GE
1 მარტი, 2022 17:08

თბილისის 161-ე სკოლაში უნიკალური ხის ნამუშევრები ინახება – ხის მხატვრული დამუშავების მუზეუმის ისტორია

თბილისის N161 საჯარო სკოლაში უნიკალური, ხის მხატვრული დამუშავების მუზეუმი ფუნქციონირებს, სადაც ხის ოსტატის, ალექსი კალანდაძისა და მისი მოსწავლეების მიერ 1975 წლიდან 2017 წლამდე დამზადებული ხის ნაკეთობები ინახება. მუზეუმის ხელმძღვანელი, როსტომ კაჭახიძე, რომელიც ამავე სკოლაში ხელოვნების მასწავლებელია, ამბობს, რომ სკოლის გახსნიდან სიცოცხლის ბოლომდე ალექსი კალანდაძე მოსწავლეებს ხეზე კვეთას ასწავლიდა და უნიკალურ გამოფენებს აწყობდა.

სკოლაში დაცულია მრავალი თაობის მიერ შესრულებული ხის უნიკალური ნაკეთობები, ჯილდოები, სიგელები და მედლები, რომლითაც წლების მანძილზე, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო გამოფენებზე ჯილდოვდებოდნენ კალანდაძის მოსწავლეები. სამუზეუმო სივრცეში, რომელიც ალექსი კალანდაძის სახელობისაა, დაცულია ასევე ხელნაწერები, ,,შთაბეჭდილების წიგნები”, სხვადასხვა წლებში ადგილობრივი და უცხოელი სტუმრების ვიზიტების ამსახველი ფოტოარქივი და სხვა მნიშვნელოვანი ექსპონატები.

საქართველოში ყველაზე დიდი სკოლა ახლა ხის 400-მდე ნაკეთობას ინახავს, რაც სკოლის მთავარ სიმდიდრედ ითვლება.

„როდესაც სკოლა აწყობს, მაგალითად, ნახატების გამოფენას ან რაიმე ღონისძიებას, ამ ხის ნამუშევრებითაც ვიწონებთ თავს. როცა მე მოვედი ამ სკოლაში, ალექსი კალანდაძე ამ ნამუშევრებს არავის აკარებდა. მე დამიახლოვდა და უნდოდა, მუზეუმი გაეკეთებინა. მთელი საბურთალო იცნობდა და ყველა სკოლიდან დადიოდნენ მასთან მოსწავლეები. ბოლოს, ერთ ოთახში იყო ყველაფერი შეჭედილი და ნაწილი სარდაფშიც ჩაიტანეს. ახლა გვპირდებიან, რომ სკოლა მთლიანად გარემონტდება და საკმარის ფართს გამოგვიყოფენ. სკოლაში სხვადასხვა ადგილას და შემოსასვლელშიც გვიდევს ექსპონანტები, რომელიც განსაკუთრებულ ხიბლს სძენს და ბევრს უჩნდება ჩვენი სკოლის დათვალიერების სურვილი. სხვა სკოლების მოსწავლეთა ჯგუფებიც მოდიან და ათვალიერებენ. მუზეუმი სიმბოლურად შარშან გავხსენით, თუმცა სრულყოფილად ფუნქციონირებას ალბათ რემონტის დასრულების შემდეგ შევძლებთ. ძველი ნაკეთობების რესტავრირებაში მოსწავლეები გვეხმარებიან, რომლებმაც სწორედ ამ ნაკეთობების შთაგონებით ისწავლეს ხეზე კვეთა და რესტავრაცია.

„უნიკალური მაკეტებია ძველი თბილისის ხედებისა. წყლის წისქვილის მაკეტია, მტკვარზე რომ იდგა წინა საუკუნეში. ეს მართლაც უნიკალური ნამუშევარია, რადგან თავად ბატონმა ალექსმა შეისწავლა მთელი კონსტრუქცია და მერე ბავშვებს ააწყობინა. ამ მაკეტის მიხედვით, შეიძლება თბილისს ისევ დაუბრუნდეს წყლის წისქვილი, რომელიც ისევ მტკვარზე დაიდგმება, რაც ისტორიული მოვლენა იქნება“, – მოუყვა როსტომ კაჭახიძემ EDU.ARIS.GE-ს.

EDU.ARIS.GE =განათლება= სკოლებზე და სკოლებში