„მე აქ ვარ იმისთვის, რომ დაგეხმარო წარმატებული წელი გქონდეს – მოდით, ეს ერთად გავაკეთოთ!“ – თავაზობს მხარდაჭერას და ხაზს უსვამს გუნდურ მუშაობას.
„ცოტა ნერვიულობა ან აღელვება არა უშავს, ყველა ასე გრძნობს თავს!“ – ნორმალიზდება ნებისმიერი შერეული გრძნობა, რომელიც შეიძლება, მოსწავლეს სკოლაში დაბრუნებისას ჰქონდეს.
ასევე იხილეთ: