სკოლა „პოლიგლოტში“ მეხუთე კლასის დამამთავრებელი ღონისძიებები გაიმართა
სკოლა „პოლიგლოტის“ მე-5 (ა, ბ, გ) კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლებთან ერთად, სასწავლო წლის დამამთავრებელი ღონისძიებები გამართეს.
სკოლის მიერ 1-ელ ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, მე-5 (ა) კლასის მოსწავლეებმა ქართული ლექსების, სიმღერებისა და მრავალფეროვანი შემოქმედებითი ნომრების საშუალებით მაყურებელი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ამოგზაურეს – კახეთიდან აფხაზეთამდე. მათ სიყვარულითა და სიამაყით წარმოაჩინეს ჩვენი ქვეყნის მდიდარი კულტურა, ტრადიციები, ისტორია და ის ღირებულებები, რომლებიც ქართველ ერს საუკუნეების განმავლობაში აერთიანებს.
მე-5 (ბ) კლასის მოსწავლეები ცნობილი მხატვრების როლებში წარდგნენ, გვიამბეს მათი ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ, გაგვაცნეს მსოფლიო ხელოვნების გამორჩეული ნიმუშები და მაყურებელი ფერების, ემოციებისა და წარმოსახვის საოცარ სამყაროში ამოგზაურეს. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ მათ მხატვრების ცნობილი ნამუშევრები გააცოცხლეს და სცენაზე ხელოვნების ნამდვილი დღესასწაული შექმნეს.
მე-5 (გ) კლასის მოსწავლეებმა კი წარმოადგინეს დასკვნითი ღონისძიება, რომელიც იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“ შექმნის 150 წლის იუბილეს ეძღვნებოდა. მათ ისაუბრეს „დედაენის“ შექმნის ისტორიაზე, მის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე, ფასდაუდებელ როლსა და ღირებულებებზე.
„სკოლა „პოლიგლოტი“ მადლობას უხდის კლასის დამრიგებლებს – ლინეტა ფუთურიძეს, ირმა ჯავახიშვილსა და გურანდა ხუსკივაძეს, ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებების ორგანიზებისთვის, ასევე – ყველა იმ მასწავლებელს, რომელიც ამ დროის მანძილზე მოსწავლეებთან მუშაობდა“, – აცხადებენ „პოლიგლოტში“.