სკოლა, რომელსაც საოცარი სკვერი აქვს – ბავშვებმა მოაწყვეს ბაღი, მოხატეს კედლები და გული სწყდებათ, მათ გაკეთებულს სხვა რომ აფუჭებს
თბილისში, დიდ დიღომში მდებარე 192-ე საჯარო სკოლას ულამაზესი ეზო აქვს. მცენარეებით, სხვადასხვა დეკორით მორთული ბაღი და მოხატული სკოლის კედლები საოცარ გარემოს ქმნის. ამ სილამაზის შექმნის იდეა ამავე სკოლის ორი სხვადასხვა კლასის დამრიგებელს და მათ მოსწავლეებს ეკუთვნის.
სკოლის დირექტორი, ნატო გოჩალეიშვილი EDU.ARIS.GE-ს სკოლის ეზოს საუცხოო გარემოდ ქცევის ამბავს მოუყვა. დირექტორი ამბობს, რომ ეზოს გალამაზება და მოწესრიგება დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყეს.
„ჩემთან მოვიდნენ IX 3 კლასის მოსწავლეები და მითხრეს, თუ შეიძლება სკოლის ეზოში ტერიტორია გამოგვიყავით და სკვერს მოვაწყობთო. დიდი ეზო აქვს ჩვენს სკოლას. დავთანხმდი და მყუდრო ტერიტორია შევურჩიე სკოლის ეზოში. მათი კლასის დამრიგებელია ნატო ქართველიშვილი, რომელიც თავდაუზოგავად მუშაობდა ამ ბავშვებთან ერთად. რომ დაიწყეს აქტიურად სკვერის მოწყობა, მერე VII 2 კლასმა, რომელთა დამრიგებელიც ნინო კოჭლამაზაშვილია, გამოთქვა სურვილი, ჩვენც გამოგვიყავით ტერიტორიაო. მათთვისაც გამოვყავით სდგილი იქვე, მიმდებარედ. ორივე კლასის ბავშვებმა დაიწყეს მთელი ეზოს გასუფთავება და მოვლა. მერე, ჯერ ნარგავები დარგეს, მოაწყვეს სკვერები, რის შემდეგაც სკოლის კედლებზეც გადაინაცვლეს და მათი მოხატვა დაიწყეს. მხოლოდ ბავშვების მოხატულია კედლები. ძალიან ეხმარებოდა ერთმანეთს ყველა. სკოლის კედლების ფასადი ხედს აფუჭებდა და ბავშვებმა თვითონვე მოიფიქრეს და ჯერ ერთი ხე მიახატეს, მერე კიდევ რაღაც და ბოლოს საოცარი კედლები გამოგვივიდა. ძალიან კარგი ხელოვნების მასწავლებლები გვყავს და ისინიც ეხმარებიან ბავშვებს“, – ყვება ნატო გოჩალეიშვილი.
დირექტორი ამბობს, რომ სკოლის მოსწავლეების თავდაუზოგავი შრომა რომ შეამჩნიეს, უბნის მოსახლეობამაც დაიწყო მათი დახმარება. ახლა კი ყველა ერთად ტკბება იმ სილამაზით, რაც ამ ეზოშია.
„იმდენად მოიხიბლნენ ჩვენი უბნის მაცხოვრებლები იმით, რასაც ხედავდნენ, რომ ზოგმა თქვა, მე ღობის დაწვნაში მოგეხმარებით, მე ქვის დადება შემიძლია, მე – ესო და ბევრმა ისეთმა ადამიანმა მიიღო ჩვენი ეზოს მოწყობაში მონაწილეობა, რომლებსაც სკოლასთან მხოლოდ ის შეხება აქვთ, რომ მათი კორპუსიდან ჩანს ჩვენი დაწესებულება. ვისაც რის შოვნა შეგვეძლო, საკუთარი სახსრებით მოგვქონდა ყველაფერი. ხელოვნების მასწავლებელი შეპირდა ბავშვებს, რომ სადაც ჩანჩქერია, იმ ადგილისთვის წყლიდან ამომხტარი კალმახის ფიგურას დაუმზადებს. გედების თავებიც უნდა დაამზადონ და კიდევ, რასაც საჭიროდ ჩათვლიან“, – ამბობს გოჩალეიშვილი.
სკოლამ გაიმარჯვა პროექტში, „ურბანული ბიომრავალფეროვნებისთვის მეგობრული სკვერების შექმნა სკოლის ეზოებში“, რომლის ფინანსური მხარდამჭერია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამა და რომელსაც საქართველოში ახორციელებს გაეროს განვითარების ფონდი. აღნიშნულ პროექტში ქვეყნის მასშტაბით სულ ხუთმა სკოლამ მოიპოვა დაფინანსება და მათ შორის არის თბილისის 192-ე საჯარო სკოლაც. სკოლის დირექტორი ამბობს, რომ ამ პროექტში გამარჯვებისთვის მოპოვებული თანხა, 8000 ლარი, უკვე ჩაირიცხა მათ ანგარიშზე, რომელიც სკოლას ჯერ არ გამოუყენებია.
„ზამთარია და ჯერ არ გამოგვიყენებია ეს თანხა. როგორც კი ცოტა დათბება, ნერგები უნდა ვიყიდოთ, ხეივანივით გავაკეთოთ, ეზოში უნდა დავდგათ სკამები და მოვაწყოთ ისეთი გარემო, რომ გაკვეთილის ჩატარება იქნეს შესაძლებელი ღია სივრცეში. აქამდე კი, რაც გაკეთებულია, – ყველაფერი ჩვენი ხარჯით. ბავშვები ისეთ აზარტში არიან, სხვა კლასის მოსწავლეებიც დაიხმარეს და ყველა ერთად შრომობს. გაკვეთილების მერე სახლში აღარ მიდიოდნენ, იდგნენ და მუშაობდნენ. წვიმაშიც კი მუშაობდნენ. ბავშვებს გული სწყდებათ, როცა ფუჭდება ის, რაც მათ გააკეთეს. ვეუბნებით, არა უშავს, ერთხელ გაფუჭდება, გავაკეთებთ, მეორედაც და მესამედ უკვე საზოგადოებაც შეიძენს იმ კულტურას, რომ არ გააფუჭოს სხვისი ნამუშევარი. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები ცუდი საქმით კი არ კავდებიან, არამედ ბუნებასთან, მცენარეებთან, ხელოვნებასთან აქვთ კონტაქტი. ისეთი ბაღი გვაქვს, მუდამ რაღაც ყვავის. ახლა ნარცისების აყვავებას ველოდებით და გვიან შემოდგომამდე სულ ასე იქნება“, – ამბობს სკოლის დირექტორი EDU.ARIS.GE-სთან.