„მე 90-იანი წლების მოსწავლე ვარ, არ გვქონია კრიტიკული კითხვის დასმის საშუალება, მინდა, ამ თაობას ჰქონდეს, ეს სისტემის ბრალი იყო“
ფოტოგრაფ გოგა ჩანადირს კითხვა ძალიან უყვარს და ცდილობს ბავშვებსაც შეაყვაროს. ამბობს, რომ მთავარია, მოსწავლეს სწორად მიეწოდოს წასაკითხი ლიტერატურა, ნებისმიერი საგნის მასწავლებელმა კი, თავის საგანთან ერთად, სამოქალაქო განათლების გაკვეთილიც ჩაუტაროს მოსწავლეებს.
„სხვადასხვა ეტაპზე ჩემზე გავლენა რამდენიმე მასწავლებელმა მოახდინა. კარგად ვსწავლობდი და ისტორიის, ქართულის, მათემატიკის მასწავლებლები მაძლევდნენ უფლებას, მე ამეხსნა მომდევნო გაკვეთილი, რაც ჩემთვის დიდი მოტივაცია იყო. თუმცა, ყველაზე დიდი მოტივატორი საკუთარი თავისა, მე თავად გავხდი. სკოლამ ჩემში იმის ჩანერგვა მოასწრო, რომ განათლებაში მეძებნა მომავალი. თუმცა ამ გადასახედიდან ვნანობ, რომ უფრო მეტი არ გავაკეთე ამ კუთხით.
„ვისურვებდი, მასწავლებლები ბავშვებს სამოქალაქო კულტურაზეც მიანიშნებდნენ. ამა თუ იმ საგნის პედაგოგმა არ უნდა ჩათვალოს, რომ მისი პასუხისმგებლობა არ არის ბავშვისთვის სამოქალაქო ნორმების დაცვის სწავლება. ნებისმიერი საგანი შეიძლება დაუკავშირო სამოქალაქო კულტურას, ეს იქნება გეოგრაფია, ისტორია, ქიმია თუ მათემატიკა. მაგალითად, ქიმიის მასწავლებელმა შეიძლება ასწავლოს, რომ ქიმიური ნივთიერებები აზიანებს გარემოს, თუ არასწორად გამოვიყენებთ“, – ამბობს გოგა ჩანადირი.
გოგა ჩანადირის სურვილია, მასწავლებლებმა ხანდახან მაინც გადაუხვიონ სასკოლო პროგრამიდან და გაკვეთილები შემოქმედებითი გახადონ. მაგალითად, ფილმის ჩვენება გამართონ, მერე განიხილონ და რაც შეიძლება მეტი შეკითხვა დაასმევინონ მოსწავლეს.
„ბავშვმა შეიძლება დაიზეპიროს და მასწავლებელს მოასმენინოს, რა კარგად ისწავლა ის, რაც მასწავლებელმა აუხსნა, მაგრამ ეს ცოდნა დიდხანს ვერ გაყვება. თუ ბავშვი დასვამს შეკითხვას, ორჯერ ორი რატომაა ოთხი და რატომ არ შეიძლება ხუთი იყოს, უფრო სწორი მგონია, ვიდრე პირდაპირ მიიღოს მოცემულობა. ვფიქრობ, კრიტიკული კითხვის დასმის უნარი უნდა გავუღვივოთ მოსწავლეს და როცა დასვამს კითხვას, – „რატომ“? – უფრო კარგად დაიმახსოვრებს, ვიდრე დაზეპირებულს. მე 90-იანი წლების მოსწავლე ვარ და არ გვქონია კრიტიკული კითხვის დასმის საშუალება. მინდა, ამ თაობას ჰქონდეს. ეს სისტემის ბრალი იყო და არა – მასწავლებლის. ახლა კი სხვაგვარად არის საქმე. მასწავლებელმა უნდა გაიაზროს, რომ მხოლოდ საგნის სწავლება არ არის მისი მოვალეობა და მთავარია, ადამიანის, მოქალაქის ჩამოყალიბება და მაშინ ჩაითვლება, რომ მან შეასრულა საგანმანათლებლო პასუხისმგებლობა“ – უთხრა EDU.ARIS.GE-ს გოგა ჩანადირმა.
