სკოლა-ლიცეუმმა „ცოდნამ“ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით რატი მუჯირს უმასპინძლა
სკოლა-ლიცეუმი ,,ცოდნა“ (დირქეტორი – ნაზი ნადირაძე) აქტიურადაა ჩართული მასშტაბურ ღონისძიებებში. წელს მეექვსედ აღინიშნა ჩვენს ქვეყანაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე. მსოფლიოში მას ყოველწლიურად 100-ზე მეტი ქვეყანა აღნიშნავს საერთო დევიზით: ,,იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“.
“ჩვენმა სკოლამ, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ლია ბაზაძის ინიციატივით მონაწილეობა მიიღო წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის პროექტში: მთელი დღის მანძილზე თანამედროვე ქართველი ავტორები სტუმრობდნენ სკოლებს და უნივერსიტეტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით”, – აღნიშნეს სკოლაში.
სკოლა-ლიცეუმმა ,,ცოდნამ“ უმასპიძლა ძალიან საინტერესო ადამიანს, მწერალს, ჟურნალისტს, ესეისტს – რატი მუჯირს, რომელმაც სკოლის უფროსკლასელებთან ისაუბრა წიგნიერების მნიშვნებლობასა და როლზე ადამიანის ცხოვრებაში. მან გაუზიარა მსმენელებს თავისი ჟურნალისტური გამოცდილება მსოფლიოს ცხელ წერტილებში მუშაობისა (,,არაბული გაზაფხული“, სირიის ომი, რუსეთ -საქართველოს 2008 წლის ომი, ერაყის სამშვიდობო მისია და ქართველი ჯარისკაცები). ავღანურ ამბებს ეხება მწერლის მეორე წიგნი, საიდანაც ამონარიდები წაიკითხა ავტორმა. მოსწავლეებისთვის ეს თემები ძალიან საინტერესო და დამაფიქრებელი აღმოჩნდა, შესაბამისად დასვეს მრავალფეროვანი შეკითხვები. ლიტერატურის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაც ხომ ესაა – ფიქრი აღუძრას მოსწავლეს და ასევე აპოვნინოს თავისი სათქმელიც…
“პროექტის ორგანიზატორებისგან ჩვენმა უფროსკლასელებმა მიიღეს შესანიშნავი საჩუქარი – ,,საბას“ ელექტრონულ ბიბლიოთეკაზე უფასო წვდომა, რაც კიდევ ერთი დამატებითი სტიმული იქნება მათთვის, იკითხონ ყველგან და ყოველთვის, ჩამოყალიბდნენ გემოვნებიან მკითხველებად, მიიღონ სიამოვნება, დაფიქრდნენ, გახდნენ მეტად თავისუფალნი და შემწყნარებელნი, ლიტერატურა ამის შანსს ნამდვილად გვაძლევს ადამიანებს…”, – გვითხრეს სკოლაში.
იხილეთ ვიდეო