GE
2 ოქტომბერი, 2019 15:48

მოსწავლეები “მსოფლიო ვარსკვლავზე” ქვეყნის სახელით

მიმდინარე წლის ივლისის თვეში ქორეოგრაფიული ანსამბლი „სამას“ სახელით საქართველო წარდგება მსოფლიოს წინაშე. აღნიშნულმა ანსამბლმა ქვეყანა წარადგინა კალიფორნიაში, ჰოლივუდში გამართულ მსოფლიო კონკურსზე -„მსოფლიო ვარსკვლავი“. კონკურსი 23 წელია მიმდინარეობს კალიფორნიაში. ამ ხნის განმავლობაში საქართველო „მსოფლიო ვარსკვლავის“ ტიტულის მოსაპოვებლად პირველად წარდგა.

ქორეოგრაფიული ანსამბლის „სამა“ ხელმძღვანელია ნათია ალფაიძე. ანსამბლი დაკომპლექტებულია თბილისის და საგარეჯოს სკოლის მოსწავლეებით. როგორც ანსამბლის წევრებმა სალომე ელიავამ და ანი ნიკოლეიშვილმა გვითხრეს ანსამბლი „სამა“ უკვე 15 წელს ითვლის თავისი ისტორიიდან.

– სალომე, როგორ მოხვდით ანსამბლში?

– მე და ანი თბილისის #51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ვართ. პირველი კლასიდან დავდივართ ანსამბლ „სამაში“. ამ ხნის განმავლობაში მონაწილეობა მივიღეთ სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებში, კონკურსებში და არაერთი ჯილდოც მოვიპოვეთ.  ანსამბლი მოღვაწეობს თბილისის #5 საჯარო სკოლაში და საგარეჯოს #1 საჯარო სკოლაში. გვაქვს ერთობლივი კონცერტებიც. ვფიქრობ, მოსწავლეებისთვის აუცილებელია სკოლის გარეშე აქტიური ცხოვრება. არაფორმალურ გარემოში ბევრი რამის სწავლა და ინფორმაციის მიღება ხდება. ამ წლების განმავლობაში ჩვენი ყოველდღიურობა მრავალფეროვანი გახდა.

– ანი, როგორ მოხვდით “მსოფლიო ვარსკვლავზე”?

– “მსოფლიო ვარსკვლავი” ეს არის ჩემპიონატი საშემსრულებლო ხელოვნებაში, მისი მიზანია აღმოაჩინონ ტალანტები, მოცეკვავეები, მსახიობები, მოდელები, ინსტრუმენტალისტები, ვოკალისტები და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები  მსოფლიოს მასშტაბით. მონაწილეები ერთმანეთს ეჯიბრებიან “მსოფლიო ვარსკვლავის” ოქროსა და ვერცხლის მედლებისთვის სხვადასხვა ნომინაციაში, ასევე სასწავლო სტიპენდიებისთვის. ჩემპიონატის მსვლელობის დროს ტარდება სემინარები და ვორქშოფები. ჩვენც გავიარეთ მასტერკლასები. თუმცა ჩვენთვის ყველაზე მთავარი ქვეყნის წარმოჩენა იყო. რაც შეეხება თუ როგორ მოვხვდით კონკურსზე გეტყვით, რომ ამერიკული მხარე საქართველოში იყო ჩამოსული. შესარჩევი ანსამბლების დათვალიერების დროს აირჩია ქორეოგრაფიული ანსამბლი „სამას“ შემოქმედებითი ჯგუფი.

– სალომე,  როგორც ვიცით გამორჩეულია ანსამბლის ლოგო…

– ქორეოგრაფიული ანსამბლის – „სამა“ სამხატვრო ხელმძღვანელი და ქორეოგრაფია ნათია ალფაიძე. ანსამბლი „სამა“ უკვე 15 წელია მოღვაწეობს, ქმნის და იცავს  ტრადიციებს. გამორჩეულია ანსამბლის ხელწერა, რომელიც დაფუძნებულია ქართულ ქორეოგრაფიულ ნიმუშებზე. ის მოღვაწეობს საავტორო უფლებების დაცვით. დაპატენტებულია ანსამბლის სახელწოდება, ლოგო, კოსტიუმები და საქმიანობა. ლოგოს პირველი ბგერა „ს“ დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. ის აღებულია გელათის წმინდა ოთხთავიდან.  მისი გამოყენების უფლების ნებართვა ანსამბლს ოფიციალურად დართო ცენტრმა.

– ანი, გვიამბეთ ამერიკაში მიღწეულ წარმატებაზე?

– ამაყად შემიძლია განვაცხადო, რომ ანსამბლმა ღირსეულად წარმოაჩინა საქართველო. ავიღეთ ორი ვერცხლის და ერთი ოქროს მედალი. ასევე მოვხვდით სამეულში კოსტიუმების ნომინაციაში. ქვეყნის წარდგენისთვის კი მივიღეთ “მსოფლიო ვარსკვლავის” ტიტული.

Aris.ge - განათლება განათლება