GE
9 მარტი, 2020 16:06

თბილისის სკოლა-ლიცეუმ „ცოდნაში“ პროექტი „ქართული ფესვები“ ხორციელდება

თბილისის სკოლა-ლიცეუმ „ცოდნაში“ პროექტი – „ქართული ფესვები“ ხორციელდება. სკოლის დირექტორი ნაზი ნადირაძეა, პროექტის კოორდინატორი კი სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი, დარეჯან ცხომარია.

ამჯერად სკოლას სტამბოლის შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრის დამფუძნებელი და თავმჯდომარე, ორჰან ბერიძე, სტამბოლში ქართული კულტურის ცენტრის თავმჯდომარე, ეშრეფ ილმაზი (გოდერძი მახარაძე) და შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრის საპატიო წევრი, ბეიქოზის რაიონის ქართული ენის საკვირაო კურსების მასწავლებელი, მერი დიასამიძე, ეწვივნენ.

სკოლის დირექტორმა, ნაზი ნადირაძემ, სტუმრებს სკოლის შიდა ინტერიერი დაათვალიერებინა, პროექტის მნიშვნელობასა და აქტუალურობაზე ესაუბრა.

ასევე, მოისმინეს ინფორმაცია თურქეთში ქართული კულტურისა და ქართული ენის პოპულარიზაციის მიზნით ჩატარებული საქმიანობის შესახებ, დაგეგმეს ერთობლივი შემდგომი ღონისძიებები, გააფორმეს თანამშრომლობითი მემორანდუმი და გაცვალეს სამახსოვრო საჩუქრები.

შეხვედრის ბოლოს სკოლის წარმომადგენლებმა და სტუმრებმა საგურამოში  ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, თბილისის ძველი უბნები და სხვა ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს.

შეხვედრაში სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ მოსწავლეები, მათი მშობლები და მასწავლებლები მონაწილეობდნენ.

შეხვედრას ესწრებოდა გლდანის რაიონის გამგებლის მოადგილე, ნანა ციმაკურიძე, გამგეობის წარმომადგენელი, გიორგი ჭიღლაძე, თბილისის N200 საჯარო სკოლის დირექტორი, მარინა უჯმაჯურიძე, პრემია „ივერიის“ დირექტორი, „განსაკუთრებული ჟურნალის“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, ნუგზარ ჭიაბერაშვილი, ანსამბლ „გვირილას“ ხელმძღვანელი, ერნა წიფურია და ასოციაცია „საქართველოს ქალბატონების“ პრეზიდენტი, ნინიკო ჩიხლაძე.

„სკოლა-ლიცეუმის დირექცია და თანამშრომლები ცდილობენ სამშობლოს მოაზროვნე და პატრიოტი თაობები აღუზარდოს. „ცოდნა“ ის ადგილია, სადაც ახალი სიმაღლეებისკენ მუდმივი სწრაფვაა დამკვიდრებული. ესაა ფართო გზა წარმატებისკენ“, – წერს სკოლის წარმომადგენელი.

სკოლის სხვა ამბები

სკოლა-ლიცეუმი ცოდნა