ჩანადირი პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოსწავლეებს წიგნებს უკითხავს. მისი აზრით, ბავშვი წიგნს თუ წაიკითხავს, მაგალითად, იულიუს კეისარზე, ამან შეიძლება მას გაუღვივოს ინტერესი ანტიკური ლიტერატურის მიმართ.
„4 წლიდან 16 წლამდე მოსწავლეებს წიგნებს ვუკითხავ პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. რაც კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფისთვის არის მისაღები, იმას ვკითხულობ იქ მათთვის. 12 წლის ბავშვს შეიძლება არ წაუკითხო დოსტოევსკი და წაუკითხო „დონ კიხოტი“. სამეცნიერო ლიტერატურასაც ვერ წაუკითხავ 12-13 წლის ბავშვს, ეგ – მერე. უფრო საინტერესო რომ იყოს, ძირითადად უფრო ნოველებს და მოთხრობებს ვუკითხავ პატარებს – იაკობ გოგებაშვილს, სულხან-საბას, ეზოპეს… ისეთი ნოველა უნდა იყოს, რომელიც უფრო მეტი კითხვის დასმის საშუალებას იძლევა. ბავშვებისთვის პატარა-პატარა სიბრძნეებია საინტერესო.
„მთავარია, სწორად შეარჩიო ლიტერატურა. ეს იგივეა, ბავშვს სიარული ასწავლო და არ აუხსნა, როგორ გზაზე დადგეს. კითხვით შეიძლება ინტერნეტშიც წაიკითხოს ბავშვმა რამე. პატარამ ჯერ უნდა დაიწყოს ზღაპრებით და მოთხრობებით. მერე მოდის დეტექტივების პერიოდი, რომანების პერიოდი… ბიოგრაფიული წიგნებია ძალიან საინტერესო ცნობილ ადამიანებზე. მაგალითად, წიგნს თუ წაიკითხავს ბავშვი იულიუს კეისარზე, ამან შეიძლება მას გაუღვივოს ინტერესი ანტიკური ლიტერატურის მიმართ. ასევე, მაგალითად, წიგნი სტივ ჯობსზე გაცილებით ახლობელია მათთვის ახლა, ტექნიკური პროგრესის ეპოქაში. მე 10 წლის ვიყავი, როდესაც გაზეთში ძალიან სასტიკი კრიმინალური ამბავი წავიკითხე და იმან გამიღვივა სურვილი, რომ წიგნები მეკითხა ამ თემაზე“,- გვიყვება ჩანადირი.
გოგა 5 წლის გოგონას მამაა. პატარა ანიტას მამამ არ ასწავლა არც ანბანი და არც ციფრების მიმატება თუ გამოკლება, რადგან ფიქრობს, რომ ამით, სკოლაში შესვლის დროს, სწავლისადმი ინტერესი გაუნელდება.
„მე 5 წლის ასაკში უკვე ვიცოდი კითხვა, მაგრამ ჩემი ამბავი სხვისთვის მაგალითად ვერ გამოდგება, რადგან ითვლება, რომ უმეტეს შემთხვევაში, ასეთ დროს ბავშვებს სწავლისადმი ინტერესი უქრებათ და ზარმაცდებიან. ჩემს შვილს არ ვასწავლი კითხვას და ანგარიშს. საბავშვო გამოცემებიდან კი ვუკითხავ რაღაცეებს, მულტფილმების ჩვენებებზე დამყავს. სკოლას ვენდობი და ვფიქრობ, იქ მისცემენ საჭირო განათლებას. თუ სკოლა დააკლებს რაღაცას, მერე შევეცდები, როგორც მშობელმა, ის ავუნაზღაურო. არ მგონია მართებული, რომ 5 წლის ბავშვი გადატვირთო სწავლით, მაგრამ ვცდილობ, სამოქალაქო კულტურის დეტალები ვასწავლო. ჩემს შვილს არასოდეს ქუჩაში ნაგავი არ დაუგდია. შუქნიშანზე გადასვლას ვასწავლი, ბავშვმა იცის, რომ საკანალიზაციო წყლის თუ კავშირგაბმულობის ჭას ფეხი არ უნდა დაადგას და ა. შ. ასეთი ნორმები ბავშვს ვფიქრობ, ერთი წლიდან უკვე უნდა ასწავლო მშობელმა“, – ამბობს გოგა ჩანადირი.