GE
28 ოქტომბერი, 2025 10:37

„სკოლებსა და ბაღებში ძალიან ხშირია გადაცემა“ – ინფექციონისტი ამბობს, როგორ მოვიქცეთ გრიპისა და სხვა რესპირატორული ინფექციების დროს

შემოდგომის დადგომასთან ერთად, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების სეზონიც ახლოვდება. ეს ის პერიოდია, როცა პატარებიც ისევე ავადდებიან, როგორც დიდები. ამის გამო კი საბავშვო ბაღისა და სკოლის გაცდენის შემთხვევები და მშობლების შფოთვა იმატებს.

რა უნდა იცოდეს და გაითვალისწინოს მშობელმა გრიპსა და სხვა რესპირატორულ ინფექციებთან დაკავშირებით, როდის ველოდოთ ვირუსების პიკს და რა ძირითადი რეკომენდაციები არსებობს სპეციალისტებისგან – ამ საკითხებზე EDU.ARIS.GE-ს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ესაუბრა.

ჩვენი რესპონდენტის ინფორმაციით, ამჟამად სხვადასხვა რესპირატორული ვირუსი ცირკულირებს, თუმცა გრიპის სეზონი ჯერ არ დამდგარა. მისი თქმით, გრიპით ავადობის შემთხვევები ნოემბრის შუა რიცხვებიდან იწყება და პიკს დეკემბერში აღწევს. ინფექციონისტი საჭიროდ მიიჩნევს ბავშვების ვაქცინაციას, რადგან გრიპის ვირუსს ყველაზე მეტი გართულება და ჰოსპიტალიზაციის მაღალი მაჩვენებელი აქვს.

„სკოლებსა და ბაღებში ძალიან ხშირია გადაცემა, ამიტომ, ბავშვები გრიპზე ყოველწლიურად უნდა აიცრან. ვაქცინაცია უკვე დაწყებულია სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში, უფასოა ყველასთვის და ვინაიდან გრიპის სეზონი ძირითადად ნოემბრის შუა რიცხვებიდან იწყება, ჯერ კიდევ არის დრო აცრისთვის. ანტისხეულების გამომუშავებას, დაახლოებით, ორი კვირა სჭირდება. დროულად უნდა მოხდეს აცრა, რომ ბავშვები ამ სეზონზე დაცულები იყვნენ. ეს არის მთავარი სათქმელი გრიპზე, რისიც ყველაზე მეტად გვეშინია ხოლმე, რადგან ყველაზე მეტი გართულება და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი სწორედ ამ ტიპის ვირუსს აქვს. პიკი მოსალოდნელია დეკემბერში, შემდეგ შემთხვევები შედარებით მცირდება, თუმცა მარტის ჩათვლით სეზონი მაინც არის“, – ამბობს მაია ბუწაშვილი.

სპეციალისტის თქმით, გრიპის დროს ერთ-ერთი ძირითადი რეკომენდაცია პირბადის გამოყენება, სხვა ვირუსული ინფექციების დროს კი ჰიგიენის წესების დაცვაა:

„გრიპის შემთხვევაში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში უნდა გამოვიყენოთ პირბადე. სხვა რესპირაციულ ინფექციებს რაც შეეხება, თუ ბავშვს რამე ქრონიკული დაავადება აქვს, სკოლაში პირბადის გამოყენება ასეთ დროსაც შეიძლება. თუმცა, პირველ რიგში, ბავშვი უნდა გავაფრთხილოთ, რომ ხშირად დაიბანოს ხელები, რადგან ეს დაცვის ერთ-ერთი საშუალებაა. მშობლებს ვურჩევდი, რომ ასევე, ხშირად გაანიავონ ოთახები. სტანდარტული რესპირაციული ვირუსების დროს, საოჯახო პირობებში, მკაცრი იზოლაცია არ არის რეკომენდაციებში, თუმცა შვილი სკოლასა და ბაღში არ უნდა მიიყვანოთ. ბავშვი ამ დროს ვირუსის გამომყოფია და აუცილებელია, რომ არ მიყვანით სხვა ბავშვები დავიცვათ“.

როგორც ინფექციონისტი გვიხსნის, გრიპსაც და სხვა რესპირატორულ ვირუსებსაც თითქმის მსგავსი სიმპტომები აქვს, ესენია: გამონადენი ცხვირიდან, ხველა, თავის ტკივილი, ტემპერატურა. თუმცა, გრიპს მკვეთრად გამოხატული აქვს უფრო მაღალი სიცხე, სახსრების, კუნთების ტკივილი და გართულებებიც მეტი აქვს. მისი თქმით, ასეთ დროს მშობლებმა უნდა იცოდნენ და გაითვალისწინონ შემდეგი:

„თუ ბავშვს აქვს ტემპერატურა და რესპირატორული სიმპტომები, ანტიბიოტიკები თვითნებურად, ექიმის გარეშე არ მისცეთ. რესპირატორულ ვირუსებს ანტიბიოტიკები არ სჭირდება და ვერც კურნავს. ანტიბიოტიკი მხოლოდ მაშინ არის საჭირო, როდესაც ბაქტერიული გართულებაა და ამას, სამწუხაროდ, მშობელი დამოუკიდებლად, ექიმის გარეშე ვერ შეაფასებს. ამიტომ, ანტიბიოტიკებს უნდა მოერიდოთ.

რაც შეეხება სიცხის დამწევებს, ესეც მოზომილად უნდა გამოიყენოთ – 38 გრადუს სიცხემდე მისი გამოყენება არც არის საჭირო. აუცილებელია ინტერვალის დაცვა – ტემპერატურის დაწევას უნდა დაელოდოთ მოთმინებით. ზოგჯერ ხდება, რომ მშობელი ბავშვს სიცხის დამწევს მისცემს და თუ ნახევარ საათში არ არის ტემპერატურა ნორმაში, კიდევ ასმევს [შეიძლება, სხვა სიცხის დამწევს]. ეს კი ბავშვის ორგანიზმს ძალიან ტვირთავს. მედიკამენტები ნაკლებად, საჭიროა უფრო მეტი სითხეები“.

ასევე იხილეთ:

სკოლის დასუფთავება, როგორც სისტემური პრობლემა – რა გამოწვევებზე საუბრობენ დაწყებითი კლასების დამრიგებლები

სკოლებში დამლაგებლების პრობლემას მუნიციპალიტეტი ან ერთიანი ტენდერი მოაგვარებს? – რა ითქვა ამ თემაზე პარლამენტში

studinfo.ge (მ)