GE
9 ნოემბერი, 2016 17:29

სკოლა ,,პოლიგლოტში“ იაკობ გოგებაშვილის კვირეულისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო გაიმართა

2016 წლის 4 ნოემბერს სკოლა ,,პოლიგლოტის“ დაწყებითი განათლების კათედრაზე ჩატარდა იაკობ გოგებაშვილის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება. მოეწყო ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო, თემაზე: ,,დედა ენა – ქართველი ერის საუნჯე “.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლა ,,პოლიგლოტის“ პედაგოგები, მშობლები, მოსწავლეები და ამ დღისთვის საგანგებოდ მოწვეული საპატიო სტუმრები: იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების თავმჯდომარე, დეკანოზი კონსტანტინე გიორგაძე, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართველოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების თანათავმჯდომარე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი გოგოლაშვილი და იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების წევრი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი დოდო ღლონტი.

სკოლის დირექტორმა მზია დაუშვილმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა საპატიო სტუმრები და მათ მადლობა გადაუხადა მობრძანებისთვის. მამა კონსტანტინემ დალოცა სკოლის მოსწავლეები და თანამშრომლები და აღნიშნა, რომ სკოლა ,,პოლიგლოტის” ყველა მოსწავლე აუცილებლად გადარჩება. მან სკოლა შეადარა ცოდნის ოაზისს და მადლობა გადაიხადა მოწვევისთვის.

იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების თანათავმჯდომარემ, გიორგი გოგოლაშვილმა, აღნიშნა, რომ მოსწავლეები, რომლებიც დიდი სიყვარულით, გრძნობითა და ემოციით კითხულობდნენ ლექსებსა და სიტყვით ეფერებოდნენ დიდ იაკობსა და უკვდავ ,,დედა ენას“, ნამდვილად იმსახურბენ პატივისცემას. იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების წევრმა, დოდო ღლონტმა პატარების გამოსვლა შეაქო, მათ წარმატებები და ბედნიერი მომავალი უსურვა.

სტუმრებმა სკოლა ,,პოლიგლოტის“ ბიბლიოთეკას საჩუქრად საკუთარი წიგნები გადასცეს.
გარდა ამისა, სკოლა ,,პოლიგლოტის” დირექციამ  იაკობ გოგებაშვილის ,,დედა ენის“ ესკიზების, ჩანახატებისა და ხელისგულისოდენა წიგნების კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა, ხოლო კონკურსში მონაწილე ყველა დანარჩენ მოსწავლეს ფასიანი საჩუქრები გადასცა.

საღამოს ორგანიზატორები ქართული ენის პედაგოგები თეონა დიასამიძე, მაკა ტოფაძე და  დაწყებითი განათლების კათედრის ხელმძღვანელი ნაზი ზაალიშვილი იყვნენ.  ღონისძიება  მუსიკალურად მუსიკის მასწავლებელმა ქეთევან ჯეირანაშვილმა გააფორმა, ხოლო მხატვრული დეკორაციები ხატვის მასწავლებელმა სოფიო ლიჩელმა შექმნა.

სკოლის სხვა ამბები

სკოლა პოლიგლოტი