თბილისის 51-ე სკოლაში მოსწავლეთა რადიო შეიქმნა
სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის №51 საჯარო სკოლაში არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდის“ მხარდაჭერით შეიქმნა მოსწავლეთა რადიო. უკვე ეთერშია გადაცემა – „51“ პარასკევს 20:00 და გადაცემა „art 51“ სამშაბათს 17:00. გადაცემების ჩანაწერის მოსმენა შესაძლებელია სკოლის fb-გვერდზე – 51 public school.
ასევე სკოლასა და „რადიო საქართველოს ხმას“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმის საფუძველზე ყოველ შაბათს FM 107 და 9 -ზე, 14:30 საათზე ეთერში გადის 51-ე საჯარო სკოლის მიერ მომზადებული გადაცემა – „მოსწავლის ხმა“.
რადიო გადაცემებზე მუშაობისას შეიქმნა მოსწავლეთა ჯგუფები ინტერესის სფეროს მიხედვით.
მოსწავლეთა ნაწილი მუშაობს სარედაქციო მიმართულებით, ნაწილი – მონტაჟისა და პიარის მიმართულებით. ისინი ეტაპობრივად გადიან გადაცემის მომზადების და მონტაჟის ტრენინგებს.
რადიო გადაცემები მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას არაფორმალური განათლების მიმართულებით დაეუფლონ სხვადასხვა პროფესიულ უნარებს.