თბილისის #51 საჯარო სკოლის კულტურული ღონისძიება ირანში
2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომაზე განხორციელდა კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა სპარსული ენის შემსწავლელი მოსწავლეებისათვის. უკვე ათი სასწავლო წელია, რაც თბილისის ოთხ საჯარო სკოლაში ირანის საელჩოს კულტურის განყოფილების ხელშეწყობითა და დაფინანსებით ფუნქციონირებს სპარსული ენის შემსწავლელი წრეები: 51-ე საჯარო სკოლა (პედაგოგი – ფილოლოგიის მეცნ. დოქტორი ქეთევან მეგრელიშვილი), პირველი კლასიკური გიმნაზია (პედაგოგი – ნათია რუხაძე), 55-ე საჯარო სკოლა (პედაგოგი – ფილოლოგიის მეცნ. დოქტორი მზია ბურჯანაძე), 195-ე საჯარო სკოლა (პედაგოგი – სოფიო გაგოშიძე). პერიოდულად მოსწავლეთა წასახალისებლად და დაინტერესებისათვის ეწყობა ექსკურსიები ირანში ირანის მხარის დაფინანსებით.
კულტურულ ღონისძიებაზე გაემგზავრა 25-კაციანი ჯგუფი (22 მოსწავლე და 3 პედაგოგი). მასპინძელი ორგანიზაცია გახლდათ „ბონიადე საადი“ – „საადის ფონდი’, რომელიც კურირებს საზღვარგარეთის ქვეყნებში სპარსული ენის სწავლებას. 51-ე სკოლის დელეგაცია შედგებოდა 6 კაცისაგან – 5 მოსწავლისა და პედაგოგისგან: დაჩი ავქოფაშვილი (XII კლ.), გვანცა ამბროლაძე ( XII კლ.), ნია ფიფია ( X კლ.), ლიზი კოხტაშვილი ( IX კლ.), გურამ აფციაური ( IX კლ.). პროგრამა იყო საკმაოდ დატვირთული და საინტერესო. „ბონიადე საადის“ ადმინისტრაციასთან ოფიციალური შეხვედრისა და ურთიერთგაცნობის შემდეგ მოსწავლეებმა დაათვალიერეს ე. წ. „წიგნის ბაღი“, რომელიც 110 000კვ. მ. ფართობზეა განფენილი, ოთხი ძირითადი ნაწილისაგან შედგება და სტუმრების განცვიფრებას იწვევს თავისი მასშტაბით, მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურის მრავალფეროვნებით, უახლესი ტექნოლოგიებით, ულამაზესი საბავშვო სივრცეებით, ცნობილი ირანელი მეცნიერების ცვილის ფიგურებით, გასართობ-შემეცნებითი თვალსაჩინოებით და ა. შ.
მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მოსწავლეებისათვის ირანში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩის, ბატონ სოსო ჩახვაშვილის მიერ გამოჩენილი ყურადღება, რომელმაც მთელი ჯგუფი მიიწვია საქართველოს საელჩოში, ბავშვებისთვის წაიკითხა საინტერესო მოხსენება საქართველო-ირანის კულტურულ-ისტორიული ურთიერთობების შესახებ.