GE
22 თებერვალი, 2023 12:41

STEM სკოლა – კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივი პროექტი

კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით ახალი საგანმანათლებლო პროექტი STEM სკოლა შეიქმნა.

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ხელმისაწვდომობასა და პოპულარიზაციას. პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ საჯარო და კერძო სკოლების საბაზო საფეხურის (მე-7, მე-8 და მე-9 კლასების) მოსწავლეებს (მოსწავლე არ უნდა ირიცხებოდეს კომაროვის სკოლაში). მონაწილეები გაივლიან 1 წლიან სასწავლო კურსს დისტანციურ ფორმატში, რომელიც მათ საშუალებას მისცემს STEM მიმართულებით შეიძინონ სერტიფიცირებული, აკადემიური, ხარისხიანი თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნა.

პროექტში რეგისტრაცია 17 თებერვალს დაიწყო და 3 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: www.stem.school.ge პროექტში მონაწილეობის მსურველები გაივლიან ონლაინ ტესტირებას, რომელიც შეამოწმებს მოსწავლეთა ლოგიკურ აზროვნებასა და ბუნებისმეტყველების ზოგად ცოდნას.

ტესტირების საფუძველზე შერჩეულ 60 საუკეთესო შედეგის მქონე რეგიონელ მოსწავლეს სწავლას და საგანმანათლებლო რესურსებს სრულად დაუფინანსებს საქართველოს ბანკი. დანარჩენ შემთხვევაში, პროექტში მონაწილეობა ფასიანია და ერთი თვის (4 სასწავლო დღის) სწავლის ღირებულება 100 ლარს შეადგენს. სასწავლო პროცესი 18 მარტს დაიწყება და წარიმართება სრულად დისტანციურად, შაბათობით. სასწავლო პროცესი ორ მოდულად იყოფა – პირველი (გაზაფხულის) მოდული 18 მარტიდან ივნისის ბოლომდე გაგრძელდება. მეორე (შემოდგომის) მოდული სექტემბერში დაიწყება და 2024 წლის იანვრის ბოლომდე გასტანს.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები შეიძენენ და გაიღრმავებენ ცოდნას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია), ტექნოლოგიები (კომპიუტერული პროგრამირება), ინჟინერია (ელექტროინჟინერია, მიკროელექტრონიკა) და მათემატიკა (ლოგიკური აზროვნება, ალგორითმების შექმნა). შეისწავლიან პროგრამა Tinkercad -ის გამოყენებას, მიკროკონტროლერ Arduino-ს დაპროგრამებასა და მისი სენსორების მართვას. მოსწავლეები სასწავლო კურსის ბოლოს შექმნიან STEM პროექტებს, რომელსაც შეარჩევენ წინასწარ განსაზღვრული ჩამონათვალიდან, საკუთარი ინტერესების მიხედვით.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით STEM სკოლის ადმინისტრაციას ფოსტაზე: stem@komarovi.edu.ge ან ნომერზე:  032 2 39 93 13  (სამუშაო საათები 11:00 – 17:00, შაბათ-კვირის გარდა).

სკოლის სხვა ამბები

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში