GE
18 თებერვალი, 2025 10:46

სკოლის დასუფთავება, როგორც სისტემური პრობლემა – რა გამოწვევებზე საუბრობენ დაწყებითი კლასების დამრიგებლები

კლასში სისუფთავის დაცვა ყველას საქმეა, მაგრამ არსებობს რთული შემთხვევებიც და ეს კარგად იციან დამრიგებლებმა.

როცა სკოლას მხოლოდ 4, ან სულაც 1 სისუფთავის დაცვაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი ჰყავს, ალბათ, რთული მისახვედრი არ იქნება, ვისი საქმე ხდება სისუფთავის დაცვა – დამრიგებლის, ვისი დამრიგებლობის ხელფასიც 80 ლარია!

ამ სტატიაში შევეცდებით ის პრობლემა დაგანახოთ, რომლის შესახებაც ხშირად საუბრობენ, მაგრამ საჯაროდ იშვიათად.

 EDU.ARIS.GE-ს კითხვები ასეთია: რამდენი დამლაგებელია თქვენს სკოლაში? ვინ უზრუნველჰყოფს კლასში სისუფთავის დაცვას?

ნინო,  თბილისის ერთ-ერთი კერძო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგია, ის გვიყვება, რომ სკოლაში, სადაც რამდენიმე წელია დასაქმებულია 600-მდე მოსწავლე სწავლობს. 600 მოსწავლიან სკოლას, რომელიც მცირეკონტიგენტიანად ითვლება 8 დამლაგებელი ჰყავთ. პედაგოგის განმარტებით, 8 დამლაგებელთან ერთად, სკოლას ცალკე ჰყავს სამზარეულოს დასუფთავების პერსონალი.

„8 დამლაგებელი გვყავს. არ ითვლება სკოლის სამზარეულოს დასუფთავების პერსონალი, იქ ცალკე გუნდი მუშაობს. დამლაგებლები ასე გვყავს განაწილებული: თითო სართულზე მუშაობს 2 ადამიანი. მე და მოსწვალეები ვგვით, როცა უცებ რამე დაიყრება, ეს უფრო მოხალისეობრივი საქმიანობაა. არ გვაქვს რამე მორიგეობა. საღამოობით სველი წელით ასუფთავებენ ყოველ დღე ჩვენი დიასახლისები, მასწავლებლებს ეს ვალდებულება არ გვაქვს“, – აგვიხსნა ნინომ.

თათა ქუთაისის ერთ-ერთი პრესტიჟული საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების დამრიგებელია და გვიხსნის, რომ სკოლას, რომელშიც 1000-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს, 4 დამლაგებელი ჰყავს. მასწავლებლის თქმით, დაწყებით კლასებს დამრიგებლები თავად ასუფთავებენ და უფრო მეტიც, თავად უწევთ თანხების დახარჯვა.

„მე ვალაგებ, ვწმენდ, ვასუფთავებ და ვყიდულობ, რაც დასუფთავებისთვის არის საჭირო. ეს ხარჯი დაახლოებით თვეში არის 100 ლარი. დაწყებითი კლასების მასწავლებლის ხელფასისთვის დიდი ხარჯია. რაც შეეხება ზედა კლასებს, იქ დამრიგებლები არ ალაგებენ, ამის პასუხისმგებლობა არ აქვთ დაკისრებული“, – აგვიხსნა პედაგოგმა.

თეა თბილისის საჯარო სკოლის საშუალო საფეხურის მოწავლეების დამრიგებელია. ამბობს, რომ  სკოლას საკმარისი რაოდენობის დასუფთავების თანამშრომელი არ ჰყავს და თავად უწევთ კლასის დალაგება.

„დიდი სკოლა არ ვართ, 500-მდე მოსწავლეა. არ გვყავს საკმარისი კადრი. კლასებს დამრიგებლები თავად ვალაგებთ. მაგალითაც მერხებს ვასუფთავებთ და მტვერს ვწმენდთ, დღეში რამდენჯერმე“.

ანა ბათუმის მრავალკონტიგენტიანი საჯარო სკოლის დამრიგებელია და გვიხსნის, რომ მის სკოლაში ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა. კითხვაზე, რამდენი დამრიგებელი ჰყავთ სკოლაში, გვპასუხობს, რომ არ დაინტერესებულა ამის გარკვევით, მაგრამ ვინ უზრუნველყოფს კლასში სისუფთავის დაცვას, ეს კარგად იცის.

„ჩემს ფუნქციაში შედის ბავშვების ნამუშვრების გაკვრა, მრავალფეროვანი რესურსების მიხედვით გაკვეთილის ჩატარება და კლასის მოწესრიგება. ბავშვების ნივთებს ვაწესრიგებ და ხშირად ვეხმარები მერხების განლაგებების შეცვლაში. სისუსთავის დაცვაზე პასუხისმგებელი მე თავად ვარ“, – აგვიხსნა ანა მასწავლებელმა.

რამდენი დამლაგებელია თქვენს სკოლაში? ვინ უზრუნველყოფს კლასში სისუფთავის დაცვას? გაგვიზიაროთ საკუთარი გამოცდილება.

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